GE

„დაბალი ქულებით რომელ უნივერსიტეტში მოვხვდები?“ – ანუ როგორ არ დავრჩეთ ყველა საგანში გადალახული ბარიერით სტუდენტობის მიღმა

2022 წლის ერთიან ეროვნული გამოცდების შეფასებები ყველა საგამოცდო საგანში უკვე ცნობილია და ახლა შედეგების აპელაციის პროცესი მიმდინარეობს. მათ, ვინც გამოცდებზე მხოლოდ ზღვარის გადალახვა შეძლო რთული გამოწვევა აქვთ – არ დარჩნენ უნივერსიტეტის გარეთ, რისი შანსიც არსებობს.

ყოველწლიურად, ასეულობით ზღვარგადალახული აბიტურიენტი რჩება სტუდენტობის მიღმა, ანუ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგანში, თუმცა უმაღლესში ვერ ჩაირიცხნენ. ამის მიზეზი კი არის აპლიკანტების მიერ არასწორად შედგენილი პრიორიტეტული პროგრამებისა და უმაღლესების ჩამონათვალი – მან ან არ აირჩია პროგრამები, ან მხოლოდ რამდენიმე პროგრამა აირჩია, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო და დარჩა უნივერსიტეტის მიღმა. ჩვენ დავინტერესდით, შეუძლია თუ არა აბიტურიენტს თავად აირიდოს ეს საფრთხე, როდის და როგორ.

აქვე გეტყვით, რომ მეორადი ჩარიცხვები რამდენიმე წელია აღარ არსებობს, რადგან, თუ გასულ წლებში აბიტურიენტებს პროგრამების არჩევის შესაძლებლობა ლიმიტირებული ჰქონდათ, ამჟამად განუსაზღვრელი რაოდენობით შეუძლიათ მათი არჩევა და შესაბამისად, როგორც გამოცდების ცენტრი განმარტავს, მეორადმა ჩარიცხვებმა აზრი დაკარგა.

აბიტურიენტების ჯგუფებსა და კერძო საუბრებშიც სულ უფრო აქტიურად ისმის კითხვა: „დაბალი ქულებით, რომელ უნივერსიტეტში შევძლებ მოხვედრას?!“.

EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტი ნატო ფერიაშვილი ერთდროულად პედაგოგი და 2022 წლის აბიტურიენტის მშობელია. როგორც გავარკვიეთ, ის აქტიურად არის ჩართული მოსწავლეების საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევაში, რადგან არაერთმა მოსწავლის მშობელმა სთხოვა დახმარება. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებით ღელავენ ის აბიტურიენტები, რომლებსაც დაბალი შეფასებები აქვთ და თავადაც კარგად იციან, რომ შესაძლოა, უნივერსიტეტის მიღმა დარჩნენ.

– ნატო, რატომ რჩება ზღვარგადახული აბიტირიენტების ნაწილი უნივერსიტეტს მიღმა, თქვენი დაკვირვება როგორია?

– რადგან ამ კუთხითაც გამოცდილება დამიგროვდა გეტყვით, რომ პირადად ჩემი გამოცდილებით, შედეგების გამოცხადებამდე, აბიტურიენტები, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ ვერ აიღებდნენ თუნდაც საშუალო შეფასებას და თავდაპირველად მაინც ირჩევდნენ მათთვის სასურველ უნივერსიტეტებს, დღეს კი, როცა ზუსტად იციან, რომ ამ შედეგით ვერ მოხვდებიან იქ, სადაც გეგმავდნენ, უწევთ მკვეთრი ცვლილებების განხორციელება და ეს ლოგიკურია, რადგან თუ არ შეცვლიან რეიტინგულ პრიორიტეტებს დარჩებიან სტუდენტობის მიღმა, მიზეზიც სწორედ ამაშია, მათ არალოგიკურად აქვთ შერჩეული უნივერსიტეტებიც და ფაკულტეტებიც.

– აბიტურიენტები ხშირად სვამენ ამ შეკითხვას – რომელ უნივერსიტეტებში მოხვდებიან დაბალი ქულებით და თქვენც აღნიშნეთ, რომ თუ არ სურთ დარჩნენ გარეთ, ცვლილებები უნდა განახორციელონ, როგორ ცვლილებებზეა საუბარი და რის გათვალისწინებით, როგორ იმოქმედონ, რომ უნივერსიტეტის მიღმა არ აღმოჩნდნენ?

– ზღვარგადალახული აბიტურიენტები, რომლებსაც სურთ არ დარჩნენ უნივერსიტეტს გარეთ, პირველ რიგში, ცვლიან უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ შლიან, როცა ხვდებიან, რომ სულ მცირედი შანსიც არ აქვთ იქ მოხვედრის, რა თქმა უნდა, საკუთარი შედეგების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულ კითხვაზე კი თავად უნდა ჰქონდეთ პასუხი. პირველ რიგში, უნდა შეამოწმონ წინა წლის საგამოცდო შედეგების არქივი, (NAEC.GE-ზე) მოძებნონ არჩეული უნივერსიტეტები და ფაკულტეტები, რომ გაიგონ დაახლოებით რა საკონკურსო ქულაა საჭირო იქ მოსახვედრად, ამის შემდეგ უკვე საგამოცდო ცნობარში ეძებონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგალითად: რამდენი მისაღები ადგილია თითოეული ასარჩევი საგნის მიხედვით, საგნების მინიმალური ზღვარი როგორაა განაწილებული, მიიღონ ზუსტი რიცხობრივი მონაცემი, ასევე საგანთა პრიორიტეტებსა და კოეფიციენტებზე. შემდეგ, ამ მონაცემებს აკავშირებენ საკუთარ შედეგებთან და აკეთებენ შესაბამის ცვლილებას, ამ გზით ნამდვილად შესაძლებელია, არ დარჩნენ უნივერსიტეტს მიღმა.

– როგორც აბიტურიენტის ცხოვრებაში ჩართული მშობელი, რას ურჩევდით იმ აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს, რომლებსაც მსგავსი თავსატეხი აქვთ?

– მშობლებმაც უნდა იცოდნენ, რომ თუ აბიტურიენტმა ზღვარი ყველა საგანში გადალახა, მაგრამ დაბალი ქულებით, მისი გასტუდენტების პერსპექტივა მცირეა და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაკვირვებით შეარჩევს უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებს. შესაძლოა, ზღვარის გადალახვა სულაც არ აღმოჩნდეს საკმარისი, ამიტომ ვურჩევდი, რომ თავადაც ჩაერთონ პროცესში და დაეხმარონ შვილებს რეალობის ლოგიკურ გააზრებაში, იმ რეალობის, რომლის წინაშეც დგანან. ამასთან, სხვა უფრო კომპეტენტური პირებისგანაც მოისმინონ რეკომენდაციები, რადგან ეს ყველაფერი მაინც გამოცდილებასთან არის დაკავშირებული. შეიძლება, აბიტურიენტს სურდეს კიდეც, რომ ჩააბაროს მაგალითად ჯავახიშვილში იურიდიულზე და იფიქროს: „მაინც ვცდი და არ წავშლი“ და ამ დროს ჰქონდეს ძალიან დაბალი შეფასებები, ასეთ დროს ის კარგავს შესაძლებლობას მოხვდეს ოპტიმალურ უნივერსიტეტში და ყველაზე ცუდ შემთხვევაში რჩება გარეთ.

შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას მათი რაოდენობა შეზღუდული არ არის. რაც შეეხება ცვლილებებს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

ასევე იხილეთ:

როცა აბიტურიენტი ხარ და პრიორიტეტული პროგრამების და უმაღლესების ჩამონათვალს ადგენ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური