„დისტანციური ურთიერთობით აღზრდა წარმოუდგენელია“ – რას ურჩევს შალვა ამონაშვილი პედაგოგებს
პედაგოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი აცხადებს, რომ დისტანციური სწავლებით შესაძლებელია მოსწავლისთვის ცოდნის გადაცემა, თუმცა აღზრდა წარმოუდგენელია და პანდემიის პირობებში, ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი ოჯახს ენიჭება.
„დისტანციური მეთოდებით მხოლოდ სწავლება შეიძლება. რაღაც ცოდნა რომ გადავცეთ, ვთქვათ ფიზიკაში, მათემატიკაში, ისე როგრც ეს ხდება ჩვეულებრივ, როცა ვისმენთ ხოლმე რაღაც მეცნიერულ გადაცემებს, რაღაცას ვსწავლობთ, მაგრამ დისტანციური ურთიერთობით აღზრდა წარმოუდგენელია. აღზრდას სჭირდება უშუალო ურთიერთობა. როდესაც აღმზრდელი გვერდით დგას აღსაზრდელთან, გაუღიმებს, ხელს ჩამოართმევს, მიიხუტებს და რაღაცას ჩასჩურჩულებს, ამ პირობებში იქმნება ის, რასაც ჩვენ აღზრდას ვეძახით და ეს სწავლებაზე უფრო მთავარია. რა თქმა უნდა, დისტანციური წესით შეიძლება, რაღაცები გავაკეთოთ, მაგრამ ამან არ უნდა შეცვალოს ცოცხალი ურთიერთობები. უამრავ ლექცია-სემინარებს ვატარებ დისტანციურ რეჟიმში, მაგრამ როდესც სცენაზე ვდგავარ და ხალხს თვალებში ვუყურებ, ეს სულ სხვა რაღაცაა, როდესაც ისინი მოდიან ჩემთან, მეკითხებიან, ეს სხვა რამეა და მე უფრო შევხარი ასეთ ურთიერთობებს“, – ამბობს ფსიქოლოგი.
შალვა ამონაშვილი ურჩევს პედაგოგებს, რომლებიც ონლაინ გაკვეთილების რეჟიმზე არიან გადასულები, გაკვეთილები მრავალფეროვანი გახადონ და ბავშვებთან ურთიერთობაში უშუალონი იყვნენ.
„როდესაც გამოუვალი მდგომარეობაა, ისეთი მაგალითად, როგორც ეს დღეს არის, ტექნიკა სასწაული ხდება და გვაახლოებს ერთმანეთთან. ცოდნის გადაცემის ეს ფორმა გაგრძელდება მომავალშიც და გაღრმავდება, ამიტომ ვალდებულები ვართ, მოვნახოთ სხვადასხვანაირი მიდგომები ბავშვებთან, ინდვიდუალური ან ჯგუფური ფორმები, მაგრამ მთავარი რა არის იცით? როგორი ხმით, როგორი ღიმილით, შევხედავთ ეკრანიდან ჩვენს მოსწავლეებს, უშუალობა რომ ვაგრძნობინოთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რას ვაჩვენებთ ჩვენ მათ ეკრანზე, უფრო მომხიბვლელი და შემეცნებითი უნდა იყოს სანახაობანი, უფრო სიღრმისეული და მრავალმხრივი. რაც შეიძლება დაფაზე ვერ გავაკეთოთ, ტექნიკა, ეკრანი გვაძლევს ამის საშუალებებს და თუ გამოვიყენებთ, დიდ შედეგს მოიტანს, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, რომ ამან ვერ უნდა შეცვალოს ცოცხალი ურთიერთობა“, – ამბობს პედაგოგი.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კარანტინის რეჟიმი დროში კიდევ გახანგრძლივდა, დიდი ყურადღება ოჯახურ პედაგოგიკას უნდა დაეთმოს.
„მოხდა ისე, რომ მშობლები უფრო დიდ დროს ატარებენ ბავშვებთან, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ ამოვწუროთ მშობელთა პოტენციალი, რაგვარი აღმზრდელობითი ურთერთობა უნდა დაამყაროს მშობელმა ბავშვთან. აღარ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ პედაგოგი არა ვარ და არ ვიცი, რა და როგორ უნდა გავაკეთო. უნდა მივცეთ განათლება მშობლებს, დედას, მამას, ბებიას, პაპას როგორ ურთიერთობაში შევიდნენ ბავშვებთან, რა წაუკითხონ, რა ელაპარაკონ, რა ეთამაშონ, საით გაასეირნონ, როგორი სულიერი ერთობა დაამყარონ და ა.შ. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ამოვწუროთ ოჯახური ურთიერთობების პედაგოგიკა, რაც ახლა ფაქტობრივად არ გვაქვს სახლებში. შეიძლება ბევრ სახლში ახლა ძალიან რთული ურთიერთობაც კი არის, ხმას უწევენ, ბავშვებს ეჩხუბებიან. დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ, არ შეიძლება ასეთი პედაგოგიკით ბავშვის აღზრდა. ამას მასწავლებელი, რა თქმა უნდა, ვერ გააკეთებს, მან სწავლის ფორმები უნდა გაამრავალფეროვნოს, მეორე მხრივ კი, ოჯახური პოტენციალი უნდა გავაღრმაოთ”, – აცხადებს შალვა ამონაშვილი.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება