„პედაგოგი მშობლის წერილი პირველკლასელ შვილს“ – შენი გასაკეთებელი შენ უნდა გააკეთო!
დღეს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საჯარო სკოლის პედაგოგი და პირველკლასელი ევას დედა, მანანა მიქავა, შვილის სკოლაში მიცილების შემდეგ მისთვის ემოციურ წერილს აქვეყნებს:
“ევა, დე!
ვერ ვიჯერებ, რამდენად სწრაფად გავიდა დრო და გაიზარდე. ასე მგონია, ჯერ კიდევ გუშინ იწექი ჩემს მკერდზე და შენი თბილი სუნთქვა კისერში მიღიტინებდა. ახლა კი, უკვე პირველ კლასში მიდიხარ!
დღეს უხასიათოდ მოაბიჯებდი და თვალებში გაურკვევლობის კითხვისნიშნები გიციმციმებდა, როგორც გითხარი, ეს მღელვარება სავსებით ნორმალურია და არა უშავს, თუ მუცელში პეპლების ფრიალს იგრძნობ. როგორც დაგარიგე, ღრმად ჩაისუნთქე და გახსოვდეს, მე მუდამ შენთან ვარ. შენ ძალიან მამაცი და გონიერი ხარ, დე! მინდა, საკუთარი შესაძლებლობების გჯეროდეს მუდამ, რადგან მე მჯერა შენი!
როგორც კი კლასში შეაბიჯებ, იმედი მაქვს, ყოველ წამს საშენოდ აითვისებ! შეიძენ ახალ მეგობრებს, ერთად დააგროვებთ უამრავ მოგონებას!
ჰო, და კიდევ, ხშირად შეგახსენებ – ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმა! თქვენი ცნობისმოყვარეობა საგანძურია. ყოველი მოთხრობა, რომელსაც წაიკითხავთ, ყოველი გაკვეთილი, რომელსაც ისწავლით, არის ნაბიჯი იმისკენ, თუ ვინ ხართ და რა გიყვართ. მე ამ გზაზე შორიახლოს ვიქნები, მოგისმენ, სადმე თუ გაგიჭირდა, ხელს შეგაშველებ! რაც არ უნდა უკიდეგანოდ გეჩვენოს ეს სამყარო, შენ გაქვს დედასთან მშვიდი გარემო, რომელიც სავსეა ჩახუტებებითა და უპირობო სიყვარულებით! თუმცა გახსოვდეს, ეს ცხოვრება შენს წილ პასუხისმგებლობებს გახვედრებს და შენი გასაკეთებელი შენ უნდა გააკეთო!
ასე რომ, ჩემო საყვარელო გოგო, ღრმად ამოისუნთქე და წინ წადი. მიიღე ეს თავგადასავალი გაშლილი ხელებით და სიხარულით სავსე გულით. მე ძალიან ვამაყობ, რომ შენი დედა ვარ და ვტკბები შენი ცხოვრების ყველა ეტაპით!”.