“დღევანდელი ავტორები კარგ სახელმძღვანელოებს ვერ შექმნიან” – როგორ უნდა შეირჩეს სასკოლო წიგნები?
სასკოლო სახელმძღვანელოები შინაარსობრივად შეიცვლება. ინიციატივა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკუთვნის. რას ვასწავლით მომავალ თაობას. ვისი ან რისი ბრალია არასრულფასოვანი ან ზედმეტად ვრცელი წიგნების გამოყენება სასკოლო პროგრამაში?!
“სასკოლო სახელმძღვანელოები შინაარსობრივი თვალსაზრისით რიგ შემთხვევაში პრობლემატურია”, – ასე შეაფასა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სასკოლო სახელმძღვანელოები და მათ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი. როგორც თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.
“კონკრეტულად რა ცვლილებები იქნება განსახორციელებელი, ამის შესახებ რეკომენდაციებს ველოდებით. პროცესში ჩართული არიან დონორი ორგანიზაციებიც. პრობლემა არ არის მხოლოდ ქიმიის ან გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში,”- განმარტა მინისტრმა.
Aris.ge-განათლება დაინტერესდა პრობლემები იკვეთება სახელმძღვანელოებთან მიმართებაში?! რა უნდა შეიცვალოს და როგორ უნდა შეირჩეს კარგი სასკოლო წიგნი.
“ვერც ერთ სახელმძღვანელოს ვერ დაგისახელებთ, რომელზეც შემიძლია გითხრათ რომ მომწონს,” – ასე დაიწყო დღეს არსებული სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასება Aris.ge-განათლებასთან ექსპერტმა განათლების საკითხებში თემურ ნანეიშვილმა.
“სკოლის სახელმძღვანელოები იყო, არის და თუ დროზე არ მიხედეს ამ საკითხს კიდევ დიდხანს იქნება პრობლემა და განათლების დაბალი დონის ძირითადი მიზეზი. ჰუმანიტარულ საგნებში არ არის გათვალისწინებული ჩვენი ქვეყნის ტრადიციები. ფიზიკის პროგრამა დღეს მთავრდება იმაზე, რაზეც ადრე მეშვიდე კლასი მთავრდებოდა. უნდა შეიკრიბოს მეთოდური საბჭოები უნდა მოიწვიონ სპეციალისტები, გამოცხადდეს კონკურსი და ასე უნდა შეირჩეს სახელმძღვანელო,”-განაცხადა თემურ ნანეიშვილმა და იქვე დასძინა, რომ კარგი სახელმძღვანელო უნდა პასუხობდეს კითხვას “რას ვასწავლით მომავალ თაობას”.
კიდევ ერთი ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმძღვანელოების ცვლილებები წლების წინ უნდა განხორციელებულიყო.
“პირველიდან მეექვსე კლასამდე ბუნების სწავლება არაფრის მომცემია. მერვე კლასიდან ფიზიკის დაწყება დაგვიანებულია – ტვინი უკვე დაბერებულია. ქიმიის დაწყება მერვე კლასიდან უდიდესი შეცდომაა. მანამდე უფორმულებო ფიზიკისა და ქიმიის შესწავლა დროის ტყუილად ხარჯვაა. ფაზებია გადასახედი. მთლიანად დასანგრევია სასწავლო გეგმა და თავიდან ასაშენებელი. ორი საათი ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგიას არ ყოფნის. გარდა ამისა, ბევრი არასაჭირო საგნებია და მათი ამოყრაა საჭირო ან საათების შემცირება,”-განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, თუ განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების პრობლემით სერიოზულად დაინტერესდება, გარკვეული ცვლილებების განხორციელება სექტემბრამდეც მოესწრება. რჩევა, რასაც ექსპერტი თამარ სანიკიძის სტრუქტურას აძლევს – სახელმძღვანელოების ძველი ავტორების შეცვლაა.
“ყველა ავტორი უნდა შეიცვალოს. არც ერთი არ აკმაყოფილებს სტანდარტს. ერთი გეოგრაფიის სახელმძღვანელოს აქებენ ელიზბარაშვილის ავტორობით, თუმცა ისიც ძალიან ვრცელია. ყველა გეოგრაფი ხომ არ გამოვა. თუმცა ეს ავტორის კი არა სტანდარტის ბრალია. დღეს არსებული ავტორები კარგ სახელმძღვანელოებს ვერ შექმნიან,”-განაცხადა მანანა ნიკოლეიშვილმა და იქვე დასძინა, რომ კარგი სახელმძღვანელოების შექმნისთვის ავტორმა შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიიღოს და არა “ზოგიერთი ჩინოვნიკის ერთი თვის ხელფასის ოდენობის ერთჯერადი მოწყალება,”-განაცხადა ექსპერტმა.
“ავტორების გარდა არაკომპეტენტური არიან ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში მომუშავე ექსპერტებიც. მაინტერესებს ვის დაკვეთებს ასრულებენ ცოცხით არიან იქიდან გასაყრელები”, -აცხადებს ექსპერტი.
რაც შეეხება პრინციპს, თუ როგორ უნდა შეირჩეს სახელმძღვანელო, მისი თქმით, ამ პროცესში პრაქტიკოსი პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლებიც უნდა იყვნენ ჩართული.
“დღეს უნიჭიერესი ბავშვი, ათოსანიც კი, თუ მას პედაგოგი არ დაეხმარა ვერაფერს გაარკვევს. ამერიკაში სახელმძღვანელოებზე გამოაცხადეს კონკურსი აირჩიეს რამდენიმე ვარიანტი, ჩაუშვეს ქსელში, რომელი სახელმძღვანელოებითაც მოსწავლეებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს ის დაიტოვეს. 35 წელია ეს ქიმიის სახელმძღვანელო სამაგიდოა ამერიკაშიც და ნათარგმნია ყველა ენაზე. სახელმძღვანელო უნდა შეარჩიოს პედაგოგმა, ბავშვმა და მშობელმა. მთავარი კრიტერიუმი კი უნდა იყოს -სად დაიდო კარგი შედეგები,”-აცხადებს მანანა ნიკოლეიშვილი.
როგორ მოხდება სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევა, რა პრინციპით იხელმძღვნელებს სამინისტრო შემუშავების პროცესში? შეიცვლება თუ არა ყველა სახელმძღვანელო თუ ცვლილება შეეხება რომელიმე კონკრეტულ საგნებს?! – ამ და სხვა კითხვებით Aris.ge- განათლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა.
სამინისტრო მოკლე პასუხით შემოიფარგლა: “აღნიშნულ საკითხზე სამინისტროში მუშაობა მიმდინარეობს. ეს არის კომპლექსური სამუშაო და კონკრეტულად რა ცვლილებები იქნება განსახორციელებელი, ამის შესახებ რეკომენდაციებს დაველოდებით. პროცესში ჩართული არიან დონორი ორგანიზაციებიც”.
ეკა არის© წივწივაძე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება