„დისტანციური სწავლებისას პირველკლასელებმა ვერ შეძლეს ასოებისა და რიცხვების ათვისება“ – კვლევის შედეგები
„ყველა გამოკითხული რესპონდენტი თანხმდება, რომ დაწყებით კლასებში სასწავლო დანაკარგი ყველაზე მაღალი მათემატიკის მიმართულებით იყო“, – ამის შესახებ კოალიცია „განათლება ყველასთვის“ წარმომადგენელმა, მერი ქადაგიძემ, USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“ ისაუბრა, სადაც პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების შეფასების შესახებ მომზადებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.
კვლევის ავტორის თქმით, მათემატიკის მიმართულებით აღმოჩენილი დანაკარგი ყველაზე დიდთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანიცაა, რადგან იგი სწავლების პროცესს სხვა საგნებშიც აფერხებდა.
როგორც კვლევაში წერია, დაწყებითი კლასის მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები აღნიშნავდნენ, რომ იმ პირველკლასელებმა, რომლებმაც სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყეს, ვერ შეძლეს ასოების შესწავლა, როგორც ქართულში, ასევე ინგლისურში. მოსწავლეებმა ასევე ვერ შეძლეს რიცხვების ათვისება. შესაბამისად, მათ უჭირდათ მარცვლის შედგენა, დამარცვლა, სიტყვების წაკითხვა, სიტყვების მნიშვნელობის აღქმა და მარტივი ანგარიში. მათთვის ასევე რთული იყო სასწავლო რუტინისა და გაკვეთილების სტრუქტურის აღქმა.
კვლევაში, რომელიც EDU.ARIS.GE-მ 4 მაისს გააანალიზა ვკითხულობთ, რომ ასოების ვერ შესწავლის, ციფრებისა და გეომეტრიული ფიგურების ამოცნობის პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას იმ მოსწავლეებში, რომლებსაც 2020-2021 აკადემიური წლის პირველი სემესტრის განმავლობაში სწავლა კვლავ დისტანციურად მოუწიათ. რაც შეეხება ჩამორჩენას მეორე უცხო ენასა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნებში, ეს იმ მოსწავლეებს ჰქონდათ, რომლებიც 2020 -2021 წლის შემოდგმის სემესტრში გადავიდნენ მე-3 და მე-5 კლასში.
„ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტების ინფორმაციით, მათემატიკაში დანაკარგი იყო ერთი მხრივ ყველაზე დიდი და მეორეს მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი, იმ კუთხით, რომ აფერხებდა მოსწავლეების სწავლების პროცესს სხვა საგნებშიც. მაგალითად, როგორიც არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ამ საგნების მასწავლებლები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მათი უწევდათ, მათი გაკვეთილის შეზღუდული 35 წუთის ფარგლებშიც კი მათემატიკური საკითხებზე უფრო მეტი ემუშავათ, ვიდრე თავის საგნობრივ თემებზე. ეს მიგნება არ არის მხოლოდ ჩვენი მიგნება, მათემატიკაში ჩამორჩენა საერთაშორისო კვლევებშიც ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად გამოიკვეთა“, – თქვა მერი ქადაგიძემ 3 მაისს, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
დაწყებითი კლასების მოსწავლეების გარდა, კვლევაში ყურადღება გამახვილებულია საშუალო საფეხურის, (X, XI, XII კლასების) მოსწავლეების პრობლემებზეც. გამოკითხული რესპონდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ საფეხურზე არსებული სასწავლო დანაკარგი ნაკლებ პრობლემურია ვიდრე საბაზისო/დაწყებით კლასების მოსწავლეების დანაკარგები. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ საფეხურზე მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი სასწავლო პროცესის ორგანიზება.
კვლევის მიხედვით, სწავლების საშუალო საფეხურზე დანაკარგი ყველაზე მაღალი შეიძლება იყოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, რაც გამოწვეულია როგორც ტექნოლოგიების გამოყენების დაბალი მზაობით, ასევე, პრაქტიკული სამუშაოების ნაკლებობით.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ ყველაზე მეტი სასწავლო დანაკარგი სკოლის საბაზო საფეხურზე (VII, VIII, IX კლასებზე) მოდის.
„ამ საფეხურზე ყველაზე საყურადღებოა მე-9 კლასი, რადგან მსგავსად საშუალო საფეხურისა, აქაც ჯერ-ჯერობით არ არის დანერგილი ახალი სასწავლო გეგმა და მასწავლებლები ძველი კურიკულუმით და პროგრამებით განაგრძობენ მუშაობას. ეს კი ზრდის რისკს, რომ საფეხურის ფარგლებში შესწავლილი ცნებების განმტკიცება ან დანაკარგის შევსება, საფეხურის დამამთავრებელ კლასებშიც ვერ განხორციელდება“, – ვკითხულობთ ანკარიშში.
დოკუმენტში პანდემიის პირობებში გამოვლენილ კიდევ ერთ საინტერესო ტენდენციაზეა საუბარი. წერია, რომ შეფასების ობიექტური სისტემის არარსებობის პირობებში, საშუალო მოსწრების მოსწავლეების შეფასებები გაუარესდა, ხოლო დაბალი მოსწრების მოსწავლეების შედეგები არ შეცვლილა, ან, ცალკეულ შემთხვევებში, მცირედით გაუმჯობესდა.
კვლევის ფარგლებში გამოკითხული მასწავლებლები ასევე იხსენებენ შემთხვევებს, როცა სასწავლო პროცესში მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების მიზნით, შემაჯამებელ დავალებებს ამარტივებდნენ და სასწავლო პროგრამის ვერ დაძლევის მიუხედავად, მინიმალურ 5 ქულას უწერდნენ ყველა მოსწავლეს.
კვლევა ამბობს, რომ ამ ყველაფერმა, შესაძლოა, განათლების მიღების მაჩვენებელი გაზარდა და სწავლისთვის თავის დანებების შემთხვევები შეამცირა. მოყვანილია საქსტატის 2021 წლის მონაცემებიც, რომლის თანახმად, 2017-2018 წლებში სწავლას თავი დაანება 12,000-ზე მეტმა სტუდენტმა, 2018-2019 წლებში ეს მაჩვენებელი მცირედით ჩამოსცდა 12,000-ს, ხოლო 2019-2020 მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც სწავლას თავი დაანებეს, თითქმის 8,000-მდე შემცირდა.
ჩატარებული კვლევა 2020 წლის მარტიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და ფარავს ორი სემესტრის მონაცემებს. ეს არის 2019 – 2020 წლის გაზაფხულის პერიოდი და 2020 – 2021 წლის სასწავლო სემესტრი.
ასევე იხილეთ:
3 გზა, თუ როგორ უნდა შეივსოს პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგები სკოლაში
მოამზადა გოგა ნიჟარაძემ
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება