GE

„ჯარის გადავადება, დასაქმების მეტი შანსი და დიპლომი“ – რა შესაძლებლობებზე საუბრობენ მაგისტრობის მსურველები

ზაფხულის გამოცდებს დღეს მაგისტრობის მსურველები შეუერთდნენ, სულ რეგისტრირებულია 10 000-ზე მეტი მსურველი. საერთო სამაგისტრო გამოცდები 27 და 28 ივლისს, ორ სესიად ჩატარდება. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველი აპლიკანტები დღეს ტესტირებას წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში გაივლიან, ხვალ კი მათი ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობა შემოწმდება.

EDU.ARIS.GE თბილისის ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრთან შეკრებილ მსურველებს ესაუბრა. ჩვენს კითხვაზე, რატომ გეგმავენ მაგისტრატურის საფეხურის გავლას, სჯერათ თუ არა ქართული უმაღლესი განათლების და რა პოტენციალს ხედავენ მაგისტრის დიპლომში, აპლიკანტებმა ერთმნიშვნელოვანი პასუხები გაგვცეს.

როგორც ფსიქოლოგიის ბაკალავრის საფეხურის კურსდამთავრებული, მარიამ ბიძინაშვილი აცხადებს, მისთვის მაგისტრის დიპლომი „საჭირო და აუცილებელია“ და აი, რატომ:

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის მიმართულებაზე. ეს პროფესია ძალიან ზოგადად გავიარე. ფსიქოლოგიაში 3 მიმართულებაა: განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია და სოციალური. ბაკალავრის საფეხურზე სპეციალიზება ერთ მიმართულებაში არ ხდება. ამიტომ, საჭიროც არის და სავალდებულოც, რომ ეს გამოცდები ჩავაბარო და მაგისტრი გავხდე“.

მარიამის თქმით, მაგისტრის დიპლომი მისთვის მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების შანსს ზრდის.

„ფსიქოლოგიის ბაკალავრის დიპლომით სკოლაში და ბაღში თუ დასაქმდები, თუმცა იქაც ითხოვენ სპეციალიზაციას -განათლების ფსიქოლოგი უნდა იყო. აი, როცა უკვე გაქვს მაგისტრის დიპლომი, დასაქმების მეტი შესაძლებლობები გაქვს. ამ პროფესიით ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებშია. ასევე, თუ საკუთარ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს გახსნი. სხვა მხრივ, ანაზღაურება დაბალია“, – ამბობს მომავალი მაგისტრი.

მარიამ ბიძინაშვილს, მიუხედავად გამოწვევებისა, ქართული უმაღლესი განათლების მაინც სჯერა: „მჯერა ქართული უმაღლესი განათლების. გამოწვევები კი ბევრია, მაგრამ მაინც მჯერა“.

ქართული უმაღლესი განათლების არ სჯერა ჩვენს მეორე რესპონდენტს, გიორგის, რომელიც გვარს არ გვიმხელს და ამბობს, რომ ბიზნეს მენეჯერის პროფესია წარმატებით ისწავლა, თუმცა სრულიად სხვა პროფესიითაა დასაქმებული და „არ იცის, რაში დაეხმარა უნივერსიტეტი“.

„წელს დავასრულე ბიზნესის მენეჯმენტი და ვმუშაობ მარკეტინგულ კომპანიაში. საერთოდ სხვა საქმეს ვაკეთებ. ეს პროფესია ჩემით შევისწავლე, რაღაც კურსებიც დამეხმარა. ამ გადმოსახედით, ვერ ვხედავ, საერთოდ რატომ ჩავაბარე უნივერსიტეტში“.

გიორგის ვკითხეთ, თუ ქართული უმაღლესი განათლების არ სჯერა, მაშინ რატომ აბარებს მაგისტრატურის გამოცდას. ის მიზეზს გვისახელებს და იმასაც ამბობს, რომ დარწმუნებულია, „აქ მყოფი ბიჭების უმეტესობას იგივე მიზეზი აქვს“.

„ჯარი. ესაა ჩემი მიზეზი. როგორც გითხარით, ვმუშაობ და თუ ჯარში წავალ, ვეღარ შევძლებ მუშაობას. სამსახური და ანაზღაურება ჩემთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით საჭიროა, რადგან დამოუკიდებლად ვცხოვრობ“.

გიორგი ამბობს, რომ ამჯობინებდა, უმაღლესი განათლების სისტემა ისე იყოს მოწყობილი, სტუდენტებს არც დასაქმებაში ეშლებოდეთ ხელი და უმაღლესის დიპლომის აღებასაც ჰქონდეს მნიშვნელობა.

მსგავს შესაძლებლობებს ასახელებს EDU.ARIS.GE– სთან მაგისტრობის მსურველი გამოსაცდელების აბსოლუტური უმრავლესობა. გასულ წელსაც, ჩვენს მიერ გამოკითხული აპლიკანტები იმავე მიზეზებზე საუბრობდნენ.

2023 წლის ზაფხულის ზაფხულის გამოცდები 28 ივლისს, საერთო სამაგისტრო გამოცდით სრულდება.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური