დისტანციური სწავლების თავისებურებები გერმანიაში – ინტერვიუ გერმანელ პედაგოგებთან
კორონავირუსის გამო ჩაკეტილ მსოფლიოში ქვეყნებს ახალ რეალობასთან შეგუება და გამოსავლების მოძებნა მაქსიმალურად მოკლე დროში მოუწიათ. გამონაკლისი არც განათლების სფეროა. ხელისუფლებებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელობებს თითქმის სრულიად “ახალი ხილის” – დისტანციური სწავლების გასინჯვა და ათვისება მოუხდათ. ამ დროისათვის მილიონობით ბავშვი, მსოფლიოს მასშტაბით, სწავლას სახლში აგრძელებს. ქვეყნები ერთმანეთის გამოცდილებას იზიარებენ და წარმატებულ მოდელებს საკუთარ პრაქტიკაში ნერგავენ.
EDU.ARIS.GE–მ გერმანელ მასწავლებლებთან ინტერვიუ ჩაწერა და მათთან არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. დავინტერესდით თუ როგორ უმკლავდებიან ონლაინ სწავლებას ევროპის ერთ-ერთ წამყვან, წარმატებულ ქვეყანაში, რას აჩვენებს მათი გამოცდილება, აქვთ თუ არა ისეთივე სირთულეები, როგორიც საქართველოში და რას მიიჩნევენ მთავარ გამოწვევად.
ალექს ვაისი ბერლინის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში (გერმანიაში სკოლები კლასების მიხედვითაა დაყოფილი – დაბალი კლასების მოსწავლეები ცალკე სკოლაში დადიან, ხოლო მაღალი კლასების მოსწავლეები – ცალკე) მათემატიკას, სპორტს, გერმანულს, მეცნიერებებსა და ინგლისურს ასწავლის. სებასტიან პრეხთი კი ჰამბურგიდანაა. იგი ხელოვნებისა და სპორტის მასწავლებელია.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში, თითოეული მიწის ადგილობრივი ხელისუფლება თავად იღებს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად ყველა სფეროში, მათ შორის – განათლებაშიც. პროცესები იქ ნაკლებად ცენტრალიზებულია. ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სკოლის არდადეგები თუ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის თარიღი და მეთოდები, ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალური ხელისუფლების მითითებებს არ ელოდება და გადაწყვეტილებებს თავად იღებს. მეტიც, ჩვენი რესპონდენტების საუბრიდან ჩანს ისიც, თუ რამხელა დამოუკიდებლობა აქვთ თავად სკოლებს და მის ხელმძღვანელობას. დირექტორები თავისუფლები არიან თავიანთ გადაწყვეტილებებსა და არჩევანში და განათლების სამინისტრო მათ საქმიანობაში არ ერევა.
-მოგვიყევით იმ მეთოდებზე, რომელთაც დისტანციური სწავლებისთვის იყენებთ. რომელი პროგრამებით სარგებლობთ?
სებასტიანი: ჩვენ აზრი, თავდაპირველად, მოსწავლეებს ვკითხეთ. მათთან ერთად გავაკეთეთ ჯგუფური სასაუბროები, რომელთაც კომუნიკაციისათვის ვიყენებთ და რომლის მეშვეობითაც დავალებებს ვაძლევთ. შემდეგ გამოვკითხეთ თუ როგორ ეგუებოდნენ, როგორ მიმდინარეობდა ამ ტიპის სწავლება და რა სჭირდებოდათ დამატებით. ამ დროისათვის ძირითადად MSTeams – ის პროგრამას ვიყენებთ.
ალექსი: ჩვენს სკოლაში მოსწავლეებს ერთი კვირის გეგმას ვაძლევთ ყველა საგანში თემებითა და დავალებებით. გარდა ამისა, ვიყენებთ სპეციალურ სასწავლო აპლიკაციას, სადაც შეგვიძლია ჯგუფები შევქმნათ და მათ დავალებები მივცეთ ისეთ საგნებში, როგორიცაა მათემატიკა, გერმანული ენა და მეცნიერებები.
-დისტანციური სწავლების დროს თითოეულ საგანს იმდენივე დრო ეთმობა, რამდენიც სკოლაში სწავლისას ეთმობოდა?
სებასტიანი: არა, სასწავლო პროცესს ცოტა უფრო ნაკლები დრო დავუთმეთ, რათა მათთვის ასევე დაგვეტოვებინა დრო ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად.
ალექსი: ჩვენს სკოლაში დავალებების შესრულების პროცესი და დრო არ კონტროლდება. თუმცა მაღალ კლასებში ყველაფერი განსხვავებულადაა. მათ დავალებები ფიქსირებულ დროში, კონკრეტული თარიღისათვის უნდა მოამზადონ.
-საქართველოში გაკვეთილები ნაკლებად ინტერაქტიულია. თქვენთან როგორი სისტემაა? რამდენად ინტერაქტიულია თქვენი გაკვეთილები? ითვალისწინებს თუ არა იგი მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას და როგორია ეს ჩართულობა?
სებასტიანი: ვფიქრობ, აქ კონტექსტის გათვალისწინება მნიშვნელოვანია. მე მყავს მოსწავლეები რომლებიც სკოლაში ბოლო წელს ატარებენ. მათ ორი კვირაღა აქვთ დარჩენილი, ახლა გამოსაშვები გამოცდებისთვის ემზადებიან. მათ ამ ორი კვირისთვის დავალებები მივეცი. მიმაჩნია, რომ მაღალ კლასებში დამოუკიდებლად მეცადინეობისთვის დავალებების მიცემა კარგია. თუმცა ასევე მინდა ვცადო ინტერაქტიული ფორმები – შერეული სწავლება.
ალექსი: გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენთან არანაირი ინტერაქცია არ არსებობს. ზოგიერთი მასწავლებელი მოსწავლეებს ვიდეოებს უგზავნის, მაგრამ ასეთი შემთხვევების შესახებ ბევრი არ მსმენია.
-გაქვთ თუ არა შეფასების სისტემა? ანუ, აფასებთ თუ არა მოსწავლეებს დისტანციური სწავლების დროს ქულებით?
სებასტიანი: ეს კლასებზეა დამოკიდებული. უმაღლეს კლასებში უნდა გვქონდეს შეფასებები. დაბალ კლასებში კი შეფასებები არ გვაქვს. ორივე შემთხვევაში ვცდილობთ სიტუაცია გავითვალისწინოთ.
ალექსი: არა, ჩვენ არ ვწერთ ნიშნებს. ზოგადად, დაბალ კლასებში ნიშნებისა და ქულების დაწერა იშვიათად ხდება. ეს, ჩვეულებრივ, იწყება მესამე კლასიდან, თუ ამას მშობლები ითხოვენ.
-როგორია ამ პროცესში სახელმწიფოს როლი, რა გადაწყვეტილებები მიიღო გერმანიის მთავრობამ იმისათვის, რომ ბავშვებმა მაქსიმალურად ხარისხიანი განათლება მიიღონ? გატარდა თუ არა ამისათვის რაიმე სპეციალური ზომები?
სებასტიანი: ჩვენთან თითოეული ფედერალური მთავრობა თავად იღებს გადაწყვეტილებებს განათლების სფეროში. საერთო ჯამში, ადგილობრივი მთავრობა მოქმედებს გაურკვევლად და ყოყმანით. სკოლის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები, ჩემი კოლეგები არიან პასუხისმგებლიანი სკოლის მიერ მიწოდებული სერვისის ხარისხზე. არსებული სიტუაციის ფონზე, მთავრობამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.
-როგორ ფიქრობთ, დისტანციური განათლებით ისეთივე ცოდნას იღებენ ბავშვები, როგორსაც ჩვეულებრივ, სკოლაში მიიღებდნენ?
სებასტიანი: კოგნიტურ ცოდნასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ხარისხი მსგავსი იქნება. მეთოდოლოგიურად კი, ისინი სწავლობენ რაღაც ახალს ტექნოლოგიისა და დამოუკიდებელი სწავლის თვალსაზრისით. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სიტუაციაში მოსწავლეები ერთმანეთს მხარს უჭერენ, ასე რომ, ისინი ასევე სოციალურ პასუხისმგებლობასაც სწავლობენ. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, არსებობს სფეროები, სადაც ხარისხის შენარჩუნება შეუძლებელია – მაგალითად, მუსიკა და სპორტი.
ალექსი: ვფიქრობ, რომ არა, რადგან მშობლებს არ აქვთ ისეთივე ცოდნა სწავლების შესახებ, რაც ჩვენ გვაქვს. არ შეუძლიათ ასწავლონ სხვადასხვა საგანი სწორი გზით. ბევრი მსმენია იმის შესახებ, რომ მშობლები ვერ ახერხებენ სახლში სწავლებასთან გამკლავებას.
-დასრულდება თუ არა სასწავლო წელი იმ დროს, როცა უნდა დასრულებულიყო? არსებობს თუ არა სასწავლო წლის ჩავარდნის საშიშროება? ან ხომ არ განიხილება ზაფხულში სწავლა?
სებასტიანი: იმედი მაქვს და მჯერა, რომ სასწავლო წლის დროულად დასრულება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, სიტუაციის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ.
ალექსი: კარგი კითხვაა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ შემიძლია მას სრულყოფილად ვუპასუხო. ეს დამოკიდებულია კლასებზე. მე ვფიქრობ, დაბალ კლასებში რადენიმე კვირის დაკარგვა არაფერია, მაგრამ მაღალ კლასებში შეუძლებელია იმ სტანდარტის მიღწევა, რაც მათ სჭირდებათ. რა თქმა უნდა, სწავლის გახანგრძლივება უკეთესი იქნება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მთავრობა ამას გააკეთებს. სასწავლო წლის დროულად დასრულება შეუძლებელია, მაგრამ ეს მაინც სკოლის მდგომარეობაზეა დამოკიდებული – აქვთ თუ არა მათ შესაძლებლობები, რომ სახლიდან ასწავლონ და ყველაფერი გააკონტროლონ.
-რა სირთულეებს აწყდებით დისტანციური სწავლებისას? გახანგრძლივდა თუ არა თქვენი სამუშაო საათები?
სებასტიანი: უპირველეს ყოვლისა, სირთულეა ის, რომ არ არსებობს არანაირი პირდაპირი კონტაქტი ადამიანებს შორის. ეს ართულებს კომუნიკაციას. სხვა მხრივ, ჩემი სამუშაო საათების ხანგრძლივობა არ გაზრდილა.
ალექსი: ჩვენ არ ვართ ვალდებული, რომ უფრო ხანგრძლივად ვიმუშაოთ. სახლიდან მუშაობისას ყველა მასწავლებელი თავის გაკვეთილზეა პასუხისმგებელი. პრობლემა დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებით არის ის, რომ საკითხების დისტანციურად და პირისპირ ახსნა განსხვავდება. რთულია დისტანციურად აუხსნა, როცა მოსწავლე ვერ იგებს საკითხს ან დავალებას, განსაკუთრებით შედარებით სუსტი მოსწავლეების შემთხვევაში
-საქართველოში დისტანციური სწავლება რეგიონებში რთულად ხორციელდება, რადგან ინტერნეტისა და კომპიუტერების პრობლემაა. რა ხარვეზები აქვთ ამ პროცესში მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს გერმანიაში?
სებასტიანი: ასეთი პრობლემები გერმანიაშიცაა. ზუსტ სტატისტიკას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, განათლებაზე ყველას ერთნაირი წვდომა უნდა ჰქონდეს და ეს ფუნდამენტური უფლება ყველასთვის თანაბრად უნდა იყოს დაცული.
ალექსი: მთავრობას აქვს ონლაინ სწავლების გეგმა, მაგრამ ყველა ოჯახს, არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე. რა მიზეზებითაც არ უნდა იყოს ეს. ასე რომ, მათ ჯერ კიდევ უნდა მოძებნონ საშუალება, რათა სერვისი ყველა ოჯახს მიაწოდონ.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობა კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ნელ-ნელა ხსნის. ქვეყანაში უკვე გაიხსნა პატარა მაღაზიები, ავტომომსახურების ცენტრები, ბარები, კაფეები, თუმცა მომხმარებლებს შორის დისტანციის დაცვა ისევ სავალდებულოა. როგორც ჩვენი რესპონდენტებისგან შევიტყვეთ, სულ მალე სწავლის აღდგენაც იგეგმება. უახლოეს დღეებში უკვე იხსნება უნივერსიტეტები, ხოლო მაისიდან სკოლებისა და ბაღების გახსნასაც აპირებენ. შეგახსენებთ, რომ გერმანიაში კორონავირუსის 150 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს ქვეყანაში 5 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ესაუბრა თაკო მათეშვილი
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება