„მოსწავლის დიაგნოსტიკური შეფასების აღწერა ოთხი ტიპის სკოლას დაგვანახებს“ – ნიკო სილაგაძე
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტის, ნიკო სილაგაძის განცხადებით, სკოლამ უნდა იცოდეს, რომ დიაგნოსტიკური შეფასება, რომელიც IV-IX კლასებში უნდა ჩატარდეს, არ არის სკოლის შემოწმების მექანიზმი თუ როგორ ასწავლიან მასწავლებლები ამ სკოლაში ან რამდენად კარგი შედეგები აქვს ამ სკოლას სხვა სკოლებთან შედარებით და ა. შ. მაგრამ თავადვე მიუთითებს, რომ შეიძლება პროცესები ისე ვერ განვითარდეს, როგორც წარმოუდგენიათ და სხვა განწყობებმა იძალოს, რაც როგორც ექსპერტის საუბრიდან გამოჩნდა, სკოლის შეფასების ნაწილიცაა.
„ეს უნდა იყოს ისეთი პროცესი, რომ რეალური სურათის დანახვის საშუალებას გაძლევდეს. ყველა სკოლას ევალება, გააკეთოს სადიაგნოსტიკო შეფასება, მაგრამ ცალობით არ დავითვლით, რამდენი კომენტარი აიტვირთა ელექტრონულ ჟურნალში, სადაც უნდა აისახოს მოსწავლეების მიღწევები. აღწერილობის პროცესში უნდა დავინახოთ, დიაგნოსტირების დახვეწა რით და როგორ იქნება მომავალში საჭირო“, – განაცხადა ნიკო სილაგაძემ 26 აპრილს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და „მოტივირებულ პედაგოგთა ჯგუფის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, რომელიც დიაგნოსტიკურ შეფასებას ეხებოდა.
სილაგაძე ამბობს, რომ დიაგნოსტიკური შეფასებების აღწერილობა, რომელიც მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე უნდა ჩატარდეს, ოთხი ტიპის სკოლას დაგვანახებს, სადაც ერთნი უბრალოდ ხელს გაშლიან და იტყვიან, რომ არ აქვთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მეორენი ზედაპირულად ჩაატარებენ, მესამენი იტყვიან, რომ ყველაფერი სცადეს, მეოთხე კი სანიმუშოდ მოიქცევა.
„შეიძლება დავინახოთ სკოლა, რომელიც ხელს გაშლის და იტყვის, ვერ გამოვა ეს ყველაფერი, რადგან ამის მცდელობისთვისაც კი არანაირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ არსებობს. ბაზა კი რეალურად არსებობს, რადგან მოსწავლემ შეიძლება ეს რვეულის ფურცელზეც განახორციელოს. მთავარი თემა შეგვიძლია წავუკითხოთ მოსწავლეებს და ეს რვეულში დაწერონ. ინტერნეტი შემაფერხებელი ვერ იქნება, თუმცა ონლაინაც შეიძლება ჩატარდეს ეს ყველაფერი. მზაობა თუ ვერ შეძლო სკოლამ, ეს პრობლემების მიმანიშნებელია, რაც საგანმანათლებლო დანაკარგებზეც მიგვანიშნებს.
სკოლების მეორე კატეგორიაში მოიაზრება სკოლები, რომლებიც ჩაატარებენ დიაგნოსტიკურ შეფასებას, მაგრამ ზედაპირულად. იქნება გადაწერილი ან ზედაპირულად შესრულებული კომენტარები და ეს მოცემულობაც არ ჯობია პირველ მოცემულობას.
მესამე ტიპის სკოლა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ სცადა ყველაფერ და გამოვიდა, რომ ამ საგანში ამის მეტი ვერ მოხერხდა, იმ საგანში – იმის მეტი… ამ შემთხვევაში, დირექტორს, რომელიც ასეთი ტექსტით წარსდგება რესურსცენტრთან და სამინისტროსთან, რომ ამის გაკეთება მოხერხდა ამ ეტაპზე და მიზეზთა და მიზეზთა გამო მეტი არ გამოდის, ეს საყვედურის დონე არ იქნება.
მეოთხე სკოლად შეიძლება წარმოვიდგინოთ ის სკოლები, ვინც შეძლებენ ყველა მოსწავლის მიღწევის აღწერას“, – ამბობს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი.
როგორც ცნობილია, განათლების რეფორმების ჯგუფის წარმომადგენელთა განცხადებით, დიაგნოსტიკურ წერაში ნიშანი არ იწერება და ის მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზეც არ ახდენს გავლენას. ამტკიცებენ, რომ ეს არის საშუალება, აღიწეროს მოსწავლის მიღწევები, რომელსაც მასწავლებლები ელექტრონულ ჟურნალში ატვირთავენ. რაც შეეხება მშობლების შეხედულებას ახალ დავალებასთან დაკავშირებით, სილაგაძის განცხადებით, მათ ამ თემას არ უნდა შეხედონ, როგორც შეჯიბრს სხვა მოსწავლეებთან.
„მშობლებმა ამას უნდა შეხედონ არა როგორც მისი შვილის შეჯიბრს სხვა მოსწავლესთან, არამედ როგორც იმ რეალური აღწერილობის მიღებას, სად რა უჭირთ მათ შვილებს. საგანმანათლებლო რესურსცენტრები ადმინისტრატორები არიან ამ პროცესების და რეალურად ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი მასშტაბური ღონისძიება სამინისტროს და ყველა რესურსცენტრის სრული მონაწილეობით კეთდება… ეს ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ გვაძლევს სკოლის საჭიროებების დანახვის კარგ შესაძლებლობას. ეს არ არის დასჯა-წახალისების მექანიზმი. მხოლოდ საშუალებაა, რომ სკოლებს მიეცეთ საშუალება, თავისი პრობლემები დაინახონ“, – ამბობს სილაგაძე.
ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ სკოლებში დიაგნოსტიკური შეფასების დანერგვამ გადაიწიოს და ეს იმ შემთხვევაში, თუ სკოლები ამ პროცესს სერიოზულად არ შეხედავენ და ისე აღიქვამენ, როგორც ვალდებულებას.
„თუკი მაინც სისტემაში იძალებს განწყობა, რომ ეს ბავშვების შესამოწმებლად არის და ტესტია, თუ ეს იძალებს, რომ მასწავლებლებს, სკოლებს გვამოწმებენ ამითი, თუ იძალებს განწყობა, რომ ჩვენ ეს რაში გვჭირდება და მივაგოთ სამინისტროს სამინისტროსი და მოვიშოროთ თავიდან, მაშინ ამის ჩატარებასაც აზრი არა აქვს ამ შემთხვევაში და შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ცოტა მერმისისთვის გადავდოთ ამ ყველაფრის გაკეთება, თუ ვერ დავინახავთ, რომ ის ოთხი ტიპის სკოლა რომ ჩამოვთვალეთ, ხომ რომელიც სულ არ აკეთებს, ან ზედაპირულად აკეთებს, ან მცდელობა ექნება…
“რომ შევხედოთ, ეს ავტორიზაციის პროცესთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ ავტორიზაციის პროცესიც არის პროცესზე ორიენტირებული და იმას ამოწმებს, თუ სკოლას რამდენად შეუძლია იკვლიოს მოსწავლეების საჭიროებები და ამაზე დააფუძნოს შემდგომი აქტივობები. მოკლედ, თუ დავინახავთ, რომ ამ ეტაპზე პროცესების სწორი აღქმა არ არის და ვალდებულება ვალდებულებისთვისაა, ამის ჩატარებას აზრი არ აქვს და შეიძლება ვიფიქროთ, რომ მეტი დროა საჭირო და შემდეგი წლისთვის იყოს ეს სამუშაო გასაკეთებელი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეხედავს სკოლის თითოეული წარმომადგენელი ამ პროცესს და ამას სჭირდება შემზადება“, – აღნიშნა ნიკო სილაგაძემ.
როგორც ჩანს, რეფორმების ჯგუფს თავადაც არ სჯერა, რომ ე. წ. დიაგნოსტიკური შეფასება ცალკე, დამოუკიდებელი ღონისძიება იქნება და არ იმოქმედებს სკოლის, მასწავლებლის თუ მოსწავლის შეფასების ნაწილზე. ალბათ წარმოუდგენელია, წერითი დავალება, რომლის შეფასების აღწერაც პედაგოგს ელექტრონულ ჟურნალში ევალება, მოსწავლემ ჯეროვნად ვერ შეასრულოს და მასწავლებელმა მას სხვა, ნიშნით შესაფასებელ ნაწილში მაინც მაღალი ქულა დაუწეროს. იგივე ითქმის სკოლაზეც, რომელმაც მომავალში ავტორიზაცია უნდა გაიაროს და დიაგნოსტიკური წერის შეფასების ნაწილში გამოჩენილი დაუდევრობისთვის სამინისტრომ მწვანე შუქი აუნთოს.
ასევე იხილეთ:
ის, რაც უნდა ვიცოდეთ მოსწავლის დიაგნოსტიკური წერის შეფასებისას – ნიკო სილაგაძე
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება