ცვლილებები, მიღწევები, ჩავარდნები – რა მოუტანა 2022-მა საქართველოს განათლების სისტემას, მთელი წელი ერთ სტატიაში
ტაში, ოვაციები, ქება-დიდება, პოზიტიური სიახლეები – განათლების სამინისტროს ვებ – გვერდს თუ გადავხედავთ და განვლილ წელს ამაზე დაყრდნობით შევაფასებთ, ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. აქ მხოლოდ მიღწევებისა და კარგი ამბების შესახებ ნახავთ ინფორმაციას. შესაბამისად, იქმნება წარმოდგენა, რომ ქვეყანას ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სისტემა აქვს, პრობლემებისგან დაცლილი და წინსვლისა და აღმავლობის გზაზე დამდგარი. არადა, განათლების სფეროს ექსპერტობა სულაც არაა საჭირო იმისთვის, რომ მიხვდე, იქ წარმოდგენილი სურათი რეალობისაგან შორსაა. სიამაყით სავსე ნიუსების მიღმა კი არცთუ ისე საამაყო რეალობაა დამალული. ტექსტები, რომლითაც სამინისტროს ოფიციალური გვერდი წარმატებების შესახებ გვიყვება, არაფერს ამბობენ იმაზე, თუ რამდენი რამ არ გაკეთდა, ჩაიშალა, გადაიდო, მიფუჩეჩდა, ან ფორმალურად შესრულდა. ხოლო იმ ყველაფრის ნაწილი კი, რაც მართლა გაკეთდა, ჯერ კიდევ წლების წინ იყო დაგეგმილი და მრავალგზის ჩაშლისა და გადადების გამო 2022 წელსღა მოება თავი.
არა, არ ვცდილობთ, აპოკალიფსური სურათი შევქმნათ და წინასაახალწლოდ განწყობა დაგიმძიმოთ. EDU.ARIS.GE პოზიტიურ სიახლეებს არანაკლები სიხარულით ხვდება და აშუქებს, ვიდრე თავად სამინისტრო. რაც, სხვათა შორის, არც ისე მარტივია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ განათლების სამინისტრო, ბოლო წლებში, ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ უწყებად ჩამოყალიბდა და მათგან ინფორმაციის მიღება მაშინაც კი ძალიან რთულია, როცა ისეთ თემას ვაშუქებთ, რაც, წესით, მათსავე ინტერესებში შედის. ამ სტატიაშიც მოგიყვებით ისეთ სასიხარულო სიახლეებზე, როგორიც, მაგალითად, ბაღებისა და სკოლების პერსონალის ხელფასების ზრდაა. მცირედით, მაგრამ მაინც ზრდა.
საერთო ჯამში კი, „ჩვეულ რიტმში დაბრუნების წელი“ – 2022 წლის დახასიათება ერთი წინადადებით ასეც შეიძლება. პანდემიური 2020 და 2021 წლების, გაუქმებულ-დაპაუზებულ-ჩაშლილ-გადადებული საგანმანათლებლო ცხოვრების აღდგენა და ძველ კალაპოტში დაბრუნება იოლი არ აღმოჩნდა. პანდემიის ჯერ-ჯერობით წარუშლელმა კვალმა განათლების სფეროში ისეთი პრობლემები გააშიშვლა და წარმოშვა, რომლებზეც მანამდე ნაფიქრიც კი არ იყო. ოფიციალური უწყებები კი თავს იმშვიდებენ, რომ ამ ყველაფერთან გასამკლავებლად ყველაფერი გაკეთდა.
2022 წელს იყო სიახლეებიც და კარგად დავიწყებული ძველი გადაწყვეტილებების სიახლეებად შემოსაღების მცდელობაც, წლების წინ დაწყებული და აგრეთვე წლების წინ დასასრულებელი საქმეების დასრულებასაც მოება თავი, დაპირებული, თუმცა გადაუჭრელი გამოწვევაც ბევრი დარჩა, იყო ცვლილებებიც, მათ შორის საკადროც, იყო ხმაურიანი პროტესტიც, პროტესტის შედეგად მიღწეული სადავო გადაწყვეტილებებიც და საერთო ჯამში, ცოტ-ცოტა ყველაფერი, რაც ჩვეულებრივ წელს ახასიათებს.
EDU.ARIS.GE 2022 წლის მთავარ ფაქტებსა და მოვლენებს თქვენთან ერთად გაიხსენებს:
თსუ-ის ამბები
გასულ წელს, ქვეყნის უძველესი სახელმწიფო უნივერსიტეტი და იქ განვითარებული მოვლენები საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გაზაფხულზე თსუ-ში, ისევე როგორც სხვა არაერთ უმაღლეს სასწავლებელში, მანამდე პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმზე არსებული სასწავლო პროცესი სრულად დასწრებული რეჟიმით ჩანაცვლდა. სხვა უნივერსიტეტებისაგან განსხვავებით, ამას თსუ-ის სტუდენტების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა, რომელმაც, ცოტა ხანში, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კედლებში გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მტკიცებით, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში არსებული ცარიელი ოთახები ჯერ კიდევ აუთვისებელი იყო და რომ სტუდენტები მათ დაკავებას არც კი ცდილობდნენ, სემესტრის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს, თუმცა ზაფხულში გასამართ ფინალურ გამოცდებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ შეცვლილა. არც სტუდენტთა ჯგუფის პროტესტი შეწყვეტილა, რომლებიც გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებასთან ერთად, ახლა უკვე, სტუდენტური საცხოვრებლის პრობლემის მოგვარებას, რექტორის გადადგომასა და რექტორის არჩევის წესის შევლასაც ითხოვდნენ. მცირერიცხოვნობის მიუხედავად მათ რექტორატის დაკავება შეძლეს, რა დროსაც უნივერსიტეტის დეკანი და დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა. მიუხედავად ამისა, საქმეს სამართლებრივი მსვლელობა არ მისცემია. საბოლოოდ, ფინალური გამოცდების ჩასატარებლად გაიხსნა 2 რეგიონული საგამოცდო ცენტრი. სტუდენტური საერთო საცხოვრებელი გარკვეული დროით უფასო გახდა, გაიხსნა ლისის საერთო საცხოვრებლის მესამე კორპუსი და დაიწყო საუბარი ახალი საცხოვრებლის მოწყობის თაობაზე.
ერთი შეხედვით, მოთხოვნების დიდი ნაწილი შესრულდა, თუმცა ამან რეალური პრობლემები ნაკლებად გადაჭრა, რადგან რეგიონებში გახსნილი საგამოცდო ცენტრებით მხოლოდ 115-მა სტუდენტმა ისარგებლა, უმეტესობამ მაინც დედაქალას მიაშურა. სტუდენტთა საცხოვრებლების მდგომარეობა კვლავ სავალალოა როგორც ინფრასტრუქტურული, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით. რექტორის არჩევის წესის ცვლილება კი ყველამ მიივიწყა. ანუ, პროტესტი შეწყდა, მაგრამ პრობლემები დარჩა. შემოდგომაზე კი, ყველასთვის მოულოდნელად თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობიდან ვადაზე ადრე, მიზეზის დასახელების გარეშე გადადგა (რექტორის არჩევის წესის ცვლილების საკითხი კი, რასაც სტუდენტთა ჯგუფი ითხოვდა, არც ამ დროს გააქტიურებულა). თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად, აგრეთვე ყველასთვის მოულოდნელად, ისტორიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პოლიტიკოსი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე (2010-2014 წლებში), რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი (2020 წლიდან) ჯაბა სამუშია აირჩიეს. უშუალოდ რექტორის არჩევნები კი, თსუ-ში 27 დეკემბერს ჩატარდა. ერთადერთი ადამიანი, ვინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტისთვის კანდიდატურა წამოაყენა, ჯაბა სამუშია იყო და არავისთვის გასაკვირი აღარ ყოფილა, რომ მანვე გაიმარჯვა. მისი კონკურენტობის სურვილი არავის გამოუთქვამს.
რატომ გადადგა გიორგი შარვაშიძე? – ამ კითხვას თავად შარვაშიძემ, მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში კონკრეტული პასუხი არ გასცა, თუმცა, როგორც სპეციალსტები პირად საუბრებში გვეუბნებიან, შეუიარაღებელი თვალითაც კი კარგად ჩანს, რომ გაზაფხულზე განვითარებული მოვლენები ამ თემასთან პირდაპირ კავშირშია და დრო ჯერ კიდევ მაშინ ჩაირთო.
ერთიანი ეროვნული გამოცდები – დაგეგმილი და უკვე ძალაში შესული ცვლილებები
წლის ყველაზე ცხელი პერიოდი, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, ზაფხულია, როცა ათობით ათას აბიტურიენტის, მაგისტრობის მსურველებისა და მათი ოჯახების წევრების ნერვიულობა კულმინაციას აღწევს და როცა ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ეს დრო არანაკლებ ცხელია პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვისაც, რომლებიც საგამოცდო ციებ-ცხელებას ახალგაზრდებთან ერთად უერთდებიან. ახალგაზრდებიან-მასწავლებლებიანად, აპლიკანტთა რაოდენობამ, გამოცდების ცენტრის ცნობით, წელს, 90 ათასს მიაღწია. საგამოცდო მარათონი 4 ივლისს დაიწყო და თითქმის ერთ თვეს გასტანა. შედეგად, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2022 ჩარიცხულთა რეკორდული რაოდენობით დამთავრდა – სტუდენტის სტატუსი 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა მოიპოვა, რაც, წინა წლებთან შედარებით, დაახლოებით 3 000 აბიტურიენტით მეტია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კი ტესტური დავალებების სირთულის დაწევას არ აღიარებს.
წელს საუბარი მისაღები საგამოცდო სისტემის ცვლილების საჭიროებაზეც გააქტიურდა. „დაგეგმილია ეროვნული გამოცდების რეფორმირება სახელმწიფო ინტერესების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მოთხოვნების გათვალისწინებით“ – ამის შესახებ 7 ნოემბერს გამოქვეყნებულ მთავრობის ხედვაშია საუბარი. დოკუმენტი დოკუმენტად, თუმცა როცა მოგვიანებით EDU.ARIS.GE-მ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ცოტა მეტის გარკვევა მოინდომა, აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტი ჯერ არც არაფერია მოფიქრებულ/ცნობილი.
სანამ მისაღები გამოცდების სისტემის ცვლილებაზე მეტი გაირკვევა, მანამდე იმ ცვლილებების შესახებ მოგახსენებთ, რაც 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უკვე დადასტურებულად ამოქმედდება: ისტორია, მათემატიკა და უცხო ენა – გამოცდაზე გასულ აბიტურიენტებს ამ სამი საგნის ტესტებში სიახლეები დახვდებათ. კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი, ამაზე EDU.ARIS.GE-მსხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სხვადასხვა სტატიით უკვე არაერთხელ ისაუბრა. გადაავლეთ თვალი მათ.
სიახლეები
2022-მა წელმა, განათლების სფეროს გარკვეული სიახლეებიც მოუტანა. მართალია, ამ სიახლეებიდან ზოგი კარგად დავიწყებული ძველია, ზოგიც ისეთი, რომლებიც წინა წლებში უნდა ამოქმედებულ-დანერგილიყო, მაგრამ სიახლე, თუნდაც დაგვიანებული, მაინც იმსახურებს წლის შეჯამებაში მოხვედრას:
– შედეგი გამოიღო მშობლების დიდხნიანმა თხოვნა-მოთხოვნამ და სკოლაში შესვლა იმ ბავშვებმაც შეძლეს, რომელთაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე უსრულდებოდათ. ამ დრომდე, სკოლაში მხოლოდ ის პატარები დაიშვებოდნენ, რომლებიც 6 წლის 15 სექტემბრამდე ხდებოდნენ. ახლა მშობელთა ნაწილის მოთხოვნაა ამ ზღვარმა 31 დეკემბრამდე გადაიწიოს, რაც დაგეგმილია;
– საჯარო სკოლების პირველ კლასში ჭადრაკი სავალდებულო საგანი გახდა. ამისათვის სინათლის სიჩქარით გადამზადდა 4 000 პედაგოგი და მომზადდა შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც სასკოლო ბუკებში ჩაიტვირთა. გადაწყვეტილების მოტივი იყო ის, რომ ჭადრაკი ბავშვებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. ამის შესახებ კვლევები არავის წარმოუდგენია, არც ის გამოუკვლევია ვინმეს, ხომ არ არის ეს ზედმეტი თავის ტკივილი პირველკლასელი ბავშვისთვის, რომელსაც ერთბაშად ძალიან ბევრ სიახლესთან შეგუება უწევს, თუმცა შემდეგი წლიდან, ჭადრაკი, შესაძლოა, მეორე კლასშიც სავალდებულო საგნების ჩამონათვალში ვიხილოთ, რადგან როგორც მინისტრი ამაყობს, „ძალიან წარმატებულია“;
– სექტემბრიდან 18 სკოლის საბაზო საფეხურზე საპილოტე საგანი „სამხედრო საქმე“ შევიდა, 150 მათგანში კი – რაგბი. „სამხედრო საქმეს“ 300-ზე მეტი მოსწავლე ეუფლება, რაგბის კი 15 000-მდე მოსწავლე; პროგრამის პილოტირებაში მონაწილე სკოლების სრული სია კი დღემდე არავის გამოუქვეყნებია.
– საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება მომავალი წლისთვის 345 მლნ ლარზე მეტით გაიზარდა;
– 2023 იანვრიდან სკოლებსა და ბაღებში ხელფასები იზრდება: 100 ლარით იმატებს საბავშვო ბაღის პერსონალის ანაზღაურება; 125 ლარით გაზრდილი ხელფასით ისარგებლებს 43 500-მდე პედაგოგი; იგივე ოდენობით იმატებს მანდატურთა ანაზღაურებაც, 10%-ითანი სახელფასო ზრდაა სკოლების ადმინისტრაციული-ტექნიკური პერსონალის, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისთვისაც;
– სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულება 6 თვის ხელფასით დაფინანსდება. აქამდე ისინი მხოლოდ ერთჯერადად, 1000 ლარს იღებდნენ;
– მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესატან ცვლილებებზე, რომელიც უმეტესად მენტორი და წამყვანი მასწავლებლების პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას უკავშირდება, მუშაობა დასრულებულია და დოკუმენტი მთავრობამ წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.
– მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ახალი პროექტის დაწყების შესახებ, რომლის მიხედვითაც აშენდება და რეაბილიტირდება 800 სკოლა, პროექტის ღირებულება 1 მლრდ ლარს შეადგენს. ასევე, დაგეგმილია 100 მილიონი ლარის დახარჯვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის.
– უკრაინელი მოსწავლეებისთვის სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორები გაიხსნა, სადაც მშობლიურ ენაზე შეუძლიათ განათლების მიღება. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელ აბიტურიენტებს სასურველ უნივერსიტეტში სწავლის უფლება ეროვნული გამოცდების გარეშე ექნებათ.
– მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. მავანთათვის ეს „პოპულისტური ნაბიჯია“, მავანთათვის – „ეროვნული საქმე“. წლის შეჯამებაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ისიც გვითხრა, რომ აქამდე, „საქართველოს ისტორია სკოლებში წაშლილი იყო“.
– გასულ წელს, სკოლების ავტორიზაციის დაწყების მომზადების მიმართულებით, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, ყველა სკოლამ ავტორიზაცია ახალი სტანდარტების მიხედვით უნდა გაიაროს. პროცესი 2023 წელს დაიწყება. სკოლებს ავტორიზაცია 6 წლის ვადით ენიჭებათ.
– ქართული განათლების სისტემის გასაჭირებზე ერთ დიდ წარმოდგენას ქმნის საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის მიერ 2022 წელს ჩატარებული ორი სქელტანიანი მოკვლევის ანგარიშიც, რომლებმაც სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების მხრივ პრობლემები და ასევე, ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული რეალობა გამოააშკარავა.
– „ადამიანური კაპიტალის პროგრამა“ რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით უკვე ამოქმედდა, განათლების, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის მიმართულებების გაუმჯობესებას ითვალისწინებს და მისი საგანმანათლებლო ამოცანა ბავშვების, მოსწავლეებისა და ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების ამაღლებაა. დაფინანსებას მიიღებენ სკოლებიც, თუმცა, როგორც გაცხადდა, ეს არის „პროგრამა შედეგებისთვის“ და დაფინანსებაც შედეგებზე იქნება მიბმული.
– წინა წლებისგან განსხვავებით, არცთუ ისე ბევრი, თუმცა გარკვეული საკადრო ცვლილებები 2022 წელსაც ვიხილეთ: მინისტრს პირველი მოადგილე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ მახარაშვილი გახდა; პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორად მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი იქნა არჩეული. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლად პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოში, მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე დაინიშნა, რომელმაც, ამავდროულად, სამინისტროს პროფესიული განათლების მიმართულების კურატორის ფუნქციაც შეითავსა.
– ახალი რექტორები ჰყავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს (ნინო დობორჯგინიძე), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს (შალვა ჭკადუა) და სამხატვრო აკადემიას (ყარამან ქუთათელაძე). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯაბა სამუშია ხელმძღვანელობს;
– უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია დაიწყო, რაც უმაღლეს სასწავლებლებს უფლებას აძლევს აკრედიტაციის საბჭოს წინაშე განაცხადი არა თითოეული პროგრამისთვის, არამედ ერთ კლასტერში, შინაარსობრივად დაჯგუფებული პროგრამებისთვის წარადგინოს. პროცესი, რომელიც ორი წლის წინ დაანონსდა, 2022 წლის ზაფხულში დაიძრა: შეიცვალა კანონმდებლობა და ჩატარდა ჰუმანიტარული სფეროს აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის ატესტაცია. როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გვატყობინებს, ამჟამად ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია მიმდინარეობს. წლის ბოლომდე 200-მდე საგანმანათლებლო პროგრამა კლასტერულად შეფასდება. ყველა სფეროს პროგრამა კი ამ პროცესს, ეტაპობრივად, 2028 წლამდე გაივლის.
– მთავრობის „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია” დამტკიცდა და როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, განათლების სისტემაში უმთავრეს გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება განათლების ხარისხი და საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების ინსტიტუციური გაძლიერება. დოკუმენტში ჩამოთვლილია მთავრობის მიზნები და ამოცანები განათლებაში, თუმცა ჩამონათვალი სურვილებისა და დაპირებების შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, რადგან მიღწევის გზებზე ნათქვამი არაფერია;
– საგაკვეთილო პროცესში კომპლექსური დავალებების შეტანამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. განსაკუთრებულ უკმაყოფილებას მშობლები გამოთქვამდნენ, რადგან ამ დავალებების შესრულება, მათგან დიდ ჩართულობას მოითხოვს, მიუხედავად განათლების რეფორმის ავტორების მტკიცებისა, რომ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა საკლასო საქმეა და მშობლის დახმარებას არ გულისხმობს. საბოლოოდ, სწავლა-სწავლებაში კომპლექსური დავალების ინტეგრირების საკითხი სკოლებში არსებულ ერთ-ერთ გამოწვევად შეფასდა.
– EDU.ARIS.GE-მ, უნივერსიტეტების მორიგი რანჟირებული სია გამოაქვეყნა, რომლის დახმარებითაც მსურველებს შეუძლიათ გაიგონ თუ რომელ უნივერსიტეტბში ჩაირიცხნენ კარგად მომზადებული აბიტურიენტები 2022 წელს.
ის, რაც 2022 წელს უნდა გაკეთებულიყო, თუმცა არ გაკეთდა
სია დაუსრულებელ-გადადებულ-გაუქმებიულ-მივიწყებული საქმეებისაც არანაკლებ გრძელია, თუმცა აქ მხოლოდ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანზე გავამახვილებთ ყურადღებას:
– განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, განცხადება უნდა დაეწერა გადადგომის შესახებ და ის უნდა დაკმაყოფილებულიყო… ბოდიშს გიხდით, აზრები არასწორი მიმართულებით გაგვექცა..
– უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელზე მუშაობაც ბოლო 5-6 წელია მიმდინარეობს, ისევ არ დამტკიცებულა. როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა დაფინანსების კონკრეტული მოდელის განსაზღვრისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმაციის მართვის მონაცემთა ბაზის სისტემის შექმნის მიმართულებით.
– წელს სკოლებში არც მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასება ჩატარებულა, ქვეყნის მასშტაბით დაანონსებული IV-IX კლასების ყველა მოსწავლის მიღწევის აღწერა, რომელიც სკოლებში ჩატარებული დიაგნოსტიკური შეფასების მიხედვით უნდა განხორციელებულიყო. შეფასება, რომელმაც უნდა დაადგინოს პანდემიის დროს მოტანილი ზიანი და შედეგად შესაძლებელი გახდეს მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა მათი წინსვლის ხელშესაწყობად, აპრილში დაანონსდა, თუმცა, სასწავლო წელი ისე დასრულდა, რომ სკოლებს შესაბამისი მასალებიც კი არ ჰქონდათ მიღებული.
– საქართველოში კვლავ არ არსებობს ERASMUS+ -ის ეროვნული ოფისი, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაიხურა. ორჯერ გამოცხადებული კონკურსის მიუხედავად, ERASMUS+ -ის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, ქვეყანაში, ვერ მოიძებნა. შედეგად, მნიშვნელოვნად დაზარალდა პროფესიული განათლება, ვინაიდან საქართველოს წელს პირველად მიეცა შესაძლებლობა საგრანტო კონკურსს პროფესიული განათლების მიმართულებითაც შეერთებოდა. ოფისის, ინფორმაციისა და კვალიფიკაციური კონსულტაციის არარსებობამ პროფესიულ სასწავლებლებზე უარყოფითად იმოქმედა – მათ საგრანტო კონკურსში ჩართვა ვერ შეძლეს. ამდენად, საქართველომ, რომელიც მიღებული დაფინანსების ოდენობით, უმაღლესი დაფინანსების კუთხით, რეგიონში, სულ მოწინავე პოზიციაზეა, პროფესიული განათლების მიმართულებით გამოცხადებულ კონკურსში ბოლო ადგილი დაიკავა. სფეროში მომუშავე ადამიანები და სტუდენტები, ამ წელს, საჭირო და სასარგებლო პროექტების, ქვეყანა და პროფესიული სასწავლებლები კი სოლიდური გრანტებისა და განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტის გარეშე დარჩნენ. იმის თაობაზე, თუ როდის განაახლებს მუშაობას ჩვენს ქვეყანაში ERASMUS+ -ის ეროვნული ოფისი, არც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აკეთებს განცხადებას.
„გამოწვევები დავძლიეთ“ – პანდემიის შედეგების იგნორირება
პანდემიამ და ორწლიანმა იძულებითმა ონლაინ სწავლებამ სკოლასა და მოსწავლეების განათლებას უდიდესი კვალი რომ დაატყო, ამაზე მთელი მსოფლიო თანხმდება და აღიარებენ რა ამ დანაკლისს, მის აღმოფხვრაზეც აქტიურად მუშაობენ. 2022 წელი, ძლიერი სასკოლო სისტემის მქონე ქვეყნებშიც კი ამ დანაკარგების გამოკვლევას, დათვლასა და გაზომვას დაეთმო. საქართველოში, ამ თემაზე, USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებული მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციაც გაიმართა. კვლევებმა ცხადყო, რომ ყველაზე დიდი ზიანი, პანდემიამ, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მიაყენა, თუმცა ზარალი დასათვლელია მაღალ კლასებშიც. „გვყავს ბავშვები, რომლებსაც რეალურად დაავიწყდათ ის მასალა, რაც სკოლებში ისწავლეს… უნდა შევეგუოთ იმას, რომ ბავშვები, სკოლაში დაბრუნების შემდეგ, ჩამორჩენილები იქნებიან“ – აცხადებენ მკვლევრები, „პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ“ – პასუხობს მთავრობა.
კურიკულუმის კონსოლიდირება, საგაკვეთილო დროისა და სასწავლო წლის გახანგრძლივება – ეს ის სამი საფეხურია, რომლებიც სპეციალისტებმა, იმავე კონფერენციაზე, სამინისტროს გამოსავლად შესთავაზეს, თუმცა, აქედან არც ერთი მათგანი არ იქნა გათვალისწინებული. რა ცვლილებებიც შევიდა სკოლაში ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ და ვნახეთ ისიც, რომ ისინი არც ხსენებულ რეკომენდაციებთან და არც პანდემიით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრასთან არანაირ კავშირში არ არის.
„როგორც იქნა!“ – დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი დაიძრა
ცალკე ქვეთავის მიძღვნას ნამდვილად იმსახურებს მრავალჯერ ჩაშლილ-გაუქმებულ-გადადებული საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება. პროცესი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო. 2022 წლის შემოდგომაზე საკითხი ისევ გააქტიურდა და რეგისტრაციაც გამოცხადდა. სერტიფიცირების პირველი ეტაპი – მსურველთა ტესტირება დეკემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა, რეგისტრაცია გახანგრძლივდა და ჯერ ისევ მოლოდინის რეჟიმი მოქმედებს. სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს. რეგისტრირებულთა რაოდენობაა 3046 და მათში მოიაზრებიან ის პირებიც, ვინც 2020 წელს დარეგისტრირდა (2049). სამინისტროში ჯერ არ იციან, როდის ჩატარდება მსურველთა გამოცდა. მანამდე კი, სექტემბერში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, საჯარო სკოლის დირექტორების ახალი სტანდარტი დაამტკიცა, რომელიც, სამინისტროსავე ინფორმაცით, „ორიენტირებულია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე“.
რა თქმა უნდა, 2022-მა წელმა თავი კიდევ ბევრი სხვა ფაქტითა თუ მოვლენითაც დაგვამახსოვრა და დარწმუნებულები ვართ, რომ EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის მათ შესახებ გამოქვეყნებული სტატიები შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ჩვენ მომავალ წელსაც ერთგულად გავაგრძელებთ თქვენთვის ყველაზე სანდო, ობიექტური, დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებას ყველაფერ იმაზე, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სფეროს – განათლებას უკავშირდება.
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!
იმედისმომცემი ელემენტები სკოლის რეფორმაში – ექსპერტის თვალით დანახული 2022 წელი განათლებაში
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება