GE

რა მოლოდინები და სურვილები აქვთ განათლების სფეროში 2019 წლისთვის სპეციალისტებს – „ძირეული რეფორმები განათლებაში!“

საქართველოს მთავრობას მომავალ წელს განათლების რეფორმა აქვს დაანონსებული. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ 2019 წელს იწყება რეფორმა, რომლის მიხედვითაც, განათლების სექტორი გახდება დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში – ანუ ექნება მინიმუმ 10-11%-იანი წილი მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ). ეს ნიშნავს იმას, რომ სამჯერ გაიზრდება ინვესტიციები განათლებაში.

დაანონსებული რეფორმის პრეზენტაციას იანვრის დასაწყისში გვპირდებიან, მანამდე EDU.ARIS.GE-მ განათლების სფეროს წარმომადგენლები გამოჰკითხა, თუ რა მოლოდინები აქვთ მომავალ წელს განათლების სფეროში და რას ისურვებდნენ, რომ გაუმჯობესებულიყო, პირველ რიგში.

მანანა კაპეტივაძე. 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული. ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი.

„პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას ვესწრებოდი. გახარებული ვარ, რადგან თქვა, რომ მეტი ინვესტიცია ჩაიდება განათლებაში. ეს ნამდვილად კარგის მომასწავებელია. იმედი გაგვიჩნდა, რომ უკეთესი რეფორმები გატარდება. უკეთესი პირობები ექნებათ მასწავლებლებს, რომ ბავშვები კარგად მოამზადონ. ველოდები იმას, რომ იქნება უფრო პოზიტიური სიახლეები მასწავლებლის წინსვლასთან დაკავშირებით. ინვესტიცია რომ ჩაიდება განათლებაში, უკეთესი სკოლებიც გვექნება და რესურსებიც მეტი იქნება.

მომავალ წელს მე რაც ყველაზე მეტად მინდა, ასე უცებ არ მოხდება. მინდა, რომ სკოლაში არ იყოს ბულინგი! არ იყოს დამამცირებელი გარემო, რომელსაც მოსწავლეები აწყდებიან თანაკლასელების, მასწავლებლების მხრიდან! ჩემთვის ეს არის ყველაზე შემაწუხებელი. იმედი მაქვს, გატარდება ღონისძიებები, ჩატარდება ტრენინგები მასწავლებლებისთვის, რომ ბულინგი ცოტა მაინც შემცირდეს სკოლებში. სულ ვერ გავაქრობთ, მაგრამ რაღაცნაირად იქნებ შევამციროთ!

კიდევ იმის იმედი მაქვს, რომ უფრო მეტად ითანამშრომლებენ მშობლები, სკოლა და მოსწავლეები ერთმანეთთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მინდა, რომ მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში!

იმედი მაქვს, მშობლები აღარ წავლენ საზღვარგარეთ, იქნებიან შვილებთან ერთად და მასწავლებლებთან ერთად იზრუნებენ მათი უკეთესი მომავლისთვის“.

ლადო აფხაზავა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული. მასწავლებლის გლობალური ჯილდოს GlobalTeacherPrize 2018-ის ერთ–ერთი ფინალისტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

„მე ვფიქრობ, ძირეული რეფორმები გატარდება განათლების სფეროში 2019 წელს. საგრძნობლად იმატებს დაფინანსება. როდესაც დაფინანსება იმატებს, ეს ნიშნავს იმას, რომ პრიორიტეტი ხდება განათლება. განვითარებულმა ქვეყნებმა მაშინ მოახერხეს წინსვლა, როდესაც განათლებაში ჩადეს თანხები. ეს სწორი პოლიტიკაა, როდესაც ხელისუფლება მეტ ფულს დებს განათლებაში. მოლოდინები მაქვს, მაგრამ ძალიან დიდი – არა!

განათლების სფეროში, ვფიქრობ, დეცენტრალიზაციის ხარისხი უნდა ამაღლდეს. თავისუფლება უნდა ჰქონდეს სკოლის დირექტორებს. ადგილზე უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს. მე როგორც ვიცი, ძალიან დიდი დარბაზი აქვს დათმობილი განათლების სამინისტროში ცხელ ხაზს. ამ ცხელ ხაზზე რეკავენ, საქართველოს მასშტაბით, დირექტორები. ისინი იმიტომ არიან თბილისში, ლანჩხუთში, ჯავახეთში, რომ ადგილზე თავად მიიღონ გადაწყვეტილება. ყველა დირექტორმა სხვადასხვა პატარა პრობლემის გულისთვის თუ თბილისში დარეკა ცხელ ხაზზე და გადაწყვეტილება მარტო ვერ მიიღო, მაშინ სხვა ცვლილებებსაც ვერ გაატარებენ.

დეცენტრალიზაცია არის რაღაც დოზით საქართველოში, დამოუკიდებლობა გვაქვს სკოლებში, მაგრამ დეცენტრალიზაციის ხარისხი უფრო მეტად უნდა გავზარდოთ.

მე ყოველთვის ვამბობ, რომ განათლების სამინისტრო ვერასოდეს დადებს რაღაც ფორმულას, რომელიც ყველა სკოლას და რეგიონს წაადგება. ყველა მუნიციპალიტეტში არსებულმა სკოლამ თავად უნდა შექმნას სისტემა, რომელიც მის სკოლაში აწევს კომუნიკაციის, სასწავლო პროცესის ხარისხს და ა.შ.

სამინისტრომ შეიძლება სკოლა გაგვირემონტოს, სასკოლო გარემო გაგვიუმჯობესოს, რესურსები შემოგვიტანოს, მაგრამ როგორც ასეთი, რაღაც ფორმულა დადოს, რომელიც მთელ ქვეყანაში ყველა რეგიონის სკოლას მოერგება, ამას ვერ გააკეთებს და არც გამოუვა.

როცა დეცენტრალიზაციის ხარისხი იქნება მაღალი ქართულ სკოლებში, უფრო უშიშრად დაიწყებს ყველა სკოლა კარგი სისტემების მოფიქრებას და იქნება მრავალფეროვანი სასკოლო გარემო!

მოლოდინები იზრდება და ამ მოლოდინებს გამართლება უნდა. იმედის ნათურები აინთო ჩემში და ვნახოთ, ეს ნათურები უფრო განათდება თუ არა“.

სიმონ ჯანაშია. განათლების სფეროს მკვლევარი.

„მე ველი, რომ შემცირდეს განვითარების ბარიერები სკოლებისთვის, უნივერსიტეტებისთვის, პროფესიული განათლებისთვის. ეს ბარიერები არის ერთის მხრივ ბიუროკრატიული, ძალიან ბევრი შეზღუდვა აქვს სკოლებს თავიანთი ქონების განკარგვის, ფინანსების მოზიდვის, სასწავლო პროგრამების შემუშავების, მასწავლებლის განვითარების თვალსაზრისით და ამ მხრივ თუ შეიცვლება რეგულაციები, მაშინ ეს ბარიერები შემცირდება იმ სკოლებისთვის, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და მეორეს მხრივ, ველი იმას, რომ მეტი წახალისება მოხდება დირექტორების, რომ რაც შეიძლება მეტი ინიციატივა გამოიჩინონ და იზრუნონ მრავალფეროვნების გაზრდაზე განათლების სფეროში, შეცვალონ თავიანთი სწავლების მეთოდები და ა.შ

წახალისების გაზრდა და ბარიერების შემცირება არის წინაპირობა, ცხადია, იმისთვის, რომ რაღაც შეიცვალოს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალი კადრების შემოსვლა სისტემაში, უნივერსიტეტებში, რომლებსაც აქვთ ახალი ტიპის განათლება მიღებული. ასევე მნიშვნელოვანი იქნება მასწავლებლის მომზადების პროგრამების გაუმჯობესება, დისტანციური სწავლებების, როგორც ერთ-ერთი ალტერნატივის, შემოტანა როგორც სკოლებში, ისე უმაღლესებში და მისი აღიარება სახელმწიფოს მხრიდან.

განათლების სამინისტროში ამ ხედვას იზიარებენ, მაგრამ მათ ამისთვის სჭირდებათ, ერთის მხრივ, საზოგადოების მხარდაჭერა, ან მოთხოვნა, რომ ბარიერები შემცირდეს. მეორეს მხრივ, სჭირდებათ მთავრობის მტკიცე მხარდაჭერაც, მაგრამ ეს რამდენად აქვთ, არ ვიცი.

განათლების რეფორმის შემუშავებისთვის გამართულ რამდენიმე შეხვედრაზე ვიყავი და ეს შეხვედრები ჯერჯერობით დამაიმედებელია. ამ შეხვედრებზე გამოჩნდა, რომ არის ინტერესი, მასწავლებლის განვითარების სქემა უფრო მოქნილი იყოს, ნაკლებად ბიუროკრატიული. ეს დამაიმედებელია, მაგრამ რამდენად იქნება შესაძლებლობა, ეს ყველაფერი გაკეთდეს,  ეს უკავშირდება არამხოლოდ მთავრობის გამბედაობას, არამედ ფინანსურ რესურსს, რომელიც საჭიროა ამ ნაბიჯების გადასადგმელად. რამდენად შეძლებს სახელმწიფო ამ ფინანსური რესურსების მობილიზებას, ეგ არ ვიცი.

ყველაზე დიდი პრობლემა განათლების სფეროში, ჩემი აზრით, არის ის, რომ ვისაც აქვს მოტივაცია სკოლაში რაღაც გააუმჯობესოს, მათ ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ სხვადასხვა შეზღუდვის გამო! მაგალითად, სკოლას თუ უნდა რომ მოიწვიოს უკეთესი მასწავლებელი, მნიშვნელოვანი ბარიერებია. თუ უნდა რომ საჯარო ლექციების ციკლი ჩაატაროს, განათლების სამინისტროს უნდა ჰკითხოს აუცილებლად. ეს პროცედურულ პრობლემებს წარმოქმნის. თუ მასწავლებელს უნდა რომ ახალი ტიპის კურსი შეიმუშავოს, პროგრამა ან სხვა მასალა გამოიყენოს და არა მხოლოდ სახელმძღვანელო, არამედ სხვა წიგნით ასწავლოს, აქაც ბარიერებია.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვერ ვიყენებთ იმ პოტენციალსაც კი, რომელიც არსებობს. მეორე პრობლემა ისაა, რომ ამ სისტემის გამაჯანსაღებლები უარს ამბობენ სისტემაში შემოსვლაზე სწორედ ამ ბარიერების გამო“.

გიორგი გახელაძე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. განათლების სპეციალისტი

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ განათლების სფეროში დეცენტრალიზაციის პოლიტიკა რეალურად დაიწყოს და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას როგორც ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში, ისე უმაღლესებში. რაც შეეხება მოლოდინს, სურვილთან შედარებით უფრო დაბალი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ გაცხადებულია ეს პოლიტიკა.

ჯერჯერობით არ ჩანს მტკიცე ნება დეცენტრალიზაციის პოლიტიკის, მეორე ის, რომ სამწუხაროდ ხელისუფლების დღის წესრიგში განათლების საკითხი პრიორიტეტებში არ ჩანს. გაცხადებულია, რომ განათლება არის პრიორიტეტი, განათლების ბიუჯეტი მომატებულია, მაგრამ ეს არ არის საგრძნობი მატება. სხვა ნაბიჯებიც არ ჩანს, რომელიც განათლების პრიორიტეტულობას გვაჩვენებდა. დეცენტრალიზაცია უნდა განხორციელდეს, ეს არის არსებითი და საკვანძო საკითხი, ეს ძალიან სჭირდება ჩვენი განათლების სისტემას.

მასწავლებლებთან მიმართებაში მოლოდინი მაქვს იმისა, რომ სამინისტრო შეეცდება კვლავაც გააგრძელოს დაყვავების პოლიტიკა ნებისმიერ მასწავლებელთან. სასურველი იქნებოდა გადაუდებლად მასწავლებლების პროფესიის რეგულირების ახალი წესი, სადაც მკაფიოდ და წითელი ხაზი გაივლებოდა მასწავლებლობის უფლების მოპოვება შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ის ადამიანები, რომლებიც სტანდარტის ვერ აკმაყოფილებენ, მათ ჯობს, რომ დავემშვიდობოთ!

„პიზის“ და „თალისის“ (საერთაშორისო კვლევები) კვლევებში პირდაპირ წერია, გენერალურ დასკვნაში, რომელიც ჩვენც გვეხება, რომ სკოლაში სწავლის ხარისხს კარგი მასწავლებლები იმდენად ვერ ამაღლებენ, რამდენადაც სწავლის ხარისხს აფუჭებენ ცუდი მასწავლებლები!

არაპოპულარულ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ცუდ მასწავლებლებს, დამზიანებლებს, უნდა დავემშვიდობოთ! ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი და ჩვენ, სამწუხაროდ, ასეთი ბევრი გვყავს. რაც მთავარია, ეს რომ განხორციელდეს, სასწრაფოდ რადიკალურად შესაცვლელია ეროვნული სასწავლო გეგმა. ისევე როგორც ამ გეგმის მთლიანად ტიპი. ამის გარეშე ვერანაირ ავტონომიას ვერ გააძლიერებ სკოლებში.

და კიდევ, საათობრივი ბადის შემცირება, რომელიც არ არის მარტო საქართველოს პრობლემა. ფორმალურ სწავლაში დახარჯული დროის ეფექტურობა აღარ პასუხობს 21-ე საუკუნის კომპეტენციების საჭიროებებს ახალგაზრდებში. ამიტომ განათლებაში ფუჭად დახარჯული დროის პრობლემა უდგას როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებს და ამაზე ჩვენც უნდა ვიფიქროთ!“

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური