GE

დიფერენცირებული სწავლება სკოლებში – მომავლის მთავარი სიახლე თუ მოჯადოებულ წრეზე ტრიალი

განათლების მინისტრის მოიადგილის, ლია გიგაურის თქმით, დიფერენცირებულ სწავლებაზე სკოლები სამომავლოდ აუცილებლად გადავლენ, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის მოხდება ეს.

როგორ გიგაურმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განაცხადა, ახალი სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, საშუალო საფეხურზე, დიფერენცირებული განათლების  მოდელი დამუშავდა და ეს მოდელი ახლა შიდა განხილვის პროცესშია. დაინტერესებულ უწყებებსა და პირებს, რომლებიც განათლების სფეროში მუშაობენ, ჯერ მისი ანალიზი არ გაუკეთებიათ.

„თუმცა, პრინციპების დონეზე, ჩვენ შეჯერებული ვართ, რომ მომავალში, საშუალო საფეხურზე გვექნება დიფერენცირებული მიდგომა და პროფილური სწავლება 5 მიმართულებით. ეს მიმართულებებია:  ხელოვნება, სპორტი, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, პროფესიული სწავლება და ჰუმანიტარული საგნები. ექსპერტების მიერ განიხილება ყველა მიმართულებისთვის საერთო  სავალდებულო საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების ჩამონათვალი და ოპტიმალური რაოდენობაც.

„ამ ეტაპზე ეროვნული სასწავლო გეგმა, პროფილური სწავლების მიმართულებით დამუშავებული არ არის. მას შემდეგ, რაც ჩვენ შეთავაზებულ მოდელზე შევჯერდებით, ეროვნული სასწავლო გეგმის დამუშავებას დავიწყებთ. ხოლო მას შემდეგ, რაც გეგმა დამტკიცდება და შესაბამისი სახელმძღვანელოები მზად იქნება,  სკოლებში დანერგვა დაიწყება“, – განაცხადა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 2018 წლიდან საგნობრივი სასწავლო პროგრამების გადამუშავებაზე მუშაობა დაიწყება. ამის ფარგლებში კი, ყველაზე მთაავარი ცვლილება დიფერენცირებული სწავლება იქნება. აქვე ჩიქობავამ  არ გამორიცხა, რომ აღნიშნული ცვლილება, თავდაპირველად, ყველა სკოლას არ შეეხოს.

“ყველაზე მთავარი ცვლილება დიფერენცირებული სწავლებაა. ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მიმართულებების გაყოფა, რათა მოსწავლეებმა საკუთარი ინტერესების მიხედვით შეძლონ შესაბამისი მიმართულების არჩევა. ეს, რა თქმა უნდა, რომელიმე საგნის ამოღებასა და გამორიცხვას არ ნიშნავს. საბაზისო უნარებს, რაც მაგალითად მათემატიკაშია საჭირო, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე მყოფი მოსწავლეც ისწავლის. როცა საგნობრივ პროგრამებზე დავიწყებთ მუშაობას, უფრო დეტალურად გამოჩნდება რომელ საგნობრივ ჯგუფში რა და როგორ შეიცვლება და როგორ შევთავაზებთ სკოლებს“, – განგვიცხადა ჩიქობავამ.

დიფერენცირებული სწავლების შესახებ სპეციელისტებსა და პედაგოგებს სკეპტიკური და კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ. ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ასეთი ფორმით სწავლების მცდელობა უკვე იყო თუმცა არ გაამართლა.

“მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ და ამით არაფერი იცვლება… საჯარო სკოლა ბავშვს ეროვნული გამოცდებისათვის აუცილებელი ცოდნის მინიმუმსაც ვერ აძლევს… რომ არა რეპეტიტორები მთლად უვიცი თაობები გვეყოლებოდ… რაღაც ახალ-ახალი საგნების გამოგონება და შეტანა, სწავლების ახალ-ახალი მეთოდების გამოგონება და თავს მოხვევა ტრენინგების სახით სწავლის ხარისხს ვერ შეცვლის, და ვერც გააუმჯობესებს (პირიქით აუარესებს)…ნუ დაანაწევრეთ ძირითადი საგნები, დისციპლინები.. გეოგრაფია გეოგრაფიას აღარ ჰგავს და ისტორია ისტორიას… ყველაფერი აურ-დაურიეთ ერთმანეთში….გააძლიერეთ ამ საგნების სწავლება და შედეგიც იქნება..”, – ნოდარ ფეიქრიშვილი. (შეფასება გასული სტატიის საფუძველზე თ.მ)

“დიფერენცირებული სწავლების მცდელობა იყო უკვე და არ გაამართლა, (ამასთანავე სკოლის ასაკში ასეთი არჩევანის გაკეთება შეუძლებელია) მისაღები გამოცდებისას კი ყველას ერთნაირად მოეთხოვებათ, გამოცდებსაც დიფერენცირებულს გააკეთებენ? სხვა პროგრამა იქნება საბუნებისმეტყველოებისთვის და განსხვავებული ჰუმანიტარულებისთვის? ზოგადი განათლება ნიშნავს ზოგადს, უმაღლესში ირჩევენ უკვე კონკრეტულად რომელ დისციპლინებს გაყვებიან. კიდევ ერთი, ნუთუ ასე რთული გასაგებია რომ პროგრამა უნდა გააუმჯობესონ და უფრო მეტი დრო დაუთმონ სხვადასხვა დისციპლინებს და არა შეამცირონ!

თუ საზღვარგარეთის რომელიმე განათლების სისტემის მოდელის გადმოღება უნდათ (თუმცა ვერ გავიგე რომლის) განვითარებულ ქვეყნებში ბავშვები დღის უმეტეს ნაწილს სკოლაში ატარებენ, ჩვენთან კი კიდევ ამცირებენ? რატომ? მოსწავლეებს რამე სხვა საქმისთვის უთავისუფლებენ დროს? აბსოლიტურად უსარგებლო გაკვეთილებს ამატებენ და ამბობენ რომ შეიძლება მოაკლდეთ საათები სხვა დისციპლინებს? რაში მდგომარეობს ლოგიკა “გაუმჯობესების”, ისედაც ბევრი ბავშვი ვერ აბარებს მომზადების გარეშე და თვლიან რომ ძალიან დატვირთულია საგანმანათლებლო პროცესი?”, – მაია გრძელიშვილი.  (შეფასება გასული სტატიის საფუძველზე თ.მ)

შემცირებული გაკვეთილები და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა – 2018-19 სასწავლო წლის ცვლილებები

„ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში“ – როდის დაინერგება სკოლებში ახალი ესგ

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური