„დირექტორების მესამედი ამბობს, რომ სკოლისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს“
სკოლის დირექტორთა მთავარი მოვალეობაა ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მომზადებას თანამედროვე საზოგადოებასა და ეკონომიკაში ინტეგრირებისათვის. ეს უნდა იყოს გარემო, რომელშიც მოსწავლე შეძლებს თავად წარმართოს საკუთარი განათლების პროცესი და რომელიც შეუქმნის მას მოტივაციას, რომ გააგრძელოს სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში.
„საქართველოში დაბალია საჯარო სკოლების ავტონომიურობის ხარისხი. დირექტორებს სრული თავისუფლება აქვთ სკოლებში საკადრო საკითხების გადაწყვეტილების მიღების დროს“, – ვკითხულობთ სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევაში, რომლის დეტალური ანგარიშიც ნოემბრის თვეში გამოქვეყნდა.
TALIS-ის გამოკითხვით გაირკვა, რომ დირექტორების თითქმის მესამედი (30%) ამბობს, რომ სკოლისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თავად, ერთპიროვნულად იღებს, თუმცა დირექტორთა 21% აღნიშნავს, რომ ვერ ახდენს გავლენას იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მისი სკოლის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია. დირექტორთა 64%-ზე მეტი ამბობს, რომ უკმაყოფილოა თავისი სამუშაო ანაზღაურებით, ხოლო 19% შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა სამუშაო პირობებით.
რაც შეეხება დირექტორების ასაკს, კვლევაში აღნიშნულია, რომ 2013 წლის შემდეგ საქართველოში სკოლის დირექტორის პროფილი საგრძნობლად არ შეცვლილა. ტიპური სკოლის დირექტორი საქართველოში დაახლოებით 50-52 წლის ქალია (60%) რომელთა უმრავლესობას მაგისტრის ხარისხი (87%), ხოლო მცირე რაოდენობას (4%-ს) კი დოქტორის ხარისხი აქვს.
„დირექტორის სკოლაში მუშაობის გამოცდილება, რომელშიც ამჟამად სკოლაში ასწავლის დაახლოებით 9 წელია, აქედან 5 წელი ადმინისტრაციულ პოზიციაზე. დირექტორთა დაახლოებით 44% მუშაობს სრულ სამუშაო განაკვეთზე. მათი დატვირთვა, მასწავლებლობის კვლევის მიხედვით, სკოლის მოქმედ დირექტორებს, საშუალოდ კიდევ 7±4 წელი სურთ ეკავოთ სკოლის დირექტორის თანამდებობა.
„მათი დიდი ნაწილი (დაახლოებით 75%) გამოთქვამს უკმაყოფილებას საკუთარ ანაზღაურებასთან დაკავშირებით და ისურვებდა, რომ მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონის მთავრობის, რესურსცენტრის ან განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
როგორც კვლევიდანაც ჩანს, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ხანდაზმულობა ისევე, როგორც ასაკის გამო მათ მიერ სამსახურის დატოვება განათლების სისტემისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით კი კადრების ჩანაცვლების თვალსაზრისით. ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს ახალი ტექნოლოგიების ათვისებისა და დანერგვის საჭიროება, რაც, თავის მხრივ, მკვეთრად ზრდის მოთხოვნას არსებული კადრების პროფესიულ განვითარებაზე.
„საქართველოში სკოლის დირექტორების საშუალო ასაკი დაახლოებით 52 წელია, რაც მხოლოდ 1 წლით აღემატება TALIS-ის საშუალო მაჩვენებელს და დაახლოებით OECD-ის საშუალო მაჩვენებელს უტოლდება. საქართველოში სკოლის დირექტორთა დაახლოებით 70%-ის ასაკი 40-დან 59 წლამდეა, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის დირექტორების წილი არის დაახლოებით 22%. ახალგაზრდა (40 წელზე ნაკლები) დირექტორების წილი კი საქართველოში – დაახლოებით 8%. საქართველოში სკოლის დირექტორთა საშუალო ასაკი და მათი პროცენტული განაწილება საკმაოდ ახლოსაა კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნების შესაბამის მაჩვენებლებთან, მათ შორის, იმ ქვეყნების მაჩვენებლებთან, რომელთაც მაღალი შედეგები აქვთ PISA-ს საერთაშორისო შეფასებაში“, – წერია დოკუმენტში.
TALIS-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოში სკოლის დირექტორების ასაკობრივი განაწილების ბალანსი არც ისე ცუდია, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის შემდეგ თითქმის ორჯერ შემცირდა ახალგაზრდა დირექტორების წილი და ეს ცვლილება გადანაწილდა უფრო მაღალი ასაკობრივი ჯგუფის დირექტორების წილებზე, რომლებიც მცირედით გაიზარდა. ახალგაზრდა დირექტორების წილის შემცირების მაჩვენებლით საქართველო მე-6 ადგილზეა კვლევაში მონაწილე ქვეყნებს შორის.
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება