დადგინდა სკოლების, პედაგოგებისა და სპეცმასწავლებლების ვალდებულებები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში
საქართველოში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობამ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ დადგენილება მიიღო (საქართველოს მთავრობის დადგენილება N205). დოკუმენტში ვკითხულობთ, თუ რა ვალდებულებები განესაზღვრათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში.
კერძოდ, ზოგადსაგანამანთელბლო დაწესებულებები ვალდებული არიან უზრუნველყონ მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდება განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი დისტანციური/ელექტრონული ფორმით, „ტელესკოლის“ ან/და ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე „ტელესკოლაში“ ტექნიკური პრობლემების გამო ვერ შეძლებს ჩართვას ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ონლაინსწავლების პროცესში მონაწილეობის მიღებას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია უზრუნველყოს მოსწავლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებების მიცემა ან კონსულტირება.
თავის მხრივ, მოსწავლის მშობელი ვალდებულია, ითანამშრომლოს მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელთან, საგნის მასწავლებელსა და სკოლის სხვა სპეციალისტებთან.
დადგენილების თანახმად სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი ვალდებულნი არიან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, სისტემატური კომუნიკაციის ფარგლებში, რეკომენდაცია გაუწიონ სახლის პირობებში მეცადინეობის, საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსების გამოყენების შესახებ და მიიღონ უკუკავშირი. ასევე, სამინისტროს რესურსსკოლები, რომლებიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ახორციელებენ საგანმანათლებლო პროცესს, ვალდებულები არიან, მშობლებს სახლის პირობებში მოსწავლესთან მუშაობის რეკომენდაციები მისცენ და მიიღონ უკუკავშირი.
დადგენილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა ასევე უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფორმით დისტანციურად.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების (სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა) საქმიანობა განხორციელდეს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა);
სკოლის არჩევითი ორგანოების დაკომპლექტების ან გამოკლებული წევრის შევსების მიზნით არჩევნების ჩატარება განხორციელდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით, იმ შემთხვევაში, თუ კოლეგიური ორგანოს დაკომპლექტება/წევრის არჩევა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში არსებითია საგანმანათლებლო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისათვის“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
დადგენილების შესრულებაზე თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პასუხისმგებელია დირექტორი, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება საგანმანათლებლო რესურსცენტრებს დაევალათ.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება