GE

ცვლილებები, პრობლემები, მოულოდნელობები, აღმოჩენები და ისევ რეფორმების მოლოდინი – 2018 წელი განათლებაში

2018 წელი განათლების სფეროსთვის ერთბაშად იყო დაძაბულიც, მღელვარეც, აქტიურიც, კურიოზულიც, სასიამოვნოც მოულოდნელობებით აღსავსეც და მოსალოდნელი ცვლილებების მომტანიც. იყო მაღალი თანამდებობის პირების ცვლილებები. მათ შორის განათლების მინისტრის, რაც, უნდა ითქვას, რომ ერთგვარ ტრადიციას ემსგავსება, რადგან რთულია უახლესი წარსულიდან გაიხსენო წელი, როდესაც განათლების მინისტრი არ შეცვლილა.

EDU.ARIS.GE შეეცადა 2018 წელი შეეჯამებინა და თქვენთვის განათლების სფეროში მომხდარი ყველა მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ამბავი მოეყოლა.

ტრადიციული და არატრადიციული ცვლილებები

განათლების მინისტრის ცვლილება, როგოც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოსთვის არახალია. ზოგჯერ პორტფელი იმდენად სწრაფად გადადის ხელიდან ხელში, რომ საზოგადოებას ჯერ ძველი მინისტრის სახელი და გვარიც კი არ აქვს დამახსოვრებული. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც გასული წელი იყო, როდესაც განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი მიხეილ ბატიაშვილმა ჩაანაცვლა. ჩხენკელს მინისტრად ყოფნა სულ რაღაც რვა თვე დასცალდა. თანაც, ის ზუსტად მაშინ გაათავისუფლეს, როდესაც საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობდა. რა ბედი ეწია მიხეილ ჩხენკელს? ის გუნდიდან არ გარიყულა და პრემიერი მინისტრის მრჩეველი გახდა განათლების საკითხებში.

ცვლილებები ახალი პრემიერის მამუკა ბახტაძის დამსახურება იყო, რომელმაც პოსტზე დანიშვნისთანავე მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განათლება დაასახელა და თქვა, რომ ეს არის სფერო, სადაც ფუნდამენტური რეფორმები განხორციელდება. იგივე გაიმეორა ახლად დანიშნულმა ბატიაშვილმაც.

არადა, ამ განცხადებამდე სულ რაღაც ორიოდე თვით ადრე,  უკვე ყოფილ მინისტრ მიხეილ ჩხენკელს ჰქონდა განათლების სფეროს გადატრიალების თავისეული სტრატეგიის გრანდიოზული პრეზენტაცია ისევე, როგორც მანამდე, სულ ცოტა ხნით ადრე იგივე მისმა წინამორბედმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და თამარ სანიკიძემ გააკეთეს. რა თქმა უნდა, აღნიშნული სამი დოკუმენტი პრეზენტაციების შემდეგ აღარავის გახსენებია, ვინაიდან მინისტრების ცვლილებებთან ერთად იცვლება სამოქმედო გეგმა-დოკუმენტებიც, რომლებიც განათლების სფეროში ჩართულ ადამიანებს ახალ-ახალ ცვლილებებს ჰპირდება. ახალ მინისტრს კი ახალი იდეები მოჰყვება და წინამორბედის საქმეს არავინ აგრძელებს.

გამოდის, რომ წლიდან–წლამდე, მინისტრიდან–მინისტრამდე, პედაგოგები და მოსწავლეები დაანონსებული ცვლილებების რეჟიმში ცხოვრობენ, ვიდრე ერთი მინისტრის წამოწყების გაანალიზებას იწყებენ, უკვე ახალი მინისტრის დაგეგმილი ინოვაციის გაცნობა უწევთ.

ამჯერად ცვლილებები მხოლოდ მინისტრების ჩანაცვლებით არ დასრულებულა. მთავრობაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, სამინისტროები ერთმანეთს შეერწყა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეუერთდა. შედეგად, სამინისტროს სახელწოდება ახლა უკვე ასე ჟღერს – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ცვლილებები არც ამით დასრულებულა. ახალმა მინისტრმა ახალი მოადგილეები მოიყოლა. შერწყმულ სამინისტროებში კი რეორგანიზაცია გამოცხადდა. გიგანტად ქცეული სამინისტროს მინისტრის მოადგილეობას დასჯერდა კულტურისა და სპორტის უკვე ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე. რაც შეეხება მოადგილეებს, აქ ცვლილება ორჯერ განხორციელდა და მოადგილის პორტფელი, სხვებთან ერთად ლია გიგაურსაც ჩამოერთვა, რომელიც პოსტს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა. გიგაურის ბედი გაიზიარა კიდევ ერთმა მოადგილემ – თემურ მურღულიამ.

ყველასთვის მოულოდნელად, ცვლილებას ვერ გადაურჩნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე და  გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილიც, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2008 წლიდან იკავებდა და რომელიც თითოეული აბიტურიენტისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების სახე და სიმბოლო იყო.

მოუგვარებელი პრობლემები

2018 წელი ისე გავიდა, რომ განათლების სფეროში უამრავი მოუგვარებელი პრობლემა დარჩა. პრობლემა, რა თქმა უნდა, ბევრად მეტია, ვიდრე ამას ჩვენი სტატია დაიტევს, თუმცა არსებობს განსაკუთრებით მტკივნეულები, რომელთა შესახებაც მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენც და ძლიერნი ამა ქვეყნისანიც, თუმცა გამოსავალი ჯერ ისევ არ ჩანს.

პრობლემებზე  საუბრისას, პირველ რიგში, ყბადაღებული სახელმძღვანელოები უნდა ვახსენოთ, რომლებზეც მუშაობა მუდმივად მიდის, მაგრამ მუდმივად კრიტიკისა და დაწუნების საგანია. გასულ წელს სახელმძღვანელოები შეიქმნა, პედაგოგებსაც გააცნეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ მოწონება არ დაუმსახურებიათ. სასკოლო წიგნებს თავად სამინისტროშიც აკრიტიკებენ. საყოველთაო განსჯა-ხალისის მიზეზი გახდა ამა თუ იმ კლასის წიგნებიდან ამოღებული ციტატები, ლექსები თუ ამოცანები.

ამას დაემატა სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებული სკანდალიც, საუბარია განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის მხრიდან ერთ–ერთი სახელმძღვანელოს სავარაუდო ლობირებაზე. პრობლემა მრავალმხრივია, სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ყველაფერს აკეთებენ, თუმცა გვირაბის ბოლოს სინათლე ჯერ კიდევ არ ჩანს.

კიდევ ერთ გადაუჭრელ საკითხად უნდა დასახელდეს განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების პრობლემაც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2016–2017 სასწავლო წელს საშუალო განათლების გარეშე 11 500-ზე მეტი არასრულწლოვანი დარჩა, საიდანაც 5 000-ზე მეტს არ მიუღია საბაზისო განათლება, რომლის მიღებაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა. არასამთავრობო ორგანიზაციები კი EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნავენ, რომ საქსტატის მიერ წარმოდგენილი მონაცემები არაზუსტია და რეალურად იმ ბავშვების მაჩვენებლი, რომლებმაც სკოლა მიატოვეს და განათლების გარეშე დარჩნენ, გაცილებით მაღალია. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეების რაოდენობა მაღალმთიან რეგიონებში წლიდან-წლამდე მცირდება.

პრობლემებზე საუბარს, რა თქმა უნდა, ისე ვერ დავასრულებთ, რომ არ ვახსენოთ „გაჭედილი სქემა“ და მასწავლებლის პროფესიის ანომალიური მხარეები. კერძოდ ის, რომ დიდიან-პატარიანად, ერიან-ბერიანად ვთანხმდებით, რომ სკოლებში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა, რომ პროფესია გადაბერებულია და რომ ახალ სისხლს საჭიროებს, თუმცა ამის მიუხედავად, სკოლებში შესვლა უდიდეს გამოწვევად რჩება ახალგაზრდა, განათლებული, კვალიფიკაციადადასტურებული პედაგოგებისათვის. აღნიშნულის მიზეზი არაერთია – დასაქმებული პედაგოგების გათავისუფლების სირთულე, სკოლების მიერ წამოყენებული მოთხოვნები, რომლებიც გამოცდილების ქონას უკავშირდება და ა.შ.

ისინი, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება ევალებათ, აცხადებენ, რომ თავდაუზოგავად მუშაობენ. მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზების საკანონმდებლო დონეზე გადახედვაც კი  დაიწყო, თუმცა რეალური სურათი არ შეცვლილა და ალბათ არც უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.

პროფესიული განათლება

პროფესიული განათლება წელსაც მიმდინარე და მოსალოდნელი ცვლილებების ეტაპზე დგას. პროფესიული განათლების შესახებ არსებული კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა და ამოქმედდა ახალი კანონი, თუმცა არასრულად. მთავრობამ ის უმნიშვნელოვანესი 5 დონის ჩამონათვალში შეიტანა: “ჩვენ გამოვყავით 5 დონე: სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება”, – ამბობს მთავრობის მეთაური. რა იქნება 2019 წელს, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ერთი, რაც შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, 2018 წელს ჩვენ გავიგეთ, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული დასაქმების პროგრამები პროფესიული განათლების მქონეთათვის არსებობს, მაგრამ ერთია, კურსდამთავრებული იყოს დასაქმებული, მთავარი კი სად და რამდენად კარგად დასაქმდა ის, დღეს ეს ორი რამ თანხვედრაში არ მოდის.

სწავლის ხანგრძლივობის ცვლილება

2018 წელმა სიახლეების მოლოდინიც დაგვიტოვა. 2019 წელს, სავარაუდოდ ცვლილებებთან შეგუება ისევ მოგვიწევს. ერთ-ერთი დაანონსებული სიახლე სასკოლო თუ უმაღლესი განათლების ხანგრძლივობის ცვლილებას ეხება. კერძოდ, გაიჟღერა მეთორმეტე კლასის შემცირებისა და ეროვნული გამოცდების გაზაფხულზე გადმოტანის ინიციატივამ, რაც ზაფხულის სიცხეებით შეწუხებული აბიტურიენტებისა და მათი მშობლების წუწუნით შეწუხებულმა მინისტრმა გააჟღერა. ამან აბიტურიენტების აღშფოთება  გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გამოცდებისათვის მოსამზადებლად ნაკლები დრო დარჩებოდათ. ინიციატივა, ჯერ-ჯერობით აღარ განხილულა.

საუბარი უფრო დაბალი კლასების საგაკვეთილო საათების  შემცირებასაც შეეხო. თუმცა, საბოლოო ჯამში, საბაზო საფეხურის (7,8,9 კლასები) მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო საათები ნაცვლად დაანონსებული შემცირებისა –გაიზარდა და ჯამში, თითოეულ სემესტრში 33 საათი გახდა.

სწავლის ხანგრძლივობის შემცირება უმაღლეს სასწავლებლებშიც იგეგმება. დაგეგმილია ცვლილება განათლების შესახებ კანონში, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ცვლილების მიხედვით, ბაკალავრიატის რამდენიმე მიმართულებაზე სასწავლო პროცესი  4 წლიდან 3 წლამდე მცირდება (240-კრედიტიდან 180-მდე), ხოლო მაგისტრატურაში 2-წლიდან 1,5 და ზოგ შემთხვევაში ერთ წლამდე. აღნიშნული სამინისტროში ევროპულ მოდელთან მიახლოვებითა და გარკვეულ სპეციალობებზე გაბერილი სილაბუსით ახსნეს. მსგავსი მეთოდი უკვე აპრობირებულია უცხოეთში. არსებობს უმაღლესი სასწავლებლები, სადაც ბაკალავრიატი სამწლიანია და მაგისტრატურა – ერთწლიანი.

ჯერჯერობით, უცნობია როდის შევა ძალაში ცვლილებები, თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ 2019 წელს უკვე ახალ რეალობასთან შეგუება მოგვიწევს.

გამოცდები 2018

წლის ყველაზე ცხელი მოვლენა, რა თქმა უნდა 2018-შიც ეროვნული გამოცდები იყო. აღსავსე მღელვარებით, ნერვიულობით, სიხარულით, კურიოზებითა და მოლოდინით. სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე წელს 47 ათასი მოსწავლე თუ კურსდამთავრებული გავიდა. მათგან 11 ათასმა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. ეროვნული გამოცდებისთვის კი 40 500-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. რაოდენობა, რა თქმა უნდა, საატესტატო გამოცდებმა მკვეთრად შეამცირა.

გამოცდების მთავარ გამოწვევად სიცხე იქნა მიჩნეული. დაწყებამდე ორიოდ დღით ადრე კითხვა, თუ რას აკეთებს მთავრობა ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად, პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა დაუსვეს და შეახსენეს, რომ ბავშვებს გამოცდის დაწერა ხშირად არაადამიანურ სიცხეში უწევთ, განსაკუთრებით შუადღის სესიებზე. კითხვამ შედეგი გამოიღო – შუადღის სესიები მოხსნეს, ხოლო საგამოცდო ცენტრებში კონდინციონერების დამონტაჟება სასწრაფო წესით დაიწყეს.

მთავრობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ  რეაგირება მოყვა აბიტურიენტის ბებიის თხოვნასაც – საგამოცდო ცენტრებთან სკამების დადგმის თაობაზე. მოგეხსენებათ, თითოეულ ცენტრთან გამოცდების მსვლელობისას გულშემატკივრების საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია მორიგეობს. ზოგჯერ მათი რიცხვი აბიტურიენტების რიცხვსაც კი აჭარბებს. სკამების არარსებობის თაობაზე ქალბატონმა EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტთან ვიდეოგადაღებისას დაიჩივლა. სოციალურ ქსელებში ქალბატონის თხოვნამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მის ჩივილს საზოგადოების გარკვეული ნაწილი უარყოფითად შეხვდა. წერდნენ, რომ აბიტურიენტები საკმარისად დიდები არიან იმისათვის, რომ საგულშემატკივროდ დედა, ბებია, ან ბიცოლა წაიყვანონ. თუმცა, თბილისის მერიამ ბებიის თხოვნა უყურადღებოდ არ დატოვა და მეორე დილას, საგამოცდო ცენტრების ნაწილთან,  მშობლებს სკამები დახვდათ განლაგებული.

საბოლოო ჯამში, შეიძლება თქვას, რომ ეროვნულმა გამოცდებმა უმტკივნეულოდ ჩაიარა. შედეგები 2200-ზე მეტმა აპლიკანტმა გაასაჩივრა. სტუდენტი კი 27 906 აბიტურიენტი გახდა.

საამაყო პედაგოგები

წინასაახალწლოდ, ალბათ, ლოგიკურია, რომ ამდენი პრობლემატური საკითხიდან უფრო სასიამოვნოზე გადავინაცვლოთ და იმ ადამიანებზე მოვყვეთ, რომლებიც თავიანთი არსებობით განათლების სფეროს გასაკეთილშობილებლად საკმარისზე მეტს აკეთებენ -პედაგოგებზე, რომლებიც სამუშაოს გულით ასრულებენ და ეს უფასდებათ კიდეც.

პირველ რიგში უნდა ვახსენოთ მანანა კაპეტივაძე, რომელიც 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.  ქალბატონი მანანა  ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელია. იგი TEA-ს პროგრამის გამარჯვებულიცაა, ამასთან, 2003 წელს სასკოლო მიღწევებისათვის მიღებული აქვს ღირსების ორდენი.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. გასულ წელს ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა გახდა, რომელიც სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. სწორედ ლადო აფხაზავას მეორე დიდ გამარჯვებას უკავშირდება 2018 წლის ერთ–ერთი მთავარი პოზიტივი განათლების მიმართულებით. ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალში მოხვდა. ის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლობის პრეტენდენტია, „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ (The Global Teacher Prize) კონკურსის ფარგლებში 50 ქვეყნის მასწავლებლებიდან ერთ–ერთი გახლავთ. ყოველწლიურად Varkey Foundation-ის მიერ მილიონი აშშ დოლარი გადაეცემა მასწავლებელს, რომელმაც ამ პროფესიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

ასეთი მისაბაძი მაგალითების ფონზე, პედაგოგებს, რომელთაც მოტივაციის ამაღლება ნამდვილად არ აწყენდათ, მთავრობამ საინტერესო დაპირება მისცა. პრემიერი ამბობს, რომ “რეფორმით გათვალისწინებულია, რომ 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასმა 1500 ლარს უნდა მიაღწიოს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარი და მეტი უნდა გახდეს”. დანაპირები ნამდვილად სასიამოვნო მოსასმენი და წასაკითხია, თუმცა მიუხედავად ჩვენი გულმოდგინე და არაერთი მცდელობისა, ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე: საიდან, რა პრინციპითა ან რის საფუძველზე მოხდება პედაგოგთა ხელფასის 1500 ლარამდე აწევა. არც ის გვითხრეს, ეს თანხები საბაზო ხელფასი უნდა იყოს თუ სხვა მოდელზეა საუბარი, რადგან სულ რომ გაანახევროს სახელმწიფომ მასწავლებელთა რაოდენობა ქვეყანაში, მაინც, არითმეტიკას არ ექვემდებარება. მაგრამ დაგვეთანხმეთ, მოსასმენად ნამდვილად კარგად ჟღერს – მასწავლებლის ხელფასი 1500–2000 ლარი იქნება.

თსუ 100 წელი

კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი პირველი ქართული უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეა, რომელიც საკმაოდ პომპეზურად აღინიშნა. მოვლენა, უდავოდ ღირშესანიშნავია და შესაბამისად, ალბათ უნდა ითქვას, რომ უნივერსიტეტმა პომპეზურობა დაიმსახურა კიდეც. საზეიმო ღონისძიებები თსუ-ში 7-9 თებერვალს გაიმართა.

8 თებერვალს უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაესწრნენ. იქვე იყვნენ ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც.  თუმცა, ღონისძიებაზე არ დაუშვეს სტუდენტები, რამაც მათი აღშფოთება გამოიწვია. „აუდიტორია 115“-ის წევრებმა მისი ჩაშლაც კი სცადეს. მათ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შესასვლელი კარები გადაკეტეს და სკანდირებდნენ „სირცხვილია, სირცხვილია!“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად სულ 1,7 მილიონი ლარი გამოიყო. აქედან 1,5 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 200 000 ლარი სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყო. თუმცა ეს თანხა, ბუნებრივია მხოლოს 2 დღიანი ზეიმისათვის არ დახარჯულა.  იგი 2017-2018 წლის განმავლობაში დაგეგმილი საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზებისთვის არის გამოყოფილი. მათ შორის ისეთი, როგორიცაა ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის გახსნის ცერემონია, სტუდენტური საახალწლო ღონისძიება, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციების მასპინძლობა, სამეცნიერო სიმპოზიუმი, საპატიო დოქტორების წოდების მინიჭების ცერემონია, საზეიმო მიღებები, თბილისის ცენტრალურ გამზირებზე, პარლამენტის შენობასა და აეროპორტში საზეიმო დროშებისა და სიმბოლიკის გამოფენა, საიუბილეო გალა-კონცერტი, სამეცნიერო კონფერენციები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა საიუბილეო გამოსაშვები ღონისძიებები, სტუდენტური პროექტები და ა.შ.“

EDU.ARIS.GE 2019 წელსაც აქტიურად გააშუქებს განათლების სფეროში მომხდარ თითოეულ სიხლეს, მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, უპასუხებს თქვენს კითხვებს და დაგეხმარებათ გაუგებრობის აღმოფხვრაში. მოდუნების საშუალებას არ მისცემს განათლების სამინისტროსა თუ სხვა უწყებებს, ვისაც განათლების ხარისხზე პასუხისმგებლობა აკისრია. ახალ წელს კი საფიქრალად ერთ კითხვას დაგიტოვებთ – გვეყოლება 2019 წელსაც განათლების ახალი მინისტრი?

რა მოლოდინები და სურვილები აქვთ განათლების სფეროში 2019 წლისთვის სპეციალისტებს – „ძირეული რეფორმები განათლებაში!“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური