„დღეს ბედობაა და დავიჯეროთ იმის რაც რუსთაველმა გვითხრა“ – გიორგი კეკელიძის „აქტივობები ბედობისთვის“
ავტორი: გიორგი კეკელიძე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი
დღეს „ბედობაა“ და დღეს დილით – აუცილებლად უნდა ავდგეთ ადრე, ვისაც ღმერთი სწამს – უნდა ვილოცოთ, ვისაც არა – რამე კარგი ჩავიფიქროთ.
ფუი ეშმაკს და ვივარჯიშოთ ან ვისეირნოთ მაინც, სეირნობისას აუცილებლად შევხედოთ ვინმეს ქუჩაში, ერთი შეხედვით, ძალიან არამსგავსს და თავს დავაძალოთ, გაჭირდება, მაგრამ დავაძალოთ და გავიფიქროთ: მასაც, როგორც მე, უნდა რომ იყოს კარგად, მასაც, როგორც მე, აწუხებს რაღაც დიდი და რაღაც მცირე, ისიც, როგორც მე, ოდესმე გაქრება ამ ქვეყნიდან და მოდი, დღეს თავს ნუ დავესხმები.
მერე, სიზარმაცეს კვანტი დავუდოთ და წავიშრომოთ, ორჯერ ფუი ეშმაკს და ცოტა წიგნიც წავიკითხოთ, თუ სხვას ვერაფერს მივაგენით, კვანტურ ფიზიკაზე მაინც – თუნდაც ვერაფერი გავიგოთ, მაინც წავიკითხოთ. ცოტა რამე შევიძინოთ და ვინც ვერ შეიძინა, მასაც ვუწილადოთ – ნუ დავიჯერებთ, რომ ამ დღეს გაცემა არ შეიძლება, დავიჯეროთ იმის, რაც რუსთაველმა გვითხრა: „რასაცა გასცემ“ და კიდევ ისიც, რაც მანვე მოაყოლა: „რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა“ – ეს დღე ამ აფორიზმისაც იყოს.
დიახ, დღეს აუცილებელად უნდა ვიყოთ ასე პათეტიკურები და შეიძლება, ცოტა ხელოვნურებიც. კარგ მოქალაქედ ყოფნა ხომ პათეტიკური წესებით ვარჯიშია.
ხვალ? ხვალაც აუცილებლად ავდგეთ დილით ადრე, ზეგაც, ზეგაც დილით ადრე ავდგეთ, მაზეგაც, ორი კვირის მერეც, სამი თვის მერეც და თორმეტი თვის მერეც დილით ადრე ავდგეთ, ავდგეთ და დანარჩენი, როგორც ტექსტშია.
და სოფელიც აშენდება.