„ეგეთი დავალებები უფრო დაზეპირებაზეა ორიენტირებული, ვიდრე ცოდნასა და აზროვნებაზე“ – საკითხები ლიტერატურის გამოცდიდან და შეფასებები
აბიტურიენტების ძირითადმა ნაწილმა გამოცდების ჩაბარება სამი ძირითადი საგნით დაასრულა, ნაწილი კი ისევ აგრძელებს და ჯერი არჩევით საგნებზე დადგა. დღეს აპლიკანტები გამოცდას ლიტერატურაში აბარებენ. აღნიშნული საგნის გამოცდა წელს 920-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია. მათგან კი გამოცდაზე სულ 90%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა.
როგორც აპლიკანტები გასულ წლებში ამბობდნენ, ლიტერატურის გამოცდა ქართული ენის გამოცდასთან შედარებით უფრო რთულია ხოლმე. EDU.ARIS.GE წელსაც დაინტერესდა საკითხების სირთულით და გამოცდიდან გამოსულ აპლიკანტებს საკითხების შეფასება ვთხოვეთ:
აპლიკანტი 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “თემები ერიკ ემანუელ შმიდტის “ულისე ბაღდადიდან” და ჭაბუა ამირეჯიბის “გორა მბორგალი” მოვიდა. ორივეს თემატიკა სიკეთეზეა. ჩვენ უნდა დაგვეწერა მსგავსებები და განსხვავებები ამ ორ ტექსტს შორს, შედარება უნდა გაგვეკეთებინა. არ გამჭირვებია, კარგი თემები იყო. რაც შეეხება კითხვებს, ღია კითხვები იყო ჰაგიოგრაფიიდან – “შუშანიკის წამებიდან” და “აბო თბილელიდან”, “ვეფხისტყაოსნიდან”, ” დიდოსტატის მარჯვენიდან”, “მთაწმინდის მთვარიდან”, “ალავერდობიდან”. მოყვანილი იყო ციტატები და უნდა გვემსჯელა რას ნიშნავდა ეს ციტატა, რა იყო მასში ნათქვამი და ა.შ. საერთო ჯამში, ვერ ვიტყვი რომ რთული იყო.”
აპლიკანტი 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “ორი ტექსტის შედარება მოვიდა. ერთი იყო ჭაბუა ამირეჯიბის “გორა მბორგალი”, რომელშიც ასეთი სიუჟეტია: ორი მეგობარი, რეზო და გრიგოლი, რევოლუციის ჟამს ოდესაში არიან. ერთმანეთს ბოლშევიკები და თეთრგვარდიელები ებრძვიან, არეული პოლიტიკური სიტუაციაა. რეზოსთან, მისი ამხანაგის სახელით, ახალგაზრდა, უცნობი პირი მოდის და დახმარებას სთხოვს. იგ ამბობს, რომ 500 მანეთი სჭირდება, რათა თავისი მეგობრის, ერთ-ერთი რევოლუციონერის სიცოცხლე იხსნას და რეზო დაუნანებლად აძლევს მას ფულს, გრიგოლი კი გააცილებს. ისინი, ფაქტიურად, თავს წირავენ, რადგან ვინმემ რომ სასტუმრო გაჩხრიკოს, აუცილებლად დაიჭერენ. ორიოდე დღის მერე ისინი ციხეში მაინც მოხვდებიან, რადგან ბოლშევიკებმა თეთრგვარდიელები განდევნეს, ქალაქის რბევა და უდანაშაულო ადამიანების დამნაშავეებად შერაცხვა დაიწყეს. სწორედ ამ დროს, რეზოსა და გრიგოლს მათ მიერ გადარჩენილია ახალგაზრდა გადაარჩენს, საბუთებს გაუკეთებს და გაუშვებს. ამასთან ერთად შესადარებლად მოვიდა ერიკ ემანუელ შმიდტის “ულისე ბაღდადიდან”, ის მონაკვეთი, სადაც საადს იტალიის საზღვართან დაიჭერენ და მას სრულიად არატიპური ჩინოვნიკი შეხვდება. საადი იმ მოლოდინით შედის მასთან, რომ ისეთი ჩინოვნიკი დახვდება, როგორებიც სულ ხვდებიან.ჩინოვნიკები ხომ ერთმანეთს გვანან ბრიყვული ამპარტავნებით. ეს ჩინოვნიკი კი არა დაწერილი კანონებით, არამედ სიკეთის დაუწერელი კანონებით ხელმძღვანელობს. ის არც კი ბრაზდება, როცა საადის გონიერებას ხედავს. საადს მითითებებსაც კი აძლევს, თუ როგორ იხსნას თავი. მანქანით მგზავრობის ნაცვლად ის ალპებით წასვლას ურჩევს. ის იმაზეც საუბრობს, რომ საკუთარ თავს პატივს ვერ სცემს, რადგან სამსახურის გამო ასეთი ადამიანების დაჭერა უწევს. რაც შეეხება ამ ტექსტების შედარებას, პირველ ტექსტში მთავარ სათქმელზე ის დავწერე, რომ რეზოს და გრიგოლს გაკეთებული სიკეთე დახვდათ წინ, მაშინ როცა არაფერს ელოდნენ, ხსნა არსაიდან ჩანდა. ჭაბუა ამირეჯიბს ასეთი გამონათქვამი აქვს: ” ხანდახან ბოროტება ისე ხმაურობს, რომ გგონია ამ ქვეყანად მხოლოდ ისაა და სინამდვილეში, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავსო”. ზუსტად ამ სიკეთემ იხსნა ეს ადამიანები და ეს დავწერე მეც. მეორე ნაწარმოებში კი საადი სრულიად უცხო ადამიანმა იხსნა, სიკეთე გაუკეთა. ეს სიკეთე იყო მთავარი საერთო. განსხვავება მხატვრულ ხერხებში იყო – ამირეჯიბთან, უფრო მეტად, თხრობა და აღწერა გვხვდებოდა, ხოლო შმიდტთან – დიალოგებიც. შმიდტის ნაწყვეტი, მხატვრული ხერხებით, უფრო მდიდარი იყო. იქ სამიოდე ხერხი მოვძებნე, ამირეჯიბთან კი ერთი ეპითეტი ვიპოვე. შეკითხვები მარტივი იყო. ზოგი შეკითხვის პასუხს იქვე მოყვანილ ციტატაშივე იპოვიდი. იყო გალაკტიონის “თოვლი”, ბარათაშვილის “ფიქრნი მტკვრის პირას” და ა.შ. მე პირადად არ მომეწონა ის, რომ ზოგ კითხვაზე, სადაც ვრცელი პასუხის გაცემა იყო საჭირო, პატარა ადგილი იყო გამოყოფილი, ზოგან კი პირიქით – პასუხი მოკლე იყო და ადგილი დიდი. ასევე არ მომეწონა ის, რომ რაღაც კონკრეტული ციტატის გახსენებას გვთხოვენ. ჩემი აზრით, ასე ცოდნა არ მოწმდება. კონკრეტული ციტატის გახსენება თუ ვერ შევძელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ლექსი, ან ნაწარმოები არ ვიცი, ან გააზრებული არ მაქვს. ეგეთი დავალებები, ჩემი აზრით, უფრო დაზეპირებაზეა ორიენტირებული, ვიდრე ცოდნასა და აზროვნებაზე.”
ეკა სულიკაშვილი 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “არ იყო რთული ტესტი, მაგრამ წინა გამოცდასთან შედარებით რომელიც ქართულში ვწერეთ, ეს უფრო რთული იყო. დიდოსტატიდანაც იყო კითხვები, ჯემალ ქარჩხაძის “იგი” აქედანაც, “ვეხისტყაოსნიდანაც” იყო კითხვები. მხატვრული ანალიზიც არ იყო რთული. ერთი იყო ჭაბუა ამირეჯიბის “გორა მბორგალი” და მეორე “ულისე”. ზოგადად თუ ნაწარმოები იცოდი არც ერთ კითხვაზე არ იყო რთული პასუხის გაცემა, ყველა საკითხზე მქონდა წარმოდგენა ,ამიტომ ტესტის დასასრულებლად დიდი დრო არ დამჭირდა.”
აპლიკანტი 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “როგორ გითხრათ, ლიტერატურის გამოცდა არც რთული იყო და არც მარტივი. თუ საკითხი იცოდი ადვილი იყო, თუ არ იცოდი, რა თქმა უნდა რთული. კითხვებიდან მახსენდება “ვეფხისტყაოსანი” ავთანდილის და შერმადინის საუბარი იყო, ავთანდილი, რომ მიდის და ტოვებს შერმადინს, ამ საკითხზე იყო ხუთი კითხვა. ტექსტის ანალიზიდან ჩემთვის ორივე უცნობი და რთული ტექსტი იყო. ერთი მახსოვს იყო ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოები, რომელიც სკოლაში არ გვისწავლია, ასევე მეორე უცხოელი ავტორის ნაწარმოებიც პროგრამული არ იყო. მოცემული იყო ეს ტექსტები ჯერ უნდა გაგვეკეთებინა ანალიზი და შემდეგ ერთმანეთისთვის უნდა შეგვედარებინა. მართალია არ ვიცნობდი ამ ნაწარმოებებს, მაგრამ ტექსტები ხომ მოცემული გვქონდა და ამის მიხედვით შევასრულე დავალება. პირველ გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც უცნობი ტექსტი ვწერე ნოდარ დუმბაძის, მაგრამ ტესტში არსებული მოცემულობა გამოვიყენე.”
მარიამ ჩხეტიანი 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “სამართალმცოდნეობაზე ვაბარებ და ჩემთვის სასურველ უნივერსიტეტს დამატებით ლიტერატურის გამოცდა ჰქონდა არჩეული. ყველაზე მეტად მერთულა “ვეფხისტყაოსანი”, რადგან ზოგადად რთული და ღრმა ნაწარმოებია, 5-6 კითხვა იყო აქედან. სხვებიც ძირითადად პროგრამული კითხვები იყო. რაც შეეხება მხატვრული ტექსტის ანალიზს, უნდა შეგვედარებინა ჭაბუა ამირეჯიბის “გორა მბორგალი” და ემანუელ შმიდტის “ულისე ბაღდადიდან”. ორივე ნაწარმოები რთულ პოლიტიკურ დროს და სიტუაციას ეხება. პირველი საბჭოთა ციხიდან გაქცეულ პატიმარს და მაშინდელ მდგომარეობას, მეორე ახლო აღმოსვლეთის კონფლიქტს ეხება, ამიტომ ამ კუთხით გავაკეთე კავშირი. ზოგადად შემიძლია ვთქვა,რომ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები არ იყო რთული და აბიტურიენტისთვის სტრესის მომცემი, თუმცა შედეგები რომ გამოცხადდება ზუსტად მერე გავიგებთ გამოცდების სირთულეს. რაც შეეხება. სიტუაციას და პირობებს, პანდემიის პიროებებში ვთვლი, რომ ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული.”
ინფრომაციისთვის, ლიტერატურაში პირს გამოცდა ჩაბარებულად ეთვლება თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ს, თუმცა როგორც წინა წლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახლაც აქვთ უფლება კონკრეტულ პროგრამებზე აწიონ ბარიერი, ანუ გაზარდონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება