„დღეს ორი სამსახური მაქვს და ვამაყობ, პროფესიული განათლება ამის საშუალებას მაძლევს“ – ინტერვიუ პროფესიონალებთან
„წარმატება ხანგრძლივია, თუ ზუსტად იცით, რატომ ხართ წარმატებული“.
ნამდვილი წარმატება ცხოვრებაში საუკეთესოს მიღწევაა, ეს კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ადამიანი საკუთარ პროფესიას სწორად შეარჩევს და ამ მიმართულებით განვითარდება. უმაღლესში აკადემიური განათლება მიიღეს, თუმცა მოგვიანებით პროფესიული განათლების გზა აირჩიეს ზაზა ონიანმა და თამარ ბალახაძემ. ორივემ გორში, პროფესიულ კოლეჯ „განთიადში“ ისწავლა და დღეს ერთი რძის გადამუშავების სპეციალისტი, მეორე კი პროფესიონალი მასაჟისტია. ორივე წარმატებით დასაქმდა და ამისთვის კოლეჯში მიღებულ ცოდნას უმადლიან.
ზაზა ონიანი
„განათლების მიღება არ არის საკმარისი, იმიტომ სწავლობ, რომ პროფესიაში საკუთარი თავის რეალიზება შეძლო“, – ამბობს 29 წლის ზაზა. ის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცურიანიდან არის. უმაღლესი განათლება 2006-2010 წლებში, სუბტროპიკული მეურნეობის მექანიზაციისა და ტექნოლოგიის სპეციალობით მიიღო, შემდეგ თეოლოგიის მიმართულებითაც ისწავლა. აკადემიური განათლების მიუხედავად, როგორც თავად გვიყვება, დასაქმებას წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა.
ახალი პროფესიის დაუფლებაც სწორედ დასაქმების სურვილით გადაწყვიტა და ამბობს, რომ დღეს თავისი შედეგით ბედნიერია. როგორც ზაზა გვიყვება, კოლეჯ „განთიადში“ მოძღვრის რჩევით ჩააბარა და სასწავლებლად გორში ჩავიდა. განათლება რძის გადამუშავების მიმართულებით, პროფესიონალი სპეციალისტების დახმარებით მიიღო და მისი წარმატების ისტორიაც სწორედ „განთიადიდან“ იწყება.
იხილეთ პროფესიული კოლეჯი „განთიადის“ პროფესიული პროგრამები
„იმის გამო, რომ სამსახურს წლების განმავლობაში ვერ ვშოულობდი მივიღე გადაწყვეტილება, პროფესიულ კოლეჯში ჩამებარებინა და ისეთი საქმე ამრეჩია, რომელსაც პროფესიონალის დონეზე შევისწავლიდი და დასაქმებაც არ გამიჭირდერბოდა. სასწავლებლად გორში ჩამოსვლა გადავწყვიტე, რადგან მითხრეს, რომ რძის გადამუშავებას მაღალ დონეზე სწორედ კოლეჯ „განთიადში“ შემასწავლიდნენ. მისაღები გამოცდები შარშან შემოდგომაზე ჩავაბარე და სასწავლებელში ჩავირიცხე კიდეც. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები დამხვდნენ და მოკლე დროში შემასწავლეს არჩეული პროფესია“, – ამბობს დღეს უკვე რძის გადამუშავების სპეციალისტი.
სასწავლებლის დასრულების შემდეგ ზაზამ გორში მდებარე რძის საწარმო „ნებიერაში“ გაიარა საწარმოო პრაქტიკა და აქვე დასაქმდა. დღეს უკვე თავად უძღვება საწარმოო პროცესებს. ამზადებს სულგუნს, არაჟანს, ხაჭოს, მაწონს და ჩამოსასხმელ რძეს. ზაზა საკუთარი საქმიანობითა და ამჟამინდელი ანაზღაურებით კმაყოფილია, მისი ხელფასი ამ ეტაპზე 700 დან 1000 ლარამდე მერყეობს.
„რამდენიმე თვეა, რაც ამ საწარმოში ვმუშაობ. ჩემი საქმე საწარმოო პროცესებზე დაკვირვებაა. სამუშაო ძალიან რთულია, თუმცა ამავდროულად სასიამოვნოც და ძალიან საინტერესოც“, – ამბობს ზაზა.
მუშაობის პარალელურად, ახლა საკუთარ გამოცდილებას პრაქტიკოს სტუდენტებს უზიარებს. მისი დახმარებით საწარმოში პრაქტიკას „განთიადის“ ამჟამინდელი სტუდენტები გადიან.
ზაზას სამომავლო გეგმებიც მის დღევანდელ საქმიანობას უკავშირდება. უახლოეს პერიოდში საკუთარი საწარმოს გახსნას და რძის გადამუშავების დაწყებას გეგმავს. მიღებული აქვს დაფინანსებაც და მეგობრებთან ერთად კოოპერატივი „ჭრელა 2017“ ჩამოაყალიბა. საწარმოსთვის შენობა უკვე აშენებულია და ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
„პროფესიული სასწავლებლები ახალგაზრდებს და არამარტო ახალგაზრდებს დასაქმებისა და შემოსავლის გაჩენის იმედს უჩენს. მთავარია მიზანი და შედეგიც არ დააყოვნებს“, – გვითხრა ზაზამ.
თამარ ბალახაძე
„განთიადის“ კიდევ ერთი კურსდამთავრებულის წარმატების გზაც პროფესიულ განათლებაზე გადის. 26 წლის თამარ ბალახაძეს აქამდე პროფესია არ ჰქონია, დღეს კი უკვე ორი სამსახური აქვს. გორის დედათადა ბავშვთა ცენტრ „იავნანასთან“ არსებულ რეაბილიტაციის ცენტრ „ნაბიჯებში“ მასაჟისტია; ასევე მუშაობს „დღის ცენტრში“, რომელიც შესღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ემსახურება. ფლობს ყველა ტიპის მასაჟის უნარებს, ორივე დაწესებულებაში ჰყავს პაციენტები და მათ საჭიროებიდან გამომდინარე ემსახურება.
ამბობს, რომ პროფესიული პროგრამების არსებობის შესახებ შემთხვევით, მეგობრებისგან გაიგო. მოგვიანებით კოლეჯ „განთიადის“ სტუდენტი გახდა და მასაჟისტის პროფესია შეისწავლა. თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი წარმატებით გაიარა და დამსაქმებლის მოთხოვნებიც სრულად დააკმაყოფილა. თვლის, რომ მისი კარიერული წარმატება პროფესიულ სასწავლებელს უკავშირდება, რადგან კოლეჯში, მაღალი დონის ლექტორ–მასწავლებლების დახმარებით, ყველა საჭირო უნარ–ჩვევა შეიძინა.
იხილეთ პროფესიული კოლეჯი „განთიადის“ პროფესიული პროგრამები
„მე პროფესიული განათლების მიღების შემდეგ შევძელი საკუთარი თავის რეალიზება, რაც ძალიან დამეხმარა საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაში. ყველა დამსაქმებელს ვურჩევ, რომ პროფესიონალი კადრები პროფესიულ კოლეჯებში ეძებონ, რადგამ ამ სასწავლებლებში სტუდენტებს საკუთარი საქმის პროფესიონალად აყალიბებენ. დღეს ორი სამსახური მაქვს და ძალიან ვამაყობ ამით. მართალია, ანაზღაურება მაღალი არ არის, თუმცა ჩემი საქმე მიყვარს და ამ საქმიანობას გულწრფელად ვუდგები. მე ვეხმარები ადამიანებს და ყველაზე მეტად ეს მომწონს“, – გვიყვება თამარი.
თამარს პაციენტები სამსახურის შემდეგაც ჰყავს, დამატებითი შემოსავლის გაჩენის მიზნით ბენეფიციარებს სახლშიც იღებს და საჭიროების შემთხვევაში მათ ბინაზეც აკითხავს.
„ვფიქრობ, რომ თუ ჩემს ცხოვრებაში არ იქნებოდა პროფესიული განათლება და კოლეჯი, დღეს პროფესიის გარეშე და დაუსაქმებელი ვიქნებოდი, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან მიუღებელია. საკუთარ თავს ამ სფეროს გარდა ვერსად ვხედავ, მომავალშიც, ჩემს გეგმებს მასაჟის პროფესიას დავუკავშირებ“, – აღნიშნავს თამარ ბალახაძე.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება