„ცრუ განათლება“ – როგორ გამოააშკარავა პანდემიამ ონლაინ განათლების პრობლემები
როდესაც 2020 წლის გაზაფხულზე სკოლებსა და უნივერსიტეტებს ვირტუალურ სწავლებაზე გადასვლა მოუწიათ, ბევრი ამბობდა, რომ მომავალი საბოლოოდ დადგა და ონლაინ სწავლება ნორმა ხდება. თუმცა, თვეების შემდეგ, სტუდენტები და მასწავლებლები სწავლების ტრადიციული მეთოდების დაბრუნების საჭიროების დასკვნამდე მივიდნენ. მათი თქმით, პანდემიის დროს ონლაინ სწავლებამ ყველა თავისი შეზღუდვა და სუსტი მხარე გამოავლინა.
„ინტერნეტსწავლება მეტ ინფორმაციას მოიცავს და უფრო სწრაფად მუშაობის საშუალებას იძლევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, კორონავირუსის გამო, ამ სფეროში განხორციელებული ცვლილებები დარჩება“, – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტები აპრილში ასეთ დასკვნას აკეთებდნენ.
,,თუ თქვენ გინდათ მომავალი, რომელშიც სტუდენტები უბრალოდ დაზეპირებულ ფაქტებსა და ინფორმაციას გადმოსცემენ, მაშინ ონლაინ სწავლება სავსებით მისაღებია. მაგრამ ეს არ არის ნამდვილი განათლება“, – განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა პროფესორმა (მას საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს) გლობალური ექსპერიმენტის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
„განათლების მიზანი კრიტიკული აზროვნების სწავლაში, ინფორმაციის გააზრებაში, დისკუსიის გამართვაში, ფაქტების ეჭვქვეშ დაყენებასა და საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს”, – ამბობს პროფესორი და დასძენს, რომ ამ მიზნის მისაღწევად ინტერნეტით სწავლება შესაბამისი გარემო ვერ იქნება.
ვირტუალური კემბრიჯი
ჯერ კიდევ მაისში, სახელგანთქმულმა კემბრიჯის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ მომავალ სასწავლო წელს ყველა ლექცია ვირტუალურად ჩატარდება. მალევე, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობამ ამ მაგალითს მიბაძა და ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. ამასთან, გამონაკლის შემთხვევებში, სამეცნიერო ხელმძღვანელთან ან მასწავლებელთან პირადი კონტაქტი ,,ერთი ერთზე“ დასაშვებია, თუმცა კომუნიკაციების უმრავლესობა ვირტუალურად განხორციელდება. ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა განაცხადა, რომ სტუდენტი თავის ხელმძღვანელთან პირისპირ შეხვედრას შეძლებს მხოლოდ კვირაში ერთხელ, და ისიც, არაუმეტეს ნახევარი საათისა.
სასწავლო წლის დაწყებამდე უნივერსიტეტები არსებული ონლაინ სერვისის გაუმჯობესებას შეეცადნენ, მაგრამ ახალი სისტემის მუშაობის თავისებურებები და სუსტი მხარეები გასაგები ჯერ კიდევ გაზაფხულზე გახდა.
„ჩვეულებრივ, ანატომიის მასწავლებელი ძვალს ხელში გვაჭერინებს და შემდეგ მისი ნაწილების დასახელებას გვთხოვს, ან როგორ შევამოწმოთ პულსი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ინტერნეტით ასეთი რამის ახსნა ბევრად რთულია“, – ყვება კემბრიჯის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ჯეინი.
მისი თქმით, თავიდან, ამბავმა, რომ მომავალი სასწავლო წლის კემბრიჯი თავის სტუდენტებს სრულად ონლაინ ასწავლის, მათი შეშფოთება გამოიწვია. ინდივიდუალური სწავლება (ხშირად მასწავლებელთან ერთი-ერთზე) არის ის, რაც კემბრიჯსა და ოქსფორდს სხვა ბრიტანული უნივერსიტეტებისგან განასხვავებს.
„თავდაპირველად, პრესაში გავრცელებული განცხადების თანახმად, ყველა ტიპის სწავლება, მათ შორის სემინარები პატარა ჯგუფებში, ინტერნეტით ჩატარდებოდა. მასობრივი ლექციების გაუქმებას სტუდენტები უფრო მარტივად შეხვდნენ. მე ბევრად უკეთესად ვსწავლობ, როდესაც ჩაწერილ ლექციას ონლაინ ვუსმენ, შენიშვნების გასაკეთებლად, ან უბრალოდ შესასვენებლად მე მისი გაჩერება შემიძლია. ჩაწერილი ლექციები გამოცდისთვის საჭირო მასალის გამეორებაში მეხმარება“, – ამბობს ჯეინი.
„ეს ხელოვნური გარემოა“
„როგორ უნდა შეაყვარო შენი საგანი აუდიტორიას, თუ ლექციას ვირტუალურად ატარებ? მასალის შავი ეკრანის წინ წაკითხვისას, ორატორული ხელოვნების გამოჩენის არანაირი სტიმული არ არსებობს. სემინარებში აქტიურ მონაწილეობას ის სტუდენტები იღებენ, ვისაც მეტი ცოდნა აქვს და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი არიან. დანარჩენები კი, ჩვეულებრივზე უფრო პასიურები არიან“, – ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი.
გარდა ამისა, ის დასძენს, რომ ონლაინ რეჟიმში თემის კონსტრუქტული განხილვა არ გამოდის – „სტუდენტებს შეკითხვის დასმა ჩატის საშუალებით შეუძლიათ, რა დროსაც მათ ყურადღების გაფანტვა ხდება.“
პროფესორი აღნიშნავს, რომ ხშირად, სუსტი ინტერნეტის გამო, ვიდეოს გათიშვა ხდება საჭირო. მის გარეშე სტუდენტებთან კონტაქტის დამყარება კი შეუძლებელია. მასწავლებელი ვერ ხვდება უსმენს თუ არა მას სტუდენტი.
„ადამიანები სოციალური არსებები არიან. ისინი მეტ ინფორმაციას ჩვეულებრივი ურთიერთობის დროს ითვისებენ. ეს არის ხელოვნური გარემო, ნებისმიერ არავირტუალურ კლასში განსაზღვრული სოციალური გარემო იქმნება, სადაც სტუდენტებს ერთმანეთთან ურთიერთობა და მეგობრობა სურთ. ინტერნეტით მსგავსი გარემოს შექმნა შეუძლებელია“, – აცხადებს პროფესორი.
ურთიერთობის დეფიციტი
როდესაც ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტები ონლაინ სწავლებაზე გადადიან, 300 ათასმა ბრიტანელმა სტუდენტმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც სასწავლებლების საფასურის შემცირებისკენ იყო მიმართული. ასევე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გაზეთმა 200 სხვადასხვა უნივერსიტეტის ლიდერი გამოიკითხა და ყველა მათგანი თვლიდა, რომ ონლაინ სწავლება ტრადიციულს ვერასოდეს შეცვლიდა.
ბევრი სტუდენტისთვის საუნივერსიტეტო განათლების ღირებულება არა მხოლოდ კვალიფიკაციის მიღებაში მდგომარეობს. ახლახან გამოკითხული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების 60% თვლის, რომ საუნივერსიტეტო ცხოვრება მათ სოციალურ ადაპტირებაში დაეხმარა, ისინი უფრო დამოუკიდებელნი და საკუთარ თავში დარწმუნებულნი გახდნენ. გარდა ამისა, მათ გუნდური მუშაობა და საკუთარი დროის სწორად გადანაწილება ისწავლეს.
თუმცა ონლაინ სწავლებას ობიექტური პლუსებიც აქვს. ერთ-ერთი აზრის თანახმად, კოვიდამდელი განათლების სისტემა მოძველებულია და პანდემიის შემდეგ ახალი მოდელის შემოღება გახდება საჭირო. კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, ელისონ გოპნიკის თქმით, სასწავლო მოდელი, სადაც მოსწავლეები მასწავლებლის წინ სხედან და მას უსმენენ, ინდუსტრიული განვითარების ეპოქიდან არის მიღებული. მსგავსი მეთოდით მიღებული უნარები შირეულ წარსულში იყო საჭირო. ამოცანებს, რომელთაც ეს შესაძლებლობები ჭირდებათ, უახლოეს მომავალში რობოტები შეასრულებენ.
ელისონ გოპნიკის განმარტებით, მომავალში მასწავლებლები მენტორისა და წინამძღოლის ფუნქციას შეითავსებენ. ისინი უბრალოდ აღარ გადასცემენ მოსწავლეებს ინფრმაციას. ამის ნაცვლად მასწავლებლები მოსწავლეების მიმართულებას მისცემენ.
„ის, რასაც ჩვენ პანდემიის დროს ვხედავთ, არ არის განათლების ახალი მოდელი. ეს უბრალოდ სათადარიგო ვარიანტია”, – აცხადებს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, რომლის აზრითაც ტრადიციული სწავლება ოქროს სტანდარტია. თუმცა ის დისტანციური სწავლების დადებით მხარეებზეც საუბრობს. პირველ რიგში ის აღნიშნავს, რომ ვირტუალური სწავლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეხმარება. გარდა ამისა, ცნობილი მოწვეული ლექტორები ან პოლიტიკოსები, რომლებიც დროის უქონლობის გამო, უარს აცხადებდნენ სტუდენტებთან შეხვედრაზე, ახლა მზად არიან ლექციები სახლიდან გაუსვლელად წაიკითხონ. ვირტუალური სწავლებისას სტუდენტებს პედაგოგებთან ურთიერთობა გაუადვილდათ. თუ ადრე არდადეგების დროს ლექტორის „შეწუხება“ უხერხული იყო, ახლა ეს ბევრად მისაღები გახდა.
გაკვეთილი მომავლისთვის
ივნისში ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯმა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, კარანტინის დროს 2 მილიონი ბრიტანელი მოსწავლე დისტანციური სწავლების პერიოდში თითქმის არაფერს აკეთებდა. კვლევის მიხედვით, მოსწავლეები დღეში საშუალოდ ორ საათნახევარს მეცადინეობდნენ. სწორედ ამ მონაცემების გამო, ქვეყნის მთავრობამ და ექსპერტებმა იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ დაწყებითი და საშუალო სკოლები პირველ რიგში უნდა გაიხსნას.
სასურველია, პანდემიის დროს შემოღებული ზოგიერთი ახალი წესის დაცვა მომავალშიც იყოს საჭირო. მაგალითად, ჩაწერილი ვიდეოგაკვეთილი, რომლის ნახვა მრავალჯერ არის შესაძლებელი, ჩამორჩენილი მოსწავლისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო იქნება. ბევრი სკოლა, პანდემიის შემდეგ, კარანტინის დროს გამოყენებული ონლაინ პლატფორმების შენარჩუნების ინიციატივით გამოდის. ექსპერტების აზრით, პანდემიის დროინდელი გამოცდილების გაანალიზება და მისი მომავალში გამოყენება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: BBC
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება