ახსოვთ თუ არა სტუდენტებს 9 აპრილი?
დღეს 9 აპრილია. რუსთაველზე, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან კვლავაც უამრავი ადამიანი მივა და სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ზვარაკად შეწირულებს პატივს მიაგებს. იქნება ბევრი ყვავილი, ცრემლი, მოგონებები.. დაიღვენთება უამრავი სანთელი..
24 წლის წინ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია სისხლისღვრით დასრულდა. ამ დღეს 21 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, უმრავლესობა ახალგაზრდები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ასობით მომიტინგე დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
1989 წლის 9 აპრილი ჩვენი უახლესი ისტორიის განუყოფელი და ტკივილიანი ნაწილია. ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე.წ. ‘’ლიხნის ასამბლეის’’ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქცირებული მიტინგების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით, საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.
საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ. მომიტინგეებმა, რომლებსაც დამოუკიდებელი კომიტეტი ხელმძღვანელობდა, მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა; დედაქალაქში საპროტესტო აქციებს ვეღარ აცხრობდა. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა საბჭოთა ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა სთხოვა წესრიგის აღსადგენად.
‘’წესრიგი’’ აღდსგა… ქაშუეთის წინ უმოწყალოდ დაჩეხილები ეყარნენ..
მას შემდეგ 24 წელი გავიდა. ჩვენ დავინტერესდით ახალი თაობა რამდენად ინფორმირებულია 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ. ჩვენი რესპოდენტების უმრავლესობა 1989 წელს დაიბადა ან იმდენად პატარები იყვნენ იმ დროისთვის, რომ მომხდარი არ ახსოვთ. ალბათ, საინტერესო იქნება სტუდენტების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, რესპოდენტებს შორის ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ მწირი ინფორმაცია გააჩნდათ. ზოგიერთს კი სამოქალაქო ომი და 9 აპრილი ერთი მოვლენა ჰგონია. ერთმა ისიც კი თქვა, რომ თურმე, 9 აპრილის ღამეს მშვიდობიანი დემონსტრანტები მხოლოდ მხუთავი აირის შედეგად დაიღუპნენ(?).
საბედნიეროდ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში საქართველოს უახლესი ისტორია ისწავლება, რომელშიც 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ მოთხრობილია. თუმცა, ვინ როგორ სწავლობს, ეს ცალკე თემაა.
თათია აბაშიძე, 21 წლის: „ეს ტრაგედია ჩემს დაბადებამდე მოხდა. თუმცა, მომხდარის შესახებ ბევრი რამ ვიცი, რადგან ჩემი მშობლები პარლამენტრის გვერდით ცხოვრობდნენ და საკუთარი თვალით იხილეს ეს საშინელება. ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, როგორ იხსენებდნენ ამ ტრაგედიის თითოეულ დეტალს. ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მაინტერესებდა საქართველოს ისტორიის ეს პერიოდი, რადგან იმ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ჩემი თანატოლი სტუდენტები შეეწირნენ. ჩემთვის ეს დღეს გლოვის დღეა. დღე, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობას ჩვენისთანა ახალგაზრდები, სტუდენტები შეეწირნენ. ყველას უნდა გვახსოვდეს ეს დღეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მივაგოთ’’.
ანი ფაცია, 20 წლის: “ამ დღეს ყოველთვის მივდივარ პარლამენტის შენობასთან და მემორიალთან სანთელს ვანთებ. ამით, დაღუპულების ხსოვნას პატივს მივაგებ. მართალია, მაშინ დაბადებულიც არ ვიყავი, როცა ეს ტრაგედია მოხდა, მაგრამ ტკივილიანი უახლოესი ისტორია კარგად ვიცი, ნანახი მაქვს ის საშინელი კადრები, როგორ დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრანტები. მათ შორის, უმეტესობა სტუდენტობა იყო. ამ დღეს ქართველობა ერთ მუშტად იყო შეკრული, მათ ერთი მიზანი – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა აერთიანებდათ. სამწუხაროდ, მშვიდობიანი აქციას სისხლიანი დასასრული მოჰყვა. მე მაინც მგონია, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. რადგან საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდში ბევრმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა სისხლისღვრის გარეშე მოიპოვა. მე ის სტუდენტები მენანება, რომლებიც დაიღუპნენ.’’
ხატია დოჩია, 18 წლის: ’’ვიცი, რომ ეს იყო ანტისაბჭოური მოძრაობის ხელმძღვანელობით მართული მიტინგები, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ასევე, სტუდენტები. ვფიქრობ, სწორედ სტუდენტობამ ითამაშა დიდი როლი. მთავარი მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობა და საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა იყო. რით დასრულდა ყველაფერი, კარგად ვიცით.’’
ქეთა ნიშნიანიძე, 19 წლის: ‘’ვიცი, რომ ამ დღეს მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა არმიამ დაარბია. ზუსტად არ მახსოვს რამდენი დაიღუპა, მგონი, ოცამდე. ამის გარდა, მოიწამლა და ფიზიკურად დაშავდა უამრავი ადამიანი. უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ და ამას არ მივესალმები.’’
რუსო ბიგვავა: ‘’9 აპრილი ჩვენი უახლოესი წარსული დიდი ტრაგედიაა, უდანაშაულოდ დაღუპული და დაშავებული ადამიანები. თუმცა, მეორე მხრივ, ამ დღემ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებას. ზოგადად, 9 აპრილის მოვლენა იმის მაგალითია, რომ უბრძოლველად შეუძლებელია რამეს მიაღწიო. რა თქმა უნდა, მტკივნეულია, როცა ამ ე.წ. ‘’ბრძოლას’’ ხალხი ეწირება.
სალომე არის© გოგოხია
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება