GE

EDU.ARIS.GE გილოცავთ შობა–ახალ წელს – ჩვენი სურვილი 2023-ში!

ძვირფასო მეგობრებო,

გვინდა მოგილოცოთ დამდეგი 2023 წელი და შობის დღესასწაული! გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას თქვენს საქმიანობაში, ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას!

დიდი მადლობა ჩვენს ხელმომწერებსა და პარტნიორებს 2022 წლის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობისთვის, თქვენი ფინანსური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს აქტიურობისთვის, დისკუსიებში მონაწილეობისთვის, ინფორმაციის გაზიარებისთვის, მოსაზრებების დაფიქსირებისა და საინტერესო შეფასებებისთვის.

დიდი მადლობა ჩვენს რესპონდენტებს, ექსპერტებს, მრჩევლებსა და მეგობრებს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და სისტემატური იქნება.

2022 დიდად არაფრით გამორჩეული წელიწადი იყო განათლებაში – კიდევ ერთი წელი მიილია მინისტრ ჩხენკელის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი წელი გავიდა მინიმალური წარმატებების ფონზე და გარღვევების გარეშე, კიდევ ერთი წელი იზრდებოდნენ ჩვენი ბავშვები ნაკლებად კონკურენტულ პირობებში.

ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტის რექტორი საკუთარი ნებით თანამდებობას ტოვებს, ამის შემდეგ კი, მხოლოდ ერთი ადამიანი წარადგენს რექტორის ვაკანტურ პოსტზე თავის კანდიდატურას და იმარჯვებს. უმაღლესი განათლების დაფინანსების საკითხები ვერ გადავწყვიტეთ, მაგრამ აბიტურიენტთა რეკორდული მაჩვენებელი მივიღეთ – ჩვენ განათლების სისტემაში მომხდარი მოვლენები მიმოვიხილეთ – ცვლილებები, მიღწევები, ჩავარდნები – რა მოუტანა 2022-მა საქართველოს განათლების სისტემას.

ბედნიერების ვარსკვლავი განათლებული თაობისთვის ინთება.

ძვირფასო მშობლებო, ბებიებო და ბაბუებო, სტუდენტებო, აბიტურიენტებო და სკოლის მოსწავლეებო, მასწავლებლებო და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებო, განათლების განვითარებით დაინტერესებულო ადამიანებო – ყველამ ერთად ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი – ვისურვოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მომავალ თაობებს უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ!

და, მაშინ, ჩვენი სურვილი აუცილებლად ასრულდება! EDU.ARIS.GE კი, როგორც ყოველთვის, სურვილის ასრულების პროცესებს ოპერატიულად და კიდევ უფრო ობიექტურად გააშუქებს.

მადლობა, რომ ჩვენთან ხართ,

სიკეთის მომტანი იყოს თქვენთვის ახალი, 2023 წელი,

არის.ჯი – განათლების გუნდი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური