GE

დაწყებითი საფეხურის ტესტში შიდა ბარიერია გათვალისწინებული – რა უნდა იცოდნენ მასწავლებლის საგნის გამოცდაზე გამსვლელებმა

2023 წლის ზაფხულის გამოცდების ფარგლებში, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები პროცესს 6 ივლისიდან შეუერთდებიან. სკოლის დაწყებით საფეხურზე მასწავლებლობის მსურველი გამოსაცდელებისთვის კი გამოცდები 19 ივლისს უნდა ჩატარდეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში როგორც I-IV, ისე სრულად დაწყებითი საფეხურისთვის.

აღნიშნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის ისაუბრა 22 ივნისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დაწყებითი განათლების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაქარია ქიტიაშვილმა. ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სხვა საგამოცდო საგნებთან შედარებით, დაწყებითი საფეხურის ტესტში სპეციფიკური ასპექტები გამოიყოფა, რომელთა შორის ერთ-ერთია შიდა ბარიერის არსებობა.

„ნებისმიერმა მასწავლებლობის მსურველმა, ნებისმიერ ტესტში, საგამოცდო ზღვარი 60%-ზე მეტი უნდა გადალახოს და ჩვენს საგანშიც ასეა. მაგრამ ჩვენ სპეციფიკა ის გვაქვს, რომ რადგან ჩვენი ტესტი ორნაწილიანია (შეგახსენებთ, არის საგნობრივი ცოდნის ნაწილი და აკადემიური უნარების ნაწილი) აკადემიურ უნარებს აქვს შიდა ბარიერი. ანუ, აკადემიური უნარების ნაწილში, მაქსიმალური 14 ქულიდან, თქვენ 6, ან მეტი ქულა უნდა მოიპოვოთ. შეგახსენებთ, რომ აკადემიური ნაწილი გულისხმობს ტექსტის გააზრებას და ანალიტიკურ წერას. ანალიტიკური წერა-ესე არის 9-ქულიანი და უნდა იყოს არანაკლებ 120 სიტყვისა. ანუ, 14 ქულაა მაქსიმუმი აკადემიური ნაწილის, სადაც შიდა ბარიერი რომ გადალახოთ, უნდა აიღოთ 6, ან მეტი ქულა“, – განმარტა გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა.

მან მაგალითის მოიყვანა და აღნიშნა, თუ გამოსაცდელი, რომელიც აბარებს დაწყებითი განათლების საფეხურის ტესტს (1-4 კლასებისთვის) და ის შეძლებს მოიპოვოს მთლიანი ტესტის ქულათა 60%, მას, მიუხედავად იმისა დაძლია თუ არა აკადემიური ნაწილის შიდა ბარიერი, მაინც გადალახულად ჩაეთვლება ტესტი.

ცნობილია 2023 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა

2023 წლის უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საგნის გამოცდების ტესტის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

ზაქარია ქიტიაშვილმა დაწყებითი საფეხურის ტესტის კიდევ ერთ მახასიათებელზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ზოგიერთ დავალებაში არის სპეციფიკა, როცა მინუს ქულის კომპონენტი შეიძლება ამუშავდეს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კონკრეტულ დავალებაში გრამატიკული შეცდომა გექნებათ დაშვებული.

„დაწყებითი, განათლების 1-4 კლასის ქართულის ნაწილს რაც შეეხება, ღია დაბოლოებიან შეკითხვებზე პასუხის გაცემისას შეიძლება, მინუს ქულის კომპონენტი ამუშავდეს თუ დარღვეული გექნებათ ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. მიუხედავად იმისა, იქნება ეს ლიტერატურის დავალება თუ გრამატიკის, თუ იქ მსჯელობისას იქნება დაშვებული გრამატიკული შეცდომა, ამ დავალებისთვის გათვლილი მაქსიმალური ქულას ქულა დააკლდება. მაგალითად, თუ დავალება არის 2-ქულიანი და 2 ქულაზე გექნებათ პასუხი გაცემული, მაგრამ გექნებათ გრამატიკული შეცდომა, ორს გამოაკლდება 1 ქულა“, – დასძინა გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა.

ზაქარია ქიტიაშვილის თქმით, ტესტის მაქსიმალური ქულა კვლავ იგივეა, (65), ასევე არ შეცვლილა სამუშაო დრო და აპლიკანტებს ტესტის შესასრულებლად კვლავ 4 საათი ექნებათ.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური