GE

„დღეს განათლების სამინისტროს ყველა კარი ჩაკეტილია, გადაწყვეტილებებს განხილვების გარეშე, ან სასურველი NGO-ების დახმარებით იღებენ“

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმძიმესი გამოწვევებისა და სისტემური პრობლემების წინაშე, უკვე წლებია, დგას და ამაზე ღიად საუბარი არ სურთ, ეს კი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს – ასე ფიქრობს განათლების სპეციალისტი, ავტორიზაციის ექსპერტი, სკოლის ხარისხის მართვის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი და ტრენერი დავით ლიპარტელიანი, რომელსაც სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

უმთავრესი, რაზეც ის EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში საუბრობს, ეს სამინისტროს კარჩაკეტილობა და რეფორმებთან დაკავშირებული არასწორი გადაწყვეტილებების კონკრეტულ კაბინეტებში მიღებაა, რაც განათლების სისტემასა და მომავალ თაობას აზიანებს. განსაკუთრებით კრიტიკული დამოკიდებულება კი, მესამე თაობის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან აქვს.

– ცოტა ხნის წინ, თქვენს საჯარო წერილში წერდით, რომ ის, რაც განათლების სამინისტროში ხდება, სირცხვილია და ამაზე ვიღაცამ უნდა ისაუბროს. განგვიმარტეთ, რას გულისხმობდით ამ სიტყვებში და რა სისტემურ პრობლემებზე მიუთითებთ?

– პირველ რიგში, ვგულისხმობ განათლების სამინისტროს კარჩაკეტილობას და ზოგიერთი განათლების სპეციალისტისა თუ ორგანიზაციის არათანმიმდევრულ ქმედებებს. თავადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი სამინისტროში და არსებულ სიტუაციას კარგად ვიცნობ, მუშაობის დროს ყველანაირად ვცილობდი, რომ ღია და გახსნილი ვყოფილიყავი საზოგადოების ყველა ნაწილისთვის. დღეს განათლების სამინისტროს ყველა კარი ჩაკეტილია. გადაწყვეტილებებს, საკითხის თუ პრობლემის მიმართ ან ერთპიროვნულად იღებენ, ან სამინისტროსთან დაახლოებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც იმ პოზიციას ახმოვანებენ, რაც განათლების სამინისტროს უნდა. მაგალითად, ასეთია განათლების ერთ-ერთი სპეციალისტის ორგანიზაცია (რესპონდენტის მიერ დასახელებული პირის გვარსახელი EDU.ARIS.GE-ს მიერ შეგნებულად არ არის მითითებული ავტ.) და კიდევ რამდენიმე. სამინისტრო მათთან თანამშრომლობს და განსახორციელებელ რეფორმებს, მათ შორის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას და ახალი სკოლის მოდელს ამ NGO-ების მეშვეობით აპიარებენ. ამავე დროს, იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც სამინისტროს ამა თუ იმ რეფორმას აკრიტიკებდნენ, თუმცა ისინი პროცესებს ნელ-ნელა ჩამოაშორეს.

– თქვენ საუბრიდან გამოდის, რომ განათლების სამინისტროს ჰყავს მის მიერვე მართული ე.წ. „არასამთავრობო ორგანიზაციები“, რომლებსაც იმის საჩვენებლად იყენებენ, თითქოს დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი მათ გეგმას, პროექტებს და რეფორმებს იზიარებდეს?

– დიახ, არსებობენ სახელმწიფოს მიერ მართული, ან მასთან თანამშრომლობაში მყოფი ორგანიზაციები, რომლებიც ქმნიან ილუზიას, რომ თითქოს, დაგეგმილი რეფორმების საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან განხილვა მოხდა. რეალურად კი, მხოლოდ სამინისტროსადმი ლოიალურად განწყობილ NGO-ებთან ხდება განხილვები. ფორმალურად, სხვადასხვა ორგანიზაციაში დოკუმენტების პროექტებს გადააგზავნიან, მაგრამ რეალურად, იმ კრიტიკას, რასაც ეს ორგანიზაციები უბრუნებენ, არ ითვალისწინებენ. სამინისტრო გადაწყვეტილებებს, ხშირ შემთხვევაში, ერთპიროვნულად ან ძირითადად ამ {მის მიერ მართულ ავტ.} ორგანიზაციებთან შეთანხმების შემდეგ იღებს.

– რომელი მინისტრის პერიოდიდან იწყება სამინისტროს ჩაკეტილობა? ამას მიხეილ ჩხენკელს უკავშირებთ თუ გასულ პერიოდსაც? როდიდან დაიხურა განათლების სამინისტროს კარი?

– ეს ჩაკეტილობა ასე უცებ არ დაწყებულა, რადგანაც 2016 წლიდან სამინისტროს ჩაკეტვის ნიშნები უკვე იყო. 2018 წლიდან უკვე განსაკუთრებით ჩაიკეტა და ახლა თითქმის ნულამდეა დასული კომუნიკაცია.

– დავუბრუნდეთ თქვენ მიერ ნახსენებ მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას, რა პრობლემებს ხედავთ ამ გეგმის განხორციელებაში და რას გვეტყვით მასწავლებლებთან დაკავშირებით? ძალიან ბევრი პედაგოგი ამაზე საჯაროდ არ საუბრობს, მაგრამ ამბობენ, რომ ამ გეგმის სკოლებში და სასწავლო პროცესში დანერგვა, ბევრი მიზეზის გამო, ჭირს…

– ამ გეგმასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. პირველი პრობლემა ის არის, რომ ახალი (მესამე თაობის) ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც 2016 წელს შემუშავდა, სკოლებში ჯერ კიდევ დანერგვის პროცესშია. დაწყებითი საფეხური უკვე ძალაში შევიდა. საბაზო საფეხური, მე-7 – მე-8 კლასიც შესულია და მომავალი წლიდან მე-9 კალასიც შევა. ხოლო საშუალო საფეხური, როდის დაიწყება და რა ტემპებით დაინერგება უცნობია. მალე ამ ეროვნულ გეგმას თავისი ვადა გაუვა. თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა, საშუალო საფეხური სკოლებში რომ შევა, იმ დროისთვის ისევ ახალი სასწავლო გეგმა დამტკიცდება. გასაგებია, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის ერთბაშად დანერგვა ვერ მოხდება და ეს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. თუმცა პრობლემა აქ კიდევ ისაა, რომ მიუხედავად იმისა, მისი დანერგვა ამხელა დროშია გაწელილი, რეალურად, ბოლომდე მაინც ვერ ინერგება და მისი შესრულება ჭირს. მეორე პრობლემა კი ისაა, რომ ეს გეგმა სკოლებს ზღუდავს და არჩევანის საშუალებას არ უტოვებს, რაც განათლებაში კარგი არ არის. არ უნდა იყოს სწავლების მხოლოდ ერთადერთი მეთოდი, აი, მაგალითად ცოდნის შემოწმება მხოლოდ კომპლექსური დავალებებით (რომელიც საკმაოდ კარგი ხერხია) არ უნდა ხდებოდეს და შემოწმების მეთოდები განსხვავებული უნდა იყოს. საქმე, როგორც ჩანს, მხოლოდ კომპლექსური დავალებებისკენ მიდის. ასევეა თემატურ მატრიცებთან დაკავშირებით და ა.შ.

– შეგიძლიათ შეაფასოთ, რამდენად თანმიმდევრულია გეგმა მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასთან მიმართებით? ხშირად გვსმენია პედაგოგებისგან ასეთი შეხედულების შესახებაც, რომ მასწავლებლის სახლი არსებულ სასწავლო გეგმასთან წინააღმდეგობაში მოდის. რას ნიშნავს ეს და რაზე საუბრობენ მასწავლებლები?

– ეს გეგმა მასწავლებლის სახლთან წინააღმდეგობაში მოდის. საქმე იმაშია, რომ მასწავლებლის სახლი პედაგოგებს ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით აფასებს. ანუ, გაკვეთილს აგეგმვინებს და იმას უფასებს. ხოლო ახალი სკოლის მოდელი ითხოვს, რომ არა გაკვეთილი, არამედ თემა დაიგეგმოს. ყველაზე პარადოქსული კი, ის არის, რომ ქოუჩებს რომლებიც ნერგავენ ახალი სკოლის მოდელს, კონტრაქტი გაფორმებული აქვთ მასწავლებლის სახლთან. ფაქტობრივად, მასწავლებლის სახლი ფულს იხდის იმაში, რასაც არ ეთანხმება. წარმოგიდგენიათ სისტემაში რამხელა ხარვეზია? ამაზე უამრავი თანხა იხარჯება.

პედაგოგიკა არის მეცნიერება. შესაბამისად, გადაწყვეტილებები აკადემიურ ცოდნაზე დაყრდნობით უნდა მიიღებოდეს. ამასთან დაკავშირებით კვლევები და ნაშრომები უნდა იყოს. უკვე რა ხანია ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს და წარმოდგენილი არ არის კვლევა, რომელიც იტყვის, ამ ხნის განმავლობაში რა სახის შედეგი მივიღეთ. ამბობენ, რომ განათლების სამინისტრომ კვლევა ჩაატარა, მაგრამ სად გამოქვეყნდა არავინ იცის. რა მეთოდოლოგიით ჩატარდა ეს კვლევა, ვინ მონაწილეობდა, რა შედეგით დასრულდა არ ვიცით. 2018 წლიდან მისი განხორციელება აქტიურად დაიწყო. ამ 3 წლის განმავლობაში, რამე ისეთი კვლევა, რომელიც ახალი სკოლის მოდელს შეაფასებდა, არსებობს? რომ ჰკითხოთ სამინისტროს, გიპასუხებენ, რომ შიდა კვლევები აქვთ. თუმცა ეს ხომ ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რომ სანდოობა არსებობდეს?! არ ვიცი, ვისთვის არის ცნობილი ეს კვლევები, მაგრამ ჩემთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. ასეთი კვლევა საჯაროდ როგორც მე ვიცი არ გამოქვეყნებულა. ასევე, საკმაოდ ხშირია ცვლილებები ახალი სკოლის მოდელში, რაზეც სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ დინამიკური პროცესიაო, მაგრამ პროგრამა ხომ უნდა იყოს დამტკიცებული სადაც გამოჩნდება ეს ცვლილებებიც?!

– ახალი სკოლის მოდელის ხელშემწყობ რესურსად განიხილავენ ტელესკოლის პროექტს, რომელიც სამინისტრომ შემოგვთავაზა, როგორც განათლების მიღების ერთ-ერთი წყარო და გამოსავალი პანდემიის პირობებში. აქ რამდენად მიიღწა სასურველი შედეგი?

– პანდემიის დროს მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ბავშვებს ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდათ და შესაბამისად არ ჰქონდათ განათლებაზე ხელმისაწვდომობა. პრობლემის გადასაჭრელად მომზადდა ტელესკოლა, არ გვაქვს სტატისტიკური მონაცემი ტელესკოლით რამდენი ბავშვი სარგებლობდა. ხშირად, ამ რესურსს მასწავლებლები იყენებენ. ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ბავშვები ამას რამდენად იყენებდნენ, ეს არ არის შესწავლილი. ჩემი დაკვირვებით, სიტუაცია სახარბიელო არ არის. იმის მტკიცება, რომ მასწავლებლებისთვის შეიქმნა რესურსი, და ეს არის ძალიან კარგი, სწორი არ იქნება, რადგან პროგრამის მიზანი პანდემიის პირობებში ბავშვებისათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა უნდა ყოფილიყო. რომელიც ვერ შესრულდა. პროგრამის განსახორციელებლად, ფინანსური რესურსი არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, არამედ განათლების სამინისტროს ფინანსებიდანაც დაიხარჯა. მოქალაქეებმა ერთი პროგრამის განხორციელებაში განათლების სამინისტროსაც და საზოგადოებრივ მაუწყებელსაც გადავუხადეთ, რათა ჩვენს შვილებს განათლება მიეღოთ.

– მე-7 წელია, რაც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ამოქმედდა. ხოლო სქემაში, მიუხედავად ცვლილებებისა, მთელი რიგი საკითხები მაინც გამოწვევად რჩება. ასე მაგალითად, აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, “სქემის ფარგლებში, 2015 წლიდან 2020 წლამდე, მასწავლებელთა 21%-ს სტატუსი არ შეუცვლია და განსაზღვრული საბაზისო საფეხურის შესაბამისად, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მატარებელია. 2017-2019 წლების მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, წამყვანი მასწავლებელი, საშუალოდ, მხოლოდ 2%-ია, რომლებიც დასაქმებულნი არიან არსებული სკოლების 25%-ში. რაც შეეხება უმაღლეს საფეხურს – მენტორს, ასეთი სტატუსის მქონე მასწავლებელი განათლების სისტემაში მხოლოდ 0.4%-ია”. რამდენად ადეკვატურია სქემის ასეთი შედეგები ექვს წელში?

– ამ სქემამ ვერ შეასრულა ის მიზანი, რაც უნდა შეესრულებინა. მას მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება უნდა მოეხერხებინა. თუმცა მასწავლებელთა კვალიფიკაცია მნიშვნელოვნად არ ამაღლებულა. გვაქვს ძალიან ცუდი შედეგები. ამდენი ხანია სქემა მოქმედებს, ამდენი პედაგოგი მენტორი და წამყვანი მასწავლებელი გახდა. შეიცვალა თუ არა განათლების ხარისხი?! – განათლების ხარისხი არ შეცვლილა და ისევ სავალალო სიტუაცია გვაქვს. ეს უკვე საკმაოდ სერიოზული ინდიკატორია იმისა, თუ რა შედეგი მოიტანა სქემამ. სინამდვილეში, ეს სქემა მხოლოდ ფორმალური ნაწილია მასწავლებელთა დიდი ნაწილისთვის და სწავლების შინაარსს ნაკლებად განსაზღვრავს. სახელმწიფო ამ ხერხით ცდილობს, სკოლას მასწავლებლის კვალიფიკაცია დაურეგულიროს. საქართველოში გვყავს პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებმაც გამოცდაზე ერთი კრედიტი აიღეს და მასწავლებლად მუშაობენ. გვყავს სკოლაში შემოსვლის მსურველი მასწავლებლები, რომლებსაც 10 კრედიტი უნდა აეღოთ და 7 აიღეს. ამიტომ სკოლაში მუშაობა ვერ დაიწყეს, თუმცა საგნობრივი ცოდნა მათ უკეთესი აქვთ, ვიდრე იმ პრაქტიკოსებს, რომლებმაც ერთი კრედიტი აიღეს.

– თქვენი კოლეგები საუბრობენ, რომ სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები აღარ მოდიან. გარდა ამისა, განათლების სამინისტრო კარგ კადრებს ვერ აინტერესებს – ეს რამდენად შეესაბამება რეალობას?

– სიმართლე გითხრათ, ასე ვერ ვიტყვი. ძალიან ბევრი სტუდენტი მყავს, რომლებსაც მასწავლებლობა უნდათ და ძალიან ნიჭიერები არიან. ახალგაზრდებში სურვილი არის, მაგრამ მათ პროფესიაში შემოსვლა უჭირთ კანონმდებლობაში არსებული ბარიერების გამო. მეორე პრობლემა კი ისაა, რომ მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება ხარისხიანად უნდა ხდებოდეს. მასწავლებლის გადამზადება მხოლოდ ცენტრალიზებულად, მასწავლებლის სახლის მეშვეობით ხდება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სხვა ორგანიზაციას. ტრენინგების მომწოდებლები ფაქტობრივად არ არსებობენ. ყველაფერი გააკეთა სამინისტრომ იმისთვის, რომ ისინი ბაზრიდან გამქრალიყვნენ. სამინისტროს ახსნა კი ის არის, რომ ტრენინგების დარეგულირება იმიტომ არ ხდება, თითქოს, ხარისხის კონტროლი გაჭირდება. სამინისტრო თვლის, რომ თავად გააკეთებს ყველაფერს კარგად. თუმცა ეს ვერ იქნება სიმართლე, რადგან რესურსი არ ეყოფა არც ფინანსური და არც ადამიანური, რომ ყველაფერი ცენტრალიზებულად განახორციელოს. 2018 წელს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, მასწავლებლის სახლს დაევალა მასწავლებელთა პროფესიული გადამზადებისთვის პროგრამების რეგისტრაცია დაეწყო, მაგრამ ეს პროცესი დღემდე არ დაწყებულა.

მზად არის სკოლა და მასწავლებელი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისთვის? – პედაგოგებისა და ექსპერტის თვალით დანახული სინამდვილე

ესაუბრა ელზა პაპოშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური