სკოლაში შესვლის ასაკი ისევ შეიცვლება და 1-ელი ოქტომბრის მაგივრად 31 დეკემბერი იქნება – გიორგი ამილახვარი
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დღეს, 6 აპრილს, სკოლაში შესვლის ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა დააანონსა. კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მშობლების დიდი მომართვიანობის საფუძველზე, კომიტეტმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაიწიოს დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი და განისაზღვროს 6 წელი, რომელიც პირს შეუსრულდება პირველ ოქტომბრამდე. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამ ცვლილებით უკვე წელსვე 2 500 პირი ისარგებლებს და შესაბამისი შესაძლებლობა 2022-2023 სასწავლო წლის პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში განათლების სამინისტრომ დღესვე დაუშვა.
ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის ცვლილებაზე ჩანაწერი კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმაში წლის დასაწყისში ჩაიწერა და დაანონსდა, რომ კომიტეტი მის განხილვას ექსპერტებთან ერთად გეგმავდა. გიორგი ამილახვარმა თებერვალში EDU.ARIS.GE-სთან თქვა, რომ ამ სენსიტიურ საკითხს სჭირდებოდა აღმზრდელების, ფსიქოლოგებისა და მეთოდისტების ჩართულობა.
გიორგი ამილახვარი, რომელმაც EDU.ARIS.GE-ს კითხვებს მას შემდეგ უპასუხა, რაც ახალი ცვლილება დააანონსა, ამბობს, რომ სასკოლო ასაკი ისევ შეიცვლება და საბოლოოდ, სკოლაში შესვლას შეძლებენ ის პირები, ვისაც 6 წელი შეუსრულდებათ არა 1-ელ ოქტომბრამდე, არამედ 31 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა ვერ აკონკრეტებს ეს როდის მოხდება.
– ბატონო გიორგი, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით საჯარო სხდომა და შიდა საკომიტეტო განხილვა ამ დრომდე არ გქონიათ და ამ ახალი გადაწყვეტილების უეცრად მიღების მიზეზი რა არის, რატომ დაასწრო სიახლემ მსჯელობას?
– საჯარო განხილვა იწყება ორშაბათიდან საპარლამენტო სესიაზეც და კომიტეტზეც. სიახლე არსებობს იმიტომ, რომ სამუშაო ჯგუფი რამდენიმე კვირაა… თითქმის ორი თვეა ვმუშაობთ ამ საკითხზე. იმაზე კი არ ვმუშაობთ, რომ 15 დღით გადავწიოთ, სისტემა რომ მოვამზადოთ მთლიანად. ეს არის დასაწყისი ამ ცვლილებისა და აუცილებლად გავაგრძელებთ მომდევნო წლებში. მე პირადად მიმაჩნია, რომ ყველაზე სამართლიანი, ობიექტური წყალგამყოფი თარიღი არის 31 დეკემბერი – ანუ, ვისაც შეუსრულდება 6 წელი 31 დეკემბრამდე. ამიტომ, ჩვენ, ყოველწლიურად, სასკოლო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ისე რომ მოემზადოს სისტემა ამისთვის, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ეს არ არის მხოლოდ წერტილოვანი გადაწყვეტილება. ეს არის ხედვა და რეფორმა, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასე უნდა განხორციელდეს.
– ამბობდით, რომ ბევრი მშობელი მოგმართავდათ. შემოსული წინადადებების შემდეგ, ვისთან ერთად შემუშავდა ეს ცვლილება?
-სამინისტროსთან ერთად და რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, სადაც ჩართულნი იყვნენ მეთოდისტები, ფსიქოლოგები, აღმზრდელები, დარგის სპეციალისტები. გადაწყვეტილება ახლავე შეგვიძლია და გვინდა რომ შევთავაზოთ იმ პირებს, ვისაც უსრულდება 6 წელი 1 ოქტომბრამდე – 17 თუ 18 სექტემბერს დაბადებულებს, რომ არ დაზარალდნენ. აქვე ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება ეტაპობრივად სასკოლო ინფრასტრუქტურის გაძლიერებასთან ერთად და მივა სასურველ შედეგებამდე ახლო წლებში.
– სხვა რა საფრთხეები გაირკვა ამ მსჯელობის პროცესში ფსიქოლოგებისგან ან სამინისტროსგან რა პოზიციები დაფიქსირდა?
– შიდა განხილვები იყო და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. იქ ბევრ რამეზე ვიმსჯელეთ.
– აქამდე, ასეთი ცვლილების განხორციელებაზე უარი იმით აიხსნებოდა, რომ სწავლის დაწყების ერთი ან რამდენიმე დღის შემდეგ დაბადებული ბავშვი ყოველთვის იქნებოდა და ზღვარი სადმე ხომ უნდა დაწესებულიყო. ახლა რა შეიცვალა, რა არის თქვენი არგუმენტი?
-ეს სულ ასე იქნება. სამუშაო ჯგუფს მიაჩნია და ჩემი პირადი მოსაზრებაა ასევე რომელსაც ეთანხმება ძალიან ბევრი ადამიანი – როგორც სამინისტრო, მინისტრი და ბევრი სპეციალისტი, რომ ყველაზე სამართლიანი და ადექვატური, წყალგამყოფი, სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით და ექსპერტების მოსმენით, ეს არის 31 დეკემბერი.
– თუკი ასეთი შეთანხმებაა ყველასგან, რომ 31 დეკემბერი იქნება კარგი, მაშინ რატომ მიიღეთ ახლა ეს შუალედური ცვლილება, ნაადრევი ხომ არ იყო? რა არის მიზეზი, მხოლოდ მომართვიანობა?
-რატომ იყო ნაადრევი? როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული ხედვა. ამას სჭირდება ის, რომ სამინისტრო და ზოგადად სექტორი დახვდეს მომზადებული. ასე ერთ დღეში ხომ ვერ მოხერხდება ათი ათასობით ბავშვის მიღება? შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ხედვა და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, სასკოლო ინფრასტრუქტურის მატებასთან ერთად, რომელიც მიმდინარეობს, ეს ნაბიჯი გადაგვედგა. 2024 წლის ბოლომდე ჩვენ ჯამში დაახლოებით 150 ახალი სკოლა გვექნება. მათ შორის, ბევრი უკვე რეაბილიტაციას გადის. ჩვენ ეტაპობრივად შევცვლით ამ ასაკს და ვფიქრობთ, მივალთ იმ ყველაზე ლოგიკურ და სამართლიან თარიღამდე, რომელიც არის 31 დეკემბერი. ეს არის ჩვენი ხედვა, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. გვინდოდა, წელსვე სწრაფად შეხებოდა გარკვეულ რაოდენობას და არ ყოფილიყო კიდევ გადავადება შემდეგი წლისთვის. ამიტომ, ახლა, დაჩქარებული წესით ვიღებთ გადაწყვეტილებას. შემდგომ წლებში ანალოგიური ცვლილებები გაგრძელდება, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს და ხედვა ჩამოყალიბებული.
– ამ ფონზე რას უპასუხებთ იმ მშობლებს, რომელთა შვილებსაც ოქტომბერში უსრულდებათ 6 წელი?
-ჩვენ შეგვეძლო, საერთოდ არ შეგვეცვალა ეს საკითხი და ყოფილიყო ისე, როგორც იყო. მაშინ ხომ საერთოდ არავის შეეხებოდა? ჩვენ შევეჭიდეთ ამ საკითხს, რადგან დიდი მომართვიანობაა და მთავარ საკითხად ვაქციეთ. სისტემას სჭირდება დრო, რომ მოემზადოს. ამიტომ მივიღეთ ახლა ასეთი გადაწყევტილება.
– ანუ ისევ უნდა ველოდოთ ცვლილებას და ყველას იმიტომ არ შეეხო თქვენი აზრით ოპტიმალური ასაკი ამ ეტაპზე, რომ სკოლის ინფრასტრუქტურა ვერ აუვა?
– ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი განმსაზღვრელი იყო, მაგრამ არა გადამწყვეტი. ინფრასტრუქტურის გარდა სკოლას სჭირდება სხვა მომზადებაც. პროცესები უნდა დაიგეგმოს, საკლასო ოთახებში გადანაწილდნენ ბავშვები. ეს სხვა მოცულობითი საკითხებია. ინფრასტრუქტურა ერთერთი საკითხია და ამისთვის ხდება დამატებითი, ახალი სკოლების აშენება. გვაქვს ხედვა და კონცეფცია, თუ საბოლოოდ როგორ მივიდეთ იმ წერტილამდე, რაც ყველაზე სამართლიანად მიგვაჩნია.
ასევე იხილეთ:
პირველკლასელთა რეგისტრაციაში მონაწილე პირთა წრე გაფართოვდა – სამინისტროს განცხადება
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება