GE

დისტანციური სწავლება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და შეთავაზება აბიტურიენტებს

პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ განათლების სისტემის ყველა რგოლი ახალი გამოწვევების წინ დააყენა. გამონაკლისი არც უმაღლესი სასწავლებლები აღმოჩნდნენ. სიტუაციიდან გამომდინარე უნივერსიტეტებისა და სტუდენტებისთვის დღის წესრიგში მთავარ საკითხად დისტანციური სწავლება დადგა. საინტერესოა, როგორ გაართვა თავი ამ გამოწვევას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, რა შეღავათები დააწესეს სტუდენტებისთვის და რა შეთავაზებები აქვთ წლევანდელი აბიტურიენტებისთვის, რომლებიც არჩევანს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტზე გააკეთებენ. აღნიშნულ საკითხებზე EDU.ARIS.GE კსუ-ის ვიცეკანცლერს, ნინო ჩუბინიძეს ესაუბრა.

– მსოფლიო პანდემიამ უნივერსიტეტები დისტანციური სწავლების აუცილებლობის წინაშე დააყენა. როგორ შეხვდა ამ გამოწვევას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი?

– მსოფლიოში ახალი პანდემიის გამოცხადებისთანავე, 2020 წლის თებერვალში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დაიწყო ელექტრონულ სწავლებაზე გადასვლისათვის საჭიროებების კვლევა, რათა გაზაფხულის სემესტრის ნაწილობრივ ანდა სრულად (გარდა მედიცინის პროგრამებისა) ელექტრონულ ონლაინ სწავლების ფორმატში გადაყვანა უზრუნველეყო.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი ინსტიტუცია იყო, რომელმაც ამა წლის მარტის თვეში საჯაროდ დააფიქსირა 16 მარტიდან 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ელექტრონულ სწავლებაზე გადასვლის მზაობა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ამ გაბედულ ნაბიჯს ლოგიკური და მყარი საფუძველი ჰქონდა. ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში სწავლა-სწავლებაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის თანმიმდევრულ პოლიტიკას.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეფუძნება და ავითარებს ელექტრონულ სწავლებას ევროპის უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაციის ENQA-ს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ასევე იზიარებს იუნესკოს რჩევებს ელექტრონული სწავლებისთვის ტექნოლოგიური სისტემის, აკადემიური პერსონალის, სტუდენტთა და შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადების შესახებ.

ელექტრონული სწავლების დაწყებამდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ შეიქმნა ონლაინ სწავლების მართვის ჯგუფი და განისაზღვრა მათი მოქმედების გეგმა, ელექტრონული პლატფორმები, რომელთა გამოყენებითაც განხორციელდებოდა სწავლება, გადაამზადა ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ამ პლატფორმების გამოსაყენებლად; შეიძინა პროგრამების გამოყენების შესაბამისი ნებართვები და ლიცენზიები, მოამზადა სახელმძღვანელო ტუტორიალები როგორც პროფესორებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის: Webex-ის გზამკვლევი, Zoom-ის გზამკვლევი, Uni-voice-ის გზამკვლევი, Moodle-ის გზამკვლევი.

დღეისათვის უნივერსიტეტში ელექტრონულ სწავლებას აკადემიური პერსონალიდან 320 ადამიანი, 550 სასწავლო კურსისათვის ახორციელებს. ასევე შემუშავებულია სწავლების ხარისხის შემოწმების მექანიზმები და მიმდინარეობს ონლაინ ლექციებისა და სემინარების მონიტორინგი.

– რა პლატფორმები აარჩია უნივერსიტეტმა?

– უნივერსიტეტი რამდენიმე ელექტრონულ პლატფორმასა და ეკოსისტემას იყენებს, ესენია: Camtasia – ლექციების მომზადებისა და აუდიოვიზუალური ჩაწერის პროგრამა, Cisco Webex და Zoom პლატფორმები, ასევე Moodle-ის სისტემა და ახალი ეკოსისტემა Uni-Voice.

– როგორ შეაფასებთ სემესტრის მიმდინარეობას ამ ვითარებაში?

– რაც ელექტრონულ სწავლებაზე გადავედით, ობიექტური და სუბიექტური მიზეზებით გამოწვეული სირთულეები მეტწილად დავძლიეთ ტექნიკური პერსონალისა და პროფესორების მოტივაციის შედეგად, ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენთვის სტუდენტების თვითშეგნებისა და ჩართულობის დონე. ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტთა ჩართულობა სასწავლო პროცესში მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა. აქტივობა ფიქსირდება ლექციების ჩამოტვირთვისა და აღნიშნულ პლატფორმებზე სტუდენტთა რეგისტრაციის მიხედვითაც.

– პრაქტიკული კურსების პროფესორები როგორ უმკლავდებიან დისტანციური სწავლების ამოცანას?

– პრაქტიკული კურსები, როგორიც არის: მედიცინის პროგრამებში კურაციული მეცადინეობები, პრაქტიკა, ლაბორატორიული მუშაობა და ა.შ. გადატანილია პანდემიის შენელების პერიოდისათვის და ვიმედოვნებთ, რომ განახლდება და ჩატარდება ივნისი-აგვისტოს პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, სექტემბერ-ოქტომბერში.

– საგამოცდო პროცესის დისტანციურად ჩატარებისას რა მექანიზმები არსებობს სტუდენტთა მხრიდან ნებისმიერი მანიპულაციის გამოსარიცხად?

– კსუ-ში ელექტრონული გამოცდების სისტემა 2019 წლიდან იყო დანერგილი, შესაბამისად, Moodle-ის სისტემის გამოყენების პრაქტიკა უკვე არსებობდა. დღეისათვის შუალედური გამოცდები ჩატარდება ელექტრონულად უმრავლეს საგნებში. ელექტრონულ გამოცდაზე შესვლა და მიმდინარეობა შეზღუდულია დროში, რაც უზრუნველყოფს სტუდენტის მხრიდან განხორციელებული შესაძლო მანიპულაციის შეზღუდვას. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მომზადებულია საგამოცდო საკითხების ბანკი თითოეულ საგანში, ამით უზრუნველვყოფთ ინდივიდუალური საგამოცდო ბილეთების გენერირებას თითოეული სტუდენტისთვის კონკრეტულ მოცემულ საგამოცდო საათზე.

საგამოცდო საკითხები შერეული ხასიათისაა, მოიცავს როგორც ღია, ასევე დახურულ კითხვებს, ეს იძლევა საშუალებას სტუდენტი შეფასდეს ობიექტურად. მიუხედავად საგამოცდო პროცესის დაცულობის მექანიზმების არსებობისა, ყველაზე დიდი დაცვა სტუდენტების კეთილსინდისიერებაა და, მიგვაჩნია, რომ რაც მეტად ვენდობით ახალგაზრდებს, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა გადაგვაქვს მათზე და ეს კიდევ უფრო ამაღლებს სტუდენტების თვითორგანიზებასა და თვითშეგნებას.

– მიმდინარე პანდემიისა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რა სახის შეღავათები მოქმედებს სტუდენტებისთვის?

– უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადახდის სისტემა სრულად არის მორგებული სტუდენტებზე. მიმდინარე სემესტრში, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ მიემართათ დეკანატისთვის და შეემუშავებინათ მათთვის ხელსაყრელი გადახდის გრაფიკი, სადაც მათ სრული თავისუფლება ჰქონდათ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შეღავათებით სტუდენტების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ისარგებლა და ისინი შეფერხების გარეშე ესწრებიან ონლაინ ლექცია/სემინარებსა და გამოცდებს.

– რა შეთავაზებები გაქვთ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც არჩევანს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტზე შეაჩერებენ?

– მომავალი სასწავლო წლისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ ნომრად არჩევის შემთხვევაში, აბიტურიენტებს ვთავაზობთ 20%-იან შიდა გრანტს. ასევე, ის აბიტურიენტები, რომლებიც სკოლას ოქროს ან ვერცხლის მედალზე დაასრულებენ, სწავლის საფასურის 20% და 10%-იანი დაფინანსებით ისარგებლებენ. გარდა ამისა, მათ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ 100%, 50% და 20%-იანი სემესტრული სტიპენდია.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველწლიურად სწრაფი ტემპებით ვითარდება და შესაბამისად, შემდეგი სასწავლო წლისთვის მზადებაც უკვე აქტიურად მიმდინარეობს. მომავალ სტუდენტებს უნივერსიტეტში ელოდებათ ევროპული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე აუდიტორიები, ლაბორატორიები, კვლევითი ცენტრები, ბიბლიოთეკა, პრაქტიკოსი ლექტორები, მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება და მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გრაფიკი. ასევე, უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტის აქტიური გაცვლითი პროგრამები, რომლის მეშვეობითაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება.

ასე რომ გელოდებით, იგრძენით ცოდნის ძალა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური