GE

დეპუტატი: მინდა ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო – ამ მასწავლებლებს საერთოდ არ აქვთ ხელფასი 125 ლარი

„არ მესმის, რატომ არის პირობითად ისტორიის ან ბიოლოგიის მასწავლებელი – მასწავლებელი და არ არის ფორტეპიანოს მასწავლებელი – მასწავლებელი?!“, – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა და ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, რომ სახელოვნებო სკოლების მასწავლებელთა პრობლემით დაინტერესდეს.

დეპუტატის თქმით, თუკი არ გვინდა, რომ ჩვენი შვილები საერთოდ ხელოვნების და ხელოვნების განათლების გარეშე დარჩნენ, ამ ადამიანებს ღირსეული ხელფასი უნდა მივცეთ.

„გამოვიდა პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღის წინ და თქვა, რომ 120 ლარით იზრდება მასწავლებლების ხელფასი, დაახლოებით, რაც ძალიან კარგია და მასწავლებლები ბევრად უფრო მეტსაც იმსახურებენ. მაგრამ მე მინდა, ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილს, 125 ლარი საერთოდ არ აქვთ ხელფასი მუსიკის მასწავლებლებს, ხატვის მასწავლებლებს და სხვა სახელოვნებო სკოლაში დასაქმებულ მასწავლებლებს. ეს ადამიანები არიან უბრალოდ მიტოვებულები, მათზე არავინ არ საუბრობს და რაღაცნაირი დისკრიმინაციული მიდგომაა, რომ ყველას რაღაც ემატება, საჯარო მოხელეებს 10%-ით ეზრდება ხელფასი და ამ ხალხს არაფერი არასოდეს არ ემატება. ფაქტობრივად ხელფასი არ აქვთ, ენთუზიაზმზე მუშაობენ, ენთუზიაზმზე ასწავლიან ხელოვნებას ჩვენს შვილებს და არავინ ამაზე არ ლაპარაკობს. ყველას ველაპარაკე და ყველა მეთანხმება, მაგრამ არანაირი ნაბიჯი არ იდგმება. სკოლის მასწავლებლებს პროფესიული განვითარების სისტემა აქვთ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ მუსიკის მასწავლებელი არც კარიერულად უნდა განვითარდეს და არც პროფესიულად, ასე გამოდის. მათ საერთოდ სტატუსი არ აქვთ მასწავლებლის, ეს მეორე ცალკე უბედურებაა. რახან ეს ადამიანები კულტურული ხალხია და გზებს არ კეტავენ და ქვებს არ ისვრიან, ასე შეიძლება მათი საერთოდ ყველაფრიდან გარიყვა?“, – განაცხადა დღეს, 4 ოქტომბერს, პარლამენტში გამოსვლისას ლევან იოსელიანმა.

მისი განცხადებით, ბევრჯერ მიმართა განათლებისა და ფინანსთა მინისტრებს და საუბარი არის სულ 5 მილიონ ლარზე, რომელიც ამ ადამიანების პრობლემას მოაგვარებს.

ამავე თემაზე:

განათლების სამინისტროს დაფინანსება 290 მილიონ ლარზე მეტით იზრდება – როგორ ნაწილდება თანხები 2023 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით

ფინანსთა მინისტრი: საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი 125 ლარით გაიზრდება

ვის გაეზრდება ხელფასები განათლების სექტორში მომავალი წლიდან – პრემიერი 2023 წლის ბიუჯეტის დეტალებზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური