2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებიც შევლენ – მინისტრის განცხადება
ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლის ასაკი კიდევ ერთი თვით გადაიწევს და სკოლაში დარეგისტრირებას ის ბავშვებიც შეძლებენ, ვინც 1-ელ დეკემბრამდეა დაბადებული.
ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა 17 სექტემბერს, პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ მშობლებისთვის შვილის სკოლაში შეყვანა ნებაყოფლობითი იქნება.
მან დაგეგმილი ცვლილება 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა შესახებ განხორციელებულ ცვლილებაზე საუბრისას დააანონსა.
“ეს პროცესი დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყეთ სხვადასხვა კვლევებისა და დაკვირვებების შემდეგ. მაშინ პარლამენტში ვიყავი. რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითია და თუ მშობელი ფიქრობს, რომ ნაადრევია მისი შვილისთვის სკოლაში შეყვანა, მას უფლება აქვს დატოვოს ბაღში და შემდგომ წელს მიიყვანოს. თუმცა იმ მომართვიანობიდან, რაც ჩვენ დაგვიგროვდა, დავიწყეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ ვადის გადმოწევა. თუ გახსოვთ, იყო თხუთმეტი სექტემბერი, შემდგომ გავხადეთ პირველი ოქტომბერი და წელს გვაქვს უკვე პირველ ნოემბრამდე.
“წელს უკვე ყველა შევიდა, ვინც პირველ ნოემბრამდე იყო დაბადებული და სწორედ სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება- მატებასთან ერთად, ჩვენ გვინდა, რომ ყოველ წელიწადში ერთი თვით გადავწიოთ [სწავლის დაწყების ასაკი]. ანუ, შემდეგ წელს ეს უკვე იქნება პირველ დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებისთვის და კიდევ შემდეგ წელს 31 დეკემბრამდე. ვფიქრობთ, ეს [31 დეკემბერი] არის ყველაზე სამართლიანი და სწორი წყალგამყოფი, სადაც უნდა გავჩერდეთ და შემდგომ უკვე მშობელმა თავად გადაწყვიტოს – უნდა შეიყვანოს ბავშვი, თუ არა. ამიტომ, ეს სიახლე წელს ნამდვილად გვაქვს და კიდევ გაგრძელდება”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2023-2024 წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 55 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა.
ასევე იხილეთ:
განათლების სამინისტროს დაფინანსება 47 მილიონი ლარით გაიზრდება და ორ მიმართულებას მოხმარდება
- 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საშუალო სკოლა თითქმის 12%-ით ნაკლებმა მოსწავლემ დაასრულა – საქსტატის უახლესი მონაცემები by ARIS.GE-განათლება
- როგორ შეძლებს სკოლის თანამშრომელი დირექტორის უფლებამოსილების შესრულებას – რეგისტრაციის წესი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება
- სახალხო დამცველი საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართავს და ბავშვთა უფლებებს შეახსენებს by ამბები ზოგადი განათლებიდან