GE

დიდი გულშემატკივარი ზუგდიდის საგამოცდო ცენტრიდან – როცა მენტორი მასწავლებელი გამოცდაზეც შენი თანამგზავრი და მენტორია

დღეს, 2 ივლისს, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებისთვის დღეს ყველაზე ამაღელვებელი, გამოცდის პირველი დღეა და ვინ შეიძლება ისე გულშემატკივრობდეს აბიტურიენტს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, როგორც რეპეტიტორი მასწავლებელი.

სწორედ ასეთი გულშემატკივარია ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი მანანა მიქავა, რომელიც ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მისულ აბიტურიენტებს ადგილზე დახვდა და ტესტირებაზე შესვლის წინ ბოლო რჩევა-დარიგებებიც მისცა.

როგორც EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, ამ დღეს მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მის წარმატებაზე გულწრფელად ზრუნავენ და მისი სჯერათ.

– მიკო, რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენს მოსწავლეებს გამოცდის დღესაც უგულშემატკივროთ და როგორი იყო ამაზე თავად ბავშვების რეაქცია?

– მასწავლებლობა ჩემთვის მხოლოდ გაკვეთილებით არ შემოიფარგლება. ეროვნულ გამოცდამდე ერთად გავიარეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზა, მთელი წლის მანძილზე ერთად ვშრომობდით, ვუმკლავდებოდით გამოწვევებს, რამაც ერთმანეთს ძალიან დაგვაახლოვა. ამიტომ ჩემთვის ბუნებრივი იყო, რომ ყველაზე მნიშვნელოვან დღესაც მათ გვერდით ვყოფილიყავი. ხშირად სწორედ ნაცნობი სახე და ერთი გამამხნევებელი სიტყვა ამცირებს სტრესს. ბავშვების რეაქცია ძალიან ემოციური იყო, თვალები გაუბრწყინდათ, რომ გაიგეს მათ საგულშემატკივროდ მივიდოდი.

-რა იყო თქვენი სათქმელი მოსწავლებისთვის, სანამ გამოცდებზე შევიდოდნენ?

– ვუთხარი, რომ საკუთარი თავის უნდა ერწმუნათ. გამოცდა მხოლოდ ერთი დღეა, ხოლო მათი ცოდნა, შრომა და შესაძლებლობები გაცილებით მეტია, ვიდრე რამდენიმე საათი. ვთხოვე, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, ყურადღებით წაეკითხათ თითოეული დავალება და არ შეშინებოდათ სირთულეების. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, სცოდნოდათ, მე მათი მჯერა.

– რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლისთვის ასეთ მხარდაჭერას მისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს, როგორ ფიქრობთ, რას აძლევთ ამით თქვენ მოსწავლეებს?

– ვფიქრობ, ასეთ დღეს მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს არის განცდა, რომ მარტო არ ხარ. მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მის წარმატებაზე გულწრფელად ზრუნავენ და მისი სჯერათ. როცა ბავშვი გამოცდაზე შედის იმის რწმენით, რომ ვიღაცას მისი შესაძლებლობების ნამდვილად სჯერა, ეს შინაგან ძალას ჰმატებს. თუ ჩემი იქ ყოფნა თუნდაც ერთ მოსწავლეს სტრესს შეუმსუბუქებს, როგორ არ უნდა გავამხნევო?!

– რა არის თქვენი მთავარი სათქმელი ყველა იმ აბიტურიენტისთვის (მათი მშობლებისთვის), ვინც წელს სტუდენტი გახდება და ცხოვრების ახალ ეტაპს დაიწყებს?

– ყველა აბიტურიენტს მინდა ვუთხრა, რომ ეროვნული გამოცდები ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, მაგრამ ისინი არ განსაზღვრავს ადამიანის მთლიან ცხოვრებას. გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების, არ შეგეშინდეთ შეცდომების და არასოდეს შეწყვიტოთ თავისუფლებისთვის ბრძოლა და განვითარება.

მშობლებს კი ვეტყოდი, რომ ამ დღეებში შვილებს ყველაზე მეტად სჭირდებათ მათი მხარდაჭერა და სიყვარული. შედეგებზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათ იცოდნენ ოჯახისთვის ძვირფასები არიან, ნებისმიერ შემთხვევაში.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური