GE

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მიზნით, ნოემბრის პირველ კვირაში დამატებით 9 278 მოსწავლე დარეგისტრირდა

საქართველოში დისტანციურ სწავლებაზე დაბრუნების მსურველთა რიცხვი არ კლებულობს.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ, EDU.ARIS.GE-სთვის დღეს მოწოდებული ინფორმაციით, 4 ნოემბერს, ტრადიციულ ხუთშაბათ დღეს (როცა ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციისთვის შესაბამისი პორტალი ხელმისაწვდომი ხდება), დამატებით დარეგისტრირდა 9 278 მოსწავლე და ისინი საგანმანათლებლო პროცესში დისტანციურად ჩაერთვებიან.

შედარებით მომატებულია ონლაინ სწავლების გაუქმებისა და კვლავ დასწრებულზე გადასვლის მსურველთა რიცხვი. ნოემბრის პირველ კვირაში, დასწრებული სწავლების მოთხოვნის სურვილით, შესაბამის პორტალზე 5 935 მოსწავლე დარეგისტრირდა, ანუ გააუქმა ონლაინ სწავლების მოთხოვნა.

კორონაპანდემიის პარალელურად, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში 4-ოქტომბრიდან განახლდა. ამ დროის განმავლობაში, მოსწავლეები და მათი მშობლები იყენებენ შესაძლებლობას, რომ დისტანციურ ფორმატში სწავლება აირჩიონ და ყოველკვირეულად ასეთ სურვილს ათი ათასამდე პირი გამოთქვამს. დისტანციურ სწავლებაზე რეგისტრირებულთა საერთო ჯამი 5 ნოემბრის მდგომარეობით, დაახლოებით 44 ათასამდეა.

5 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 5 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის სპეციალური ვებგვერდის stopcov.ge ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 631 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 62 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,66%, ბოლო 14 დღის – 9,45%, ბოლო შვიდი დღის – 9,99%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 743 511 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 681 919 გამოჯანმრთელდა, 10 300 კი, გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ:

საუბარია, რომ მშობლის სურვილის შემთხვევაში, აიცრას ყველა 12-დან 15 წლამდე ბავშვი

სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეს მოსწავლის მშობელი ონლაინ სწავლების არჩევის შემთხვევაში – დეტალები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური