GE

„ჯაყოს ხიზნები“, ლადო ასათიანის ლექსი და ესე ადამიანთა განსხვავებულობაზე – მესამე დღის საგამოცდო საკითხები ქართულ ენაში

2020 წლის აბიტურიენტების ნაწილი დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებს. მესამე დღეს ოცდაოთხივე საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა და სულ ორმა აბიტურიენტმა დააგვიანა.

დღეს გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ მე-3 ვარიანტი წერეს და ტესტი არც ისე რთული იყო. რაც შეეხება გამოცდაზე შეტანილ საკითხებს, მათი თქმით, პროგრამული მასალიდან “ჯაყოს ხიზნები” მოვიდა, არაპროგრამულ ნაწილში კი ლადო ასათიანი ლექსი “ფიროსმანის მეგობრებთან” იყო მოცემული. იხილეთ რას ამბობენ აპლიკანტები საკითხებისა და საგამოცდო გარემოს შესახებ:

აბიტურიენტი ქ. თბილისის 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ჯაყოს ხიზნები” იყო და ლადო ასათიანის ლექსი ფიროსმანზე. ესე კი ასეთი – ახალგაზრდები ფიქრობენ რომ ყველა ადამიანი გამორჩეული და განსხვავებულია ისედაც, ძალისხმევის გარეშე. რედაქტირებაში, ძირითადად, სიტყვები ეწერა არასწორი და ეგ იყო გასასწორებელი. პატარა დეტალებში იყო განსხვავება და ეგ უნდა დაგეფიქსირებინა. ისე, ძალიან მარტივი იყო. სირთულეს არაფერი წარმოადგენდა. ყველაფერი ძალიან ადვილია. მთავარი აზროვნება და დაფიქრებაა. მე კმაყოფილი ვარ. წინა წლების ტესტებზე ბევრად ადვილი იყო. ჩემ ძმაკაცს წინა წლებში ისეთები მოუვიდა, რომ რავიცი. “ვეფხისტყაოსნიდან” სასწაული მონაკვეთები შეხვდა. ახლა კი “ვეფხისტყაოსნიდანაც” ადვილი მონაკვეთები მოვიდა. ანუ, იმათთან შედარებით, მგონია, რომ ბევრად მარტივი იყო. უცებ დავწერე და მალეც გამოვედი. შავ ფურცელზე დაწერაც მოვასწარი და გადათეთრებაც. ყველაზე მთავარი კიდევ ისაა, რომ არ აღელდე და არ ინერვიულო. წყნარად შევედი და წყნარად გამოვედი. შიგნით ყველანაირად ძალიან კომფორტული გარემოა.”

აბიტურიენტი ქ. თბილისის 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ჯაყოს ხიზნები” მოვიდა და ეგ დავწერე. მეორე რა იყო, აღარც დავკვირვებივარ. არგუმენტირებული ესე არ დავწერე, ამიტომ არც მახსოვს რა თემა იყო. ტექსტის რედაქტირება საკმაოდ მეადვილა. დანარჩენი ყველაფერი დავწერე. არ გამჭირვებია. ცოტა სიცხემ შემაწუხა, მეტი არაფერმა. ხმაური არ იყო.”

აბიტურიენტი ქ. თბილისის 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ჯაყოს ხიზნები” ვწერე, კონკრეტული მონაკვეთი იყო თეიმურაზის და ჯაყოს დიალოგი, როდესაც თეიმურაზს სამსახურს აწყებინებს ჯაყო. მეორე იყო ლადო ასათიანის ლექსი “ფიროსმანის მეგობრებთან”, მაგრამ რადგან ჯაყო ვწერე არ წამიკითხავს. ესეს თემა იყო დღევანდელი ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და ამაზე უნდა აგვეგო მსჯელობა, ჯამში რთული არაფერი არ ყოფილა და გარემოც კარგი იყო.”

თორნიკე ბექაური ქ. თბილისის 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “რედაქტირების ტექსტი იყო ტუტენხამონის სამარხზე და იქ აღმოჩენილ ნივთებზე, შეცდომები უნდა გვეპოვა, რომელიც უფრო მეტი სტილისტური იყო, მე ასე აღმოვაჩინე. ტექსტში ავარჩიე ლადო ასათიანის ლექსი ფიროსმანის. მეგობრებთან და ეს ვწერე, ესეს რაც შეეხება,ადამიანზე და ინდივიდებზე იყო, რომ გამორჩეულია თითოეული მათგანი. ბედნიერი ვარ, რომ ეს ეტაპი დასრულდა თავიდან ვნერვიულობდი, მაგრამ ისეთი გარემოა სტრესს გიხსნიან.”

ნიკა ჭითანავა, ქ. თბილისის 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “მეორედ გავედი ეროვნულ გამოცდებზე. დიდი განსხვავება არ ყოფილა 4 წლის წინანდელ და ახლანდელ მდგომარეობას შორის. დამატებულია ეს შემოწმების პროცედურები, რომელიც ვფიქრობ, რომ პანდემიის პირობებში ძალიან ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურაა. დასაქმებული ვარ და პირბადის ტარებას მიჩვეული ვარ, ამიტომ ეს მომენტი დისკომფორტი არ ყოფილა ჩემთვის, მით უმეტეს, მუშაობის დროს შეგვეძლო მოგვეხსნა. რაც შეეხება საკითხებს, პირველ გასვლაზე შედარებით რთულად მომეჩვენა, რადგან პირველი იყო. ოთხი წლის შემდეგ რადგან განვმეორდი და ჩავაბარე უფრო ნაკლები სტრესი იყო და სირთულის მხრივ სხვაობაც ვერ დავინახე, ტექსტები იყო განსხვავებული, ეგ იყო. რედაქტირების ტექსტი იყო ტუტენხამონის სამარხზე ზუსტად იგივე რაოდენობის შეცდომები უნდა გეპოვა, რაც ადრე იყო ასოები “თ”-ს ნაცვლად “დ”, იყო სასვენი ნიშნები შეცდომით და ა.შ. ლიტერატურაში ავირჩიე, რა თქმა უნდა, “ჯაყო”, რადგან ჩემთვის უფრო საინტერესო იყო.”

ლუკა ქიქავა, ქ.თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: ,,ლადო ასათიანის ლექსი იყო ,,ფიროსმანის მეგობრებთან” და “ჯაყოს ხიზნები”. ტექსტის რედაქტირება იყო ტუტანხამონზე, ხელთათმანებს ეხებოდა, ძალიან ხშირად გამიკეთებია მსგავსი და მარტივი იყო. ესეს თემა განსხვავებულობას შეეხებოდა და კარგად გასაშლელი იყო. საბოლოო ჯამში რთული გამოცდა არ იყო.”

აბიტურიენტი ქ.თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: ,,მარტივი გამოცდა იყო, ტექსტის რედაქტირება არ მახსოვს, პროგრამულიდან იყო ,,ჯაყოს ხიზნები” და ლადო ასათიანის ლექსი. ესე იყო ყველა განსხვავებულია ანუ ინდივიდუალიზმზე ასე რომ ვთქვათ.”

აბიტურიენტი ქ.თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: ,,თემა იყო დღევანდელი ახალგაზრდები ფიქრობენ რომ ყველა ადამიანი ინდივიდი და განსხვავებულია და ეს უნდა დაგვეპირისპირებინა წინა თაობის მოსაზრებასთან, ,,ჯაყოს ხიზნებიდან” იყო თეიმურაზის დიალოგი ერთ-ერთ პერსონაჟთან სახელს ვერ ვიხსენებ სამწუხაროდ და ასათიანის ლექსი იყო, მაგრამ “ჯაყო” დავწერე და ლექსი რომელი იყო არ შემიხედავს. ტექსტის რედაქტირებაც არ იყო რთული. პირბადე არ გვეკეთა რადგან კონდიციონერი არ ჩაგვირთავს. საგამოცდო სიტუაციაც კარგი იყო.”

ქეთევან წიკლაური, ქ. გორის მე-3 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “ქეთევან წიკლაური : ბევრი არაფერი არ მახსოვს. ძალიან ვღელავდი. საერთო ჯამში, რთული საკითხები არ მოვიდა. ჯაყოს ხიზნები იყო და ეგ კარგად დავწერე. იმედი მაქვს მაღალი შეფასების. ესე იყო ადამიანების შეცვლაზე, თუ რამხელა ძალისხმევაა საჭირო ცვლილებებისთვის.”

შოთა ლაფაჩი, ქ. გორის მე-3 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “გამოცდა არ იყო დიდი სირთულის, რადგან კარგად ვიყავი მომზადებული. ჯაყო მოვიდა, არაპროგრამულიდან იყო ფიროსმანის ლექსი. ესე აღარ მახსოვს რა დავწერე, ადამიანებზე იყო მგონი.”

აღსანიშნავია, რომ წელს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ექვსი დღის განმავლობაში გაგრძელდება და თითო სესიად ჩატარდება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ გასწორებისას გამოცდების ცენტრი ნაშრომებს 6-ვარიანტად დაყოფს ამას უახლოეს პერიოდში გავიგებთ.

ყველა ამბავი გამოცდებიდან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური