GE

„რეზიდენტურა საქართველოში: განათლება თუ ლეგალიზებული ექსპლუატაცია? – ჩვენთან რეზიდენტურა ბიზნესად იქცა“

ფოტო –
გენერირებულია ხელოვნური ინტელექტით

ავტორი: ია ქურასბედიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, დიპლომირებული მედიკოსი, გადაუდებელი დახმარების უმცროსი ექიმი.

“კიდევ ერთხელ დავუფიქრდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და ვავიაზროთ, რომ გაჩუმება არ შეიძლება!

რეზიდენტურაში ჩასარიცხ ქულას განსაზღვრავს ახლანდელ რეალობას სრულიად მოწყვეტილი, დაბერებული და სამარცხვინო ტესტები, რომელიც მივიწყებულ, კარგახნისწინ უარყოფილ გაიდლაინებს მოიცავს.

გვაზეპირებინებენ არასწორ ტესტებს და არასწორ პასუხებს, იმისთვის, რომ ქულა მოვიპოვოთ.

უხეშად რომ ვთქვათ, 1000 დიპლომირებული მედიკოსიდან, 100-200 აბარებს მხოლოდ, დანარჩენს ან მთლიანად წყალში ეყრება 6 წლიანი შრომა და საერთოდ ანებებს თავს ამ სფეროს, ან თუ არ ანებებს, 600-700 ლარზე მუშაობს წლების განმავლობაში, ან სხვა ქვეყანაში გადადის და ძირითადად, იქ აგრძელებს მოღვაწეობას.

კერძო რეზიდენტურაში მოხვედრის შესაძლებლობა მთლიანად დამოკიდებული გახდა ნაცნობობაზე, თანამშრომლობასა და ნათესაობაზე, არ განისაზღვრება ქულით, ერუდიციით/ცოდნით, რაც აზარალებს როგორც სფეროს წარმომადგენელს, ისე მომავალ პაციენტსაც – ისადგურებს არაპროფესიონალიზმი და უკონტროლობა.

კერძო რეზიდენტურაში ჩარიცხვის შემთხვევაში, ყოველ თვე, მიგაქვს და უხდი კლინიკას 500-800 ლარს იმისთვის, რომ მიხვიდე, იმუშაო, იმორიგეო, ღამე ათენო, საქმე უკეთო კლინიკებს და ფული კიდევ იქეთ იხადო, რეალურ ცოდნას, ახსნას, მანიპულაციების პრაქტიკას და სახელმძღვანეოლოებსაც კი არავინ გაწვდის.

პარალელურად კი სხვა სამსახურში მუშაობ და ანაზღაურება გაქვს სულ 600 ან 700 ლარი! ცხოვრობ ოჯახის ხარჯზე მინიმუმ 29-30 წლამდე!

ბოლო წელს, დეფიციტურ სფეროდ გამოცხადდა გარკვეული მიმართულებები და ბევრმა რეზიდენტურის გავლის გარეშე აიღო ლიცენზია, ძალიან საპასუხისმგებლო მიმართულებებზე, განსაკუთრებით აღვნიშნავ ანესთეზიოლოგია-რეანიამატოლოგიას, ქირურგიის მიმართულებებსა და გადაუდებელ მედიცინას (ასევე ყველა სხვასაც) – ფაქტობრივად – სიცოცხლის სადარაჯოზე მყოფი ექიმების განათლების დონე საეჭვოა, ლიცენზიების დარიგება კი მოხდა საბუთების გაყალბებითაც, ნაცნობობითაც და ბევრი უკანონო ქმედებით.

ამის პარალელურად – არ ვიცი, როგორ შეიძლება და რა ლოგიკაში ჯდება ფაქტი, რომ “დეფიციტურ” სფეროებზე გამოცხადდა მხოლოდ 2 – 4 ადგილი. – თუ დეფიციტურია, რატომ არ ცხადდება ადგილები და რატომ არ ზრუნავს სახელმწიფო, მოამზადოს მეტი რეზიდენტი შესაბამისი პროგრამით?

ანაზღაურება: შემდგომში ლიცენზირებულ ექიმსაც არ ულხინს, რადგან ოჯახის სარჩენად 2 და 3 სამსახურში უწევს მუშაობა, ანაზღაურების სამარცხვინო ციფრების გამო. ფაქტობრივად ექიმს უწევს საკუთარ ცხოვრებაზე უარი თქვას, იმორიგეოს, დაიძინოს და ისევ იმორიგეოს, იმისთვის, რომ მისმა ოჯახმა და შვილმა შეძლოს ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება.

როგორ შეიძლება ამაზე ხმა არ ამოიღო!

ყველაფერი უნდა ვცადოთ, რომ რაღაც შეიცვალოს! რაღაც გზას ყველა ვეწევით, მაგრამ ვისაც ეს ქვეყანა გიყვართ და აქ ექიმობა გინდათ, ასე თუ გაგრძელდება, ვერ იცხოვრებთ, მხოლოდ იარსებებთ, რადგან არ გეყოფათ შემოსავალი, ხელში კი მხოლოდ ჯანმრთელობის და მენტალობის დაზიანება შეგრჩებათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთმა უსინდისომ ჯიბე გაისქელოს.

გასაგებია, რომ თვლით – პროტესტს აზრი აქვს, დრო არ გვაქვს ამისთვის, არ გვცალია და ა.შ, თუმცა, ხმის ამოღების გარეშე, ახლა გაცილებით უარესი სიტუაცია იქნებოდა, გამოცდა რომ წელიწადში ორჯერაა, ამაზეც კი იბრძოლეს თავის დროზე სტუდენტებმა და მაძიებლებმა, ამიტომ, ჯობია ხმა ამოვიღოთ შემდეგ საკითხებზე:

რეზიდენტურა საქართველოში: განათლება თუ ლეგალიზებული ექსპლუატაცია?

მოდით, კიდევ ერთხელ თვალებში შევხედოთ სიმართლეს: სამედიცინო განათლების სისტემა საქართველოში კოლაფსის პირასაა. ყოველ წელს 1000-მდე სტუდენტი ამთავრებს ფაკულტეტს ქვეყნის მასშტაბით და ამდენივე აბარებს პირველ კურსზე, სახელმწიფო კი მხოლოდ მიზერულ ადგილებს სთავაზობს მათ, ალბათ ნახავდით იმ დამცინავ რაოდენობას, რაც სახელმწიფო რეზიდენტურაში დაიდო.

რა ბედი ეწევათ დანარჩენებს, მაგალითად, იმას ვინც 195 ქულა აიღო, მაგრამ რადიოლოგიის 2 ადგილს ალბათ – USMLE ჩაბარებული დაიკავებს?

1. „ფასიანი მონობა“ ევროპული სტანდარტის ნაცვლად – ანუ, კლინიკაში იაფ მუშახელად დარჩენა, რითაც, კარგად მოგეხსენებათ, მხოლოდ ხეირობს კლინიკა, კერძო თუ ჯანდაცვის სექტორი.

ეს მაშინ, როცა გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში თუ ჩეხეთში რეზიდენტი არის სრულუფლებიანი ექიმი, რომელიც იღებს ღირსეულ ხელფასს (საშუალოდ €2,500 – €5,000 ქვეყნის მიხედვით), ჩვენთან რეზიდენტურა ბიზნესად იქცა, რომელიც იქეთ ამარაგებს კლინიკას ფულითაც, მენტალური თუ ფიზიკური გადაღლის ხარჯზე.

1) ფაქტობრივად, გვაიძულებენ გადავიხადოთ 600-800 ლარი თვეში იმაში, რომ ვიმუშაოთ!

ეს მაშინ, როცა უმცროსი ექიმის ხელფასი ხშირად ამ თანხაზე ნაკლებია. გამოდის, რომ ოჯახიდან უნდა მოვიტანოთ ფული, რათა კლინიკას „დავეხმაროთ“ მუშაობაში.

2) ხარისხი VS ფული
ევროპაში რეზიდენტურა მკაცრად კონტროლდება – კლინიკა ვალდებულია გასწავლოს. ჩვენთან კი კერძო რეზიდენტურების უმეტესობა მხოლოდ ფულზეა ორიენტირებული. სწავლება ფორმალურია, ხოლო რეალური ადგილები ხშირად ნეპოტიზმითა და ნაცნობობით ნაწილდება. ნიჭიერი, მაგრამ „უპატრონო“ კადრი რეზიდენტურის მიღმა რჩება.

3) სად მივდივართ?
სახელმწიფო ერთის მხრივ წუწუნებს კადრების დეფიციტზე და ექიმების გადინებაზე, მეორეს მხრივ კი ყველაფერს აკეთებს, რომ ახალგაზრდა ექიმმა ქვეყნიდან გაქცევა დაგეგმოს მეორე კურსიდანვე.

4) იმ სპეციალობებზე, რომლებიც “დეფიციტურად” გამოცხადდა, რატომ იდება 2-4 ადგილი?
მაინტერესებს, რამდენ ადამიანს შეუძლია ადგეს, გავიდეს სამინისტროსთან და დააყენოს საკითხი:

  • რეზიდენტურის ადგილების გაზრდა და შესაბამისობა კურსდამთავრებულთა რაოდენობასთან!
  • რეზიდენტი, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხელფასს იღებს, თუმცა, მინიმუმ ის მაინც უნდა მოვითხოვოთ, რომ გადასახადი მაინც არ იყოს იმდენი, რამდენიც არის, უკეთეს შემთხვევაში – საერთოდ არ იყოს!
  • გამჭვირვალე, ობიექტური შერჩევის სისტემა, კერძო კლინიკებშიც დაინერგოს სისტემა, სადაც საჯარო იქნება, ვინ რამდენი ქულით ირიცხება! არ იყოს ბაბუის და ბიძიის დარეკილით ჩაწყობა! და კერძო კლინიკებში იყოს სწავლების ხარისხის მკაცრი კონტროლი.
  • ღირსეული ანაზღაურება, პიარის გარეშე. ექიმებსაც თუ არ მოგწონთ, (მაგ. გადაუდებელი დახმარების ექიმს 12-14 ლარი საათში) შეგიძლიათ თქვენც დააფიქსიროთ მოსაზრებები”.

ასევე იხილეთ:

„სახელმწიფო არღვევს საკუთარ კანონმდებლობას და აცხადებს, რომ ამას განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აკეთებს!“ – ქეთევან ჭკუასელის ანალიზი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური