დისტანციური სწავლების სასკოლო სასწავლო გეგმა დამტკიცდა
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ახალი ბრძანების შესაბამისად, (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №95/ნ 2020 წლის 9 სექტემბერი), საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები დამტკიცდა.
ბრძანებაში ცალკე თავი ეთმობა სასწავლო გეგმას სკოლებისთვის დისტანციური სწავლების შემთხვევაში.
დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზება
დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზების გეგმას ადგენს სკოლა, სკოლის დირექციის, ადმინისტრაციისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (საგნობრივი კათედრები, პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო) ჩართულობით.
სინქრონული ელექტრონული სწავლების შემთხვევაში სკოლა ადგენს სასკოლო საათობრივ ბადეს. ამ დროს მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო დატვირთვის (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების) რაოდენობა არის შემდეგი:
დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი:
ა) I-IV კლასებში – 15-20 წუთი;
ბ) V-IX კლასებში – 25-30 წუთი;
გ) X-XII კლასებში – 35-40 წუთი.
გეგმის თანახმად, რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება.
რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება.
ასინქრონული ელექტრონული სწავლების შემთხვევაში სკოლა ადგენს სასკოლო საათობრივ ბადეს დისტანციური სწავლების პერიოდისათვის.
ჰიბრიდული დისტანციური სწავლების შემთხვევაში სკოლა ადგენს საგაკვეთილო ცხრილს თითოეული საკლასო ჯგუფისთვის თითოეულ საგანში, რომელშიც მითითებულია გაკვეთილების ჩატარების ფორმა: დისტანციური ან დასწრებით, ასევე განსაზღვრავს საკლასო განაყოფებს დასწრებით გაკვეთილებისთვის.
საჯარო სკოლაში ჰიბრიდული დისტანციური სწავლების შემთხვევაში დასაშვებია კლასის გაყოფა დასწრებით გაკვეთილების დაგეგმვისას, ხოლო დისტანციური გაკვეთილების ჩატარება რეკომენდებულია მთელი საკლასო ჯგუფისთვის.
სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა არც ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა, ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში.
სკოლა ვალდებულია მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს იმისათვის, რომ I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უზრუნველყოს დასწრებით სასწავლო პროცესი.
სკოლა ვალდებულია, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს იმისათვის, რომ სკოლის სივრცეში უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მათი საგანმანათლებლო საჭიროებების შესაბამისი მომსახურების მიწოდება.
დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელის განხორციელების შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის მის შესაძლებლობებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება, დამრიგებლის, საგნის მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლისა და საჭიროების შემთხვევაში, სკოლის ინკლუზიური განათლების დამატებითი სპეციალისტების ჩართულობით.
სკოლა ვალდებულია დისტანციური სწავლებისას დაიცვას თითოეული მოსწავლის საუკეთესო ინტერესები, პერსონალური მონაცემები და მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.
დისტანციურ სწავლების მეთოდოლოგია და სასწავლო რესურსები
1. სკოლაში დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელის გამოყენების დროს მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა თემების/თემატური ერთეულების და კომპლექსური დავალებების მეშვეობით დაგეგმონ სასწავლო პროცესი.
2. ეროვნულ სასწავლო გეგმაში რიგი საგნებისთვის მოცემულია სავალდებულო თემები (მაგ., საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებები), ხოლო რიგ საგნებში ისინი თავად მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს (მაგ., ხელოვნებაში, მუსიკაში, უცხოურ ენებში, ქართულში) სასწავლო პროცესის დაწყებამდე.
3. დისტანციური სწავლებისას სასწავლო რესურსად შეიძლება გამოყენებულ იქნეს: გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოები, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სახის დამხმარე ელექტრონული რესურსები, მასწავლებლის, მოსწავლეების, შესაბამისი სპეციალისტების მიერ მომზადებული ელექტრონული რესურსები და სხვა;
4. კომპლექსური დავალებების შედგენა, მათი მეშვეობით სასწავლო პროცესის დაგეგმვა და შეფასება წარმოებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ სკოლისთვის მიწოდებული მეთოდიკური რეკომენდაციებისა და საგნობრივი გზამკვლევების შესაბამისად.
როგორ მოხდება მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა
1. სკოლა ვალდებულია სისტემატურად აწარმოოს მოსწავლეთა დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
2. კლასის დამრიგებელი ვალდებულია დაადგინოს მოსწავლის მიერ დისტანციური გაკვეთილის გაცდენის მიზეზები და იმ შემთხვევაში თუ:
ა) აღნიშნული გამოწვეულია მოსწავლის მხრიდან შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის (მოწყობილობისა და ინტერნეტთან წვდომის) არქონით, ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის დირექტორს და პრობლემის მოგვარებამდე მასწავლებელთა ჯგუფთან ერთად ინდივიდუალურად განიხილოს არსებული შესაძლებლობები და დაგეგმოს ალტერნატიული ღონისძიებები მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასართავად.
ბ) მოსწავლესთან/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება და უცნობია გაკვეთილებზე დაუსწრებლობის მიზეზები, სკოლამ უნდა იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სკოლა ვალდებულია გამოყოს შესაბამისი სივრცე მასწავლებლისთვის დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად იმ შემთხვევაში თუ:
ა) მასწავლებელი ვერ ახერხებს სახლიდან ჩართვას;
ბ) მასწავლებელს არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა/ინტერნეტი.
დისტანციური სწავლების შეფასება
1. სკოლაში დისტანციური სწავლების დროს მოსწავლეთა შეფასება წარმოებს როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
2. დამატებითი რეკომენდაციები დისტანციური სასწავლო პროცესის შესაფასებლად, სკოლას მიეწოდება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ.
დოკუმენტის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება