დიდი ციფრული უთანასწორობა დისტანციურ სწავლებაში – „ეს განათლებაში დიდ კვალს დატოვებს!“
მსოფლიოში გავრცელებული ახალი ვირუსის გამო, ბევრ ქვეყანაში სასწავლო დაწესებულებები დაიხურა. უწყვეტი სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოები დისტანციური სწავლების მეთოდს იყენებენ. ამ დროს მოსწავლეების საერთო რაოდენობის ნახევარს, დაახლოებით 826 მილიონ ბავშვს, სახლში კომპიუტერი არ მოეპოვება, მათ 43%-ს (706 მილიონი) კი ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.
იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ მონაცემებს თავი მოუყარა მიზნობრივმა ჯგუფმა Teacher Task Force და იუნესკოს მიერ კოორდინირებულმა საერთაშორისო ალიანსმა.
უთანასწორობა განსაკუთრებით მწვავედ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში იგრძნობა. აფრიკის ზოგ ნაწილში მოსწავლეების 89%-ს კომპიუტერი, 82%-ს კი ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. მობილური ტელეფონები მოსწავლეებს ინფორმაციის მოძიებისა და მასწავლებელთან დაკავშირების საშუალებას აძლევს, მაგრამ აფრიკაში დაახლოებით 56 მილიონი მოსწავლე ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც მობილური კავშირგაბმულობა საერთოდ არ არის.
„ახლა ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, პანდემიის დროს უწყვეტი სასწავლო პროცესი მხოლოდ ონლაინ საშუალებებით ვერ შემოიფარგლება. არსებული უთანასწორობის გამოსასწორებლად ჩვენ მხარი სხვა ალტერნატივებსაც უნდა დავუჭიროთ. სწავლების ნებისმიერი ფორმა, მათ შორის რადიო და სატელევიზიო გადაცემები ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ სწავლების შემოქმედებითი მიდგომის ყველა ფორმას განვიხილავთ“,- განაცხადა იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ.
მსოფლიოს მასშტაბით, COVID-19-ის პანდემიის გამო, 191 ქვეყანაში სკოლები დაიხურა. სულ მცირე 1,5 მილიარდი მოსწავლე და 63 მილიონი მასწავლებელი ახალი ვირუსის უპრეცედენტო შედეგების მომსწრე გახდა.
იმ მასწავლებლებისთვისაც კი, რომლებიც სანდო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებში ცხოვრობენ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება შეუძლიათ, ონლაინ სწავლებაზე გადასვლა რიგ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ხოლო რეგიონში მცხოვრები პედაგოგები, რომელთაც ნაკლები ტექნოლოგიური შესაძლებლობა აქვთ, უფრო დიდ პრობლემებს შეეჯახნენ.
ეფექტური დისტანციური სწავლების უზრუნველსაყოფად მასწავლებლები პროფესიონალურ მომზადებას საჭიროებენ. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ეს კიდევ უფრო დიდი სირთულეს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში პროფესიული მომზადების ნაციონალურ მინიმალურ მოთხოვნას დაწყებითი სკოლების მასწავლებლების 64% და საშუალო სკოლის პედაგოგების 50% აკმაყოფილებს.
იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, სტეფანია ჯანინიმ განაცხადა, რომ მსგავსი უთანასწორობა განათლების სფეროში დიდ კვალს დატოვებს. მისი თქმით, ამ ხარვეზების აღმოფხვრა, პანდემიაზე რეაგირების გლობალური კოალიციის შექმნის სტიმული გახდა. ის სახელმწიფო და კერძო სექტორიდან 90-ზე მეტ პარტნიორს აერთიანებს. მისი მიზანი პრობლემის უნივერსალური და სამართლიანი გადაწყვეტილების მოძებნაა.
17 აპრილს იუნესკომ მეხუთე ვებინარი ჩაატარა, ის განათლების სფეროში პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე რეაგირებასა და ქვეყნებს შორის დისტანციური სწავლების გამოცდილების გაზიარებას ეხებოდა.
მოამზადა თეა ინაშვილმა
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება