„სამსახურებს ვაცდენთ, მაგისტრატურის გამოცდა სამუშაო დღეებში არ უნდა ინიშნებოდეს!“ – სტუდენტების თხოვნა და ტესტის შეფასებები
„უმაღლესი განათლების რომ არ გვჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდით. ვფიქრობ, რომ ახლა თუ არა, მეორე დიპლომს ოდესმე მაინც გამოვიყენებ“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთან საუბრობს ნინო ღამბაშიძე, რომელმაც 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველი ნაწილის ტესტზე დღეს იმუშავა.
ნინოსთან ერთად ჩვენ სხვა გამოსაცდელებსაც ვესაუბრეთ. არ შეგვხვედრია მაგისტრობის მსურველი, რომელიც ფიქრობს, რომ მეორე დიპლომს ვერ გამოიყენებს და უიმედოდაა. გარდა ამისა, სტუდენტებს ერთი სათხოვარი აქვთ, რომელსაც EDU.ARIS.GE-ს მეშვეობით აჟღერებენ. მომავალი მაგისტრების თხოვნა ასეთია: „მომდევნო წელს მაინც არ დანიშნოთ გამოცდა სამუშაო დღეს“.
„ვისაც გავლილი აქვს შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, დამეთანხმება, რომ ამ გამოცდის წერა არ გაუჭირდებოდა. მარტივი თემა იყო, დოკუმენტური ფილმის შესახებ ვწერეთ – უნდა დააფიქსიროს თუ არა რეჟისორმა საკუთარი აზრიო. ვინც აბარებს სემინარებს, წერს ფინალურ გამოცდებს, უბრალოდ დადის უნივერსიტეტში, შეუძლებელია ეს ნაწილი ვერ შეასრულოს. სტუდენტებს არ უჭირთ საკუთარი აზრის დაფიქსირება და დაცვა.
„ჩვენს უმაღლეს განათლებაში არის ბევრი პრობლემა, მაგრამ არ ვთვლი, რომ ამის გამო არ უნდა ვაბარებდე“, – ამბობს ანა ჯაბიძე, ჟურნალისტი, რომელიც მაგისტრატურაში მარკეტინგის მიმართულებაზე აბარებს.
სტუდენტებისთვის გამოცდის სამუშაო დღეს ჩაბარების პრობლემაზე გვესაუბრა ლაიკო ღუდუშაური, რომელსაც თავადაც მოუწია, ტესტირების გამო, სამსახურიდან გათავისუფლება ეთხოვა:
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გვინდა ვთხოვოთ, წელს თუ ვერ მოხერხდა და გვესმის რატომაც, იქნებ, მომავალ წელს მაინც, შაბათ-კვირას ჩაატაროთ ეს გამოცდა. ახლაც, ჩემი მეგობარია შესული გამოცდაზე და სამსახურიდან გაეთავისუფლა, გთხოვთ რა, ეს ფაქტორიც გაითვალისწინოთ. რეგიონიდან ვინც არის ჩამოსული, ერთი სამუშაო დღეც რომ უცდებათ, ძალიან მოქმედებს. ბევრი ვიცი, ვინც მხოლოდ ამ მიზეზით ვერ დარეგისტრირდა, ვაიდა სამუშაო დღეს მომიწიოს წერაო“.
წინამორბედს, გამოცდის უქმე დღეებში დანიშვნის შესახებ, გიორგი ნადირაძეც ეთანხმება. მან გვითხრა, რომ საგამოცდო ტესტზე გადათეთრების გარეშე იმუშავა.
„წაკითხულის გააზრება იყო უმარტივესი, პირდაპირ შავ ფურცელზე ვწერდი, გადათეთრება არ დამჭირდა. უფრო მეტად მათემატიკური ნაწილის შიში მაქვს, რადგან ისტორიაზე ვსწავლობდი და შეხება არ მქონია რიცხვებთან, არც ფორმულებთან. ვაბარებ კვებით ტექნოლოგიებზე, რადგან ვხედავ საჭიროებას იმის, რომ ამ სფეროში ბევრი პროფესიონალი კადრი იყოს. ჩემი აზრით, ჩვენ უკვე გამოცდილი სტუდენტები ვართ და აბიტურიენტების მსგავსად, მშობლების რჩევით არ უნდა ვიღებდეთ გადაწყვეტილებებს, თუ სად ჩავაბაროთ. სადაც გაქვთ დასაქმების მეტი შესაძლებლიბა, იქ ჩააბარეთ.
„მეც იგივეს ვფიქრობ, რომ მაგისტრატურის გამოცდა სამუშაო დღეებში არ უნდა ინიშნებოდეს. მასწავლებელი შემხვდა დღეს და აპროტესტებდა – რატომ ვაბარებთ სამუშაო დღეს გამოცდასო და მაშინ ჩვენ რა უნდა ვთქვათ, ვინც ახლა სამსახურებში უნდა ვიყოთ?!“, – აღნიშნა გიორგი ნადირაძემ.
დღეს საგამოცდო ცენტრებში მაგისტრობის მსურველთა რეგისტრირებული აპლიკანტების 80%-მდე გამოცხადდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იყო დაგვიანების 6 შემთხვევა. მაგისტრატურის მსურველებისთვის გამოცდა 2 სამუშაო დღეზეა განაწილებული, ხვალ აპლიკანტები ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის გამოცდას ჩააბარებენ.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მზეო შველიძემ
- 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გასულ აპლიკანტთა საყურადღებოდ – სად და როდის უნდა გააკეთოთ განაცხადი გრანტის მისაღებად by ARIS.GE-განათლება
- როგორ გავასაჩივროთ 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისა და საგრანტო კონკურსის შედეგი – ინსტრუქცია by ARIS.GE-განათლება
- გამოქვეყნდა საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები და სწორი პასუხები – გამოცდები 2024 by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე