GE

დიფერენცირებული სწავლების ორი მხარე – ექსპერტები განათლების კარგი სისტემის რაობაზე

დიფერენცირებული სწავლება, რაც სკოლებში,  საშუალო საფეხურზე პროფილური და სპეციალიზებული სწავლების შემოღებას გულისხმობს, სპეციალისტებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მავანნი მისი მეშვეობით განათლების გამრავალფეროვნების უზრუნველყოფას უსვამენ ხაზს, მავანნი კი მიიჩნევენ, რომ  უნივერსალური სწავლების უპირატესობა უკვე არაერთგზის დამტკიცდა.

მოგეხსენებათ, დიფერენცირებულ სწავლებაზე გადასვლა იგეგმება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის მოხდება ეს. აღნიშნული სიახლის დანერგვის შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, საშუალო საფეხურზე, საკუთარი ინტერესების მიხედვით აირჩიონ პროფილი, მიმართულება, რომელსაც უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.

დაგეგმილ ცვლილებაზე საუბრისას განათლების სფეროს ექსპერტი  გია მურღულია ამბობს, რომ ქართული სპეციფიკა აუცილებლად გასათვალისწინებელია, რადგან როგორც წესი, ამის გამო სიახლე ხშირად არაეფექტური გამოდის.

მისი თქმით, ეს თემა ახალი არაა და მუდმივად სადავო ხდება.

„მე პირადად, ყოველთვის უნივერსალური განათლების მომხრე ვიყავი. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ჩახედონ ისეთ დოკუმენტს, როგორიცაა „განათლება 21-ე საუკუნეში“, რომელიც იუნესკომ ჯერ კიდევ წინა საუკუნეში შექმნა. ამაზე ძალიან ბევრი გამორჩეული ადამიანი მუშაობდა მთელი მსოფლიოდან. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ განათლება უნივერსალური უნდა იყოს. თუმცა, სხვამ შეიძლება სხვა დოკუმენტი, ან წიგნი მოიტანოს, სადაც საპირისპირო იქნება ნათქვამი.

„განათლების სფეროში კარგი სისტემა იცით რომელია? რომელსაც შედეგი მოაქვს. სისტემის შეცვლა არაფერს ნიშნავს, თუ ამ ცვლილებამ შედეგი არ მოიტანა.  მე მაინც ვფიქრობ, რომ აქცენტის ღირსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და სკოლის ადმინისტრაციის პროფესიული მომზადება-განვითარებაა. ამ ადამიანებისა და შესაბამისი მოტივაციის გარეშე გინდა დიფერენცირების მეთოდი შემოიღე და  გინდაც უნივერსალური, შედეგი იქნება ისეთი, როგორიც ახლა გვაქვს,“ – აცხადებს მურღულია.

ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საკითხების საფუძვლიანი შესწავლაა საჭირო და ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ რა სახე ექნება დოკუმენტს. ის გადაწყვეტილებას, დიფერენცირებული სწავლების შემოღების თაობაზე, ზოგადს უწოდებს  და დასძენს, რომ მას ძალიან ბევრი თანმდევი დოკუმენტი უნდა ახლდეს. რათა სიახლე ხარისხიანად დაინერგოს.

მისივე თქმით, სკოლებს არჩევანის საშუალება აუცილებლად უნდა მიეცეთ და განათლება მრავალფეროვანი უნდა იყოს. აღნიშნავს, რომ საზოგადოება და სახელმწიფო სკოლებს მეტად უნდა ენდონ. სკოლებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ მათ თავიანთი ორიგინალური სახე, თავიანთი პოტენციალი ისე წარმოაჩინონ, რომ საზოგადოების წინაშე საუკეთესო სახით წარდგნენ. ფიქრობს, რომ ეს დღევანდელი მართვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

„რასაკვირველია, კარგი იქნება, თუ თავისუფლების ხარისხი გაიზრდება და სკოლებს არჩევანის საშუალება ექნებათ, რადგან დაკვეთა ერთფეროვანი და ერთგვარი არსად არაა. მავანს უნივერსალური განათლება სჭირდება, მავანს კი – დიფერენცირებული. მოდით, ეს დამკვეთს მივანდოთ და ბაზარზე არსებული მოთხოვნით მიწოდებაც შესაბამისი იქნება. სკოლებსაც საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალება მიეცემათ.

„დღეს, თითქოს დეკლარირებულია, რომ სკოლა თავისუფალია, მაგრამ ეროვნული სასწავლო გეგმა ამ „ერთლიტრიან ჭურჭელს“ ბოლომდე ავსებს და გვეუბნებიან – შეგიძლიათ თავადაც ჩაასხათ რაც გინდათო. არ ეტევა ბატონო! როგორც თავიდან ითქვა, ეს 60-65%-ს უნდა შეადგენდეს, სკოლის პრეროგატივა კი დანარჩენი პროცენტის შევსება უნდა იყოს.

„მოგეხსენებათ, ეროვნული საწავლო გეგმის საფუძველზე სასკოლო სასწავლო გეგმა უნდა შეიქმნას. ეს შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ძალიან ბევრი სკოლა მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმით მოქმედებს და არაფერს ახალს არ ამატებს. ადამიანს თავისუფლებას თუ აძლევ, შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს, რომ ეს თავისუფლება გამოიყენოს,“ – მიიჩნევს მურღულია.

დიფერენცირებული სწავლების დადებით მხარეებზე საუბრისას განათლების სფეროს სპეციალისტი, პროფესორი გიორგი გახელაძე პირველ რიგში საგანმანათლებლო სისტემის გამრავალფეროვნებას ასახელებს. ამბობს, რომ მოსწავლეთა სხვადასხვაგვარი ინტერესის დაკმაყოფილების მეტი საშუალება გაჩნდება და  მოსწავლეს არჩევანის საშუალება გაეზრდება, რათა საკუთარი ინტერესების შესაბამისად ისწავლოს. მითუმეტეს, რომ საშუალო საფეხური სავალდებულო არაა.

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება ამ იდეას ნეგატიური ახლდეს, ამბობს, რომ  განხორციელება შეიძლება არადამაკმაყოფილებელი იყოს. მაგალითად, ის, რომ ასეთი პროფილური სწავლება ქვეყანაში არასაკამარისი მასშტაბით განხორციელდეს და  ყველას მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილოს, რადგან აღმოჩნდეს, რომ მოთხოვნის შესაბამისი მიწოდება არ არსებობს და პროფილური სწავლების მსურველი უფრო მეტია, ვიდრე სასწავლებლებს შეუძლიათ მიიღონ.

„ასეთი ტექნიკური, ფიზიკური, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა რომ ვერ უზრუნველვყოთ, ეს ხარვეზი შეიძლება გვქონდეს,“ – აცხადებს გახელაძე.

თუმცა იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ დიფერენცირებულ სწავლებაზე ყველა სკოლა უნდა გადავიდეს და ფიქრობს, რომ ასეთი შესაძლებლობა ქალაქის, ან მუნიციპალიტეტების დონეზე უნდა შეიქმნას. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ის პროფილები, რომელთაც მოსწავლეებს შევთავაზებთ.

„ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქნებიან ისეთი მოსწავლეებიც, რომელთაც საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელება სურთ, მაგრამ პროფილური არ აინტერესებთ და მრავალფეროვანი ინტერესები აქვთ, საერთო დიაპაზონის შესწავლა უნდათ. ასეთი შესაძლებლობაც უნდა იყოს.

„მოკლედ, მიდგომა კარგია, ხარვეზი კი განხორციელებაში შეიძლება იყოს თუკი არ იქნება კარგად შესწავლილი და დადგენილი როგორ ნაწილდებიან მოსწავლეები პოტენციურად და როგორ შეგვიძლია ამ სურვილების დაკმაყოფილება თითოეულ მუნიციპალიტეტში,“ – დასძენს იგი.

დიფერენცირებული სწავლება სკოლებში – მომავლის მთავარი სიახლე თუ მოჯადოებულ წრეზე ტრიალი

შემცირებული გაკვეთილები და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა – 2018-19 სასწავლო წლის ცვლილებები

„ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში“ – როდის დაინერგება სკოლებში ახალი ესგ

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური