ელექტრონულ რეჟიმში გავლილი სასწავლო პროცესი სტუდენტს და უნივერსიტეტს ჩაეთვლება – შუალედური გამოცდების თარიღები კი შეიცვლება
განათლების მინისტრისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ელექტრონულ რეჟიმში განვლილი სასწავლო პროცესი ჩაეთვლება როგორც სტუდენტს, ისე უნივერსიტეტს და სამინისტროს მხარდაჭერით, ეს ყველაფერი კანონიერ ჩარჩოშიც მოექცევა.
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) დისტანციური სწავლების ელემენტების პილოტირება დაიწყო. თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) ელექტრონული სწავლების სინქრონული და ასინქრონული ელემენტების გამოყენებას zoom-ის, smartboard-ისა და webinar-ის საშუალებით 16 მარტიდან დაიწყო. 23 მარტიდან კი – ელექტრონული სწავლების ელემენტებზე გადავლენ ფაკულტეტები, თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრი და თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტი.
რა სირთულეები შეიძლება შეიქმნას უმაღლეს სასწავლებელში დისტანციური კომუნიკაციის გამო და რა ცვლილებები ელის სასწავლო პროცესს, ამის შესახებ EDU.ARIS.GE -ს თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე ესაუბრა.
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სააუდიტორიო სწავლების აღდგენამდე უკვე გამოაცხადა, რომ განახორციელებს დისტანციური სწავლების ელემენტების პილოტირებას. რა სირთულეები შეიძლება წარმოიქმნას ამ პროცესში, რა რისკებს ხედავს უნივერსიტეტი?
– ეს არის ახალი გამოწვევა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემისთვის, არამედ ბევრი ევროპული ტრადიციების მქონე დიდი უნივერსიტეტისთვისაც აღმოჩნდა რთული. შესაბამისად, დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება ძალების კონსოლიდაცია და სტუდენტებმა, პროფესორებმა, უნივერსიტეტების ადმინისტრაციებმა ერთად უნდა ვისწავლოთ როგორ გავიაროთ წარმატებით ეს პერიოდი. თსუ ყოველთვის მომხრე და აქტიური მხარდამჭერი იყო ღია საგანმანათლებლო რესურსების არსებობისა და ყოველთვის დიდი წვლილი შეჰქონდა და დღემდე შეაქვს ამ თვალსაზრისით საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში. დისტანციური სწავლების მიმართულებითაც, ჩვენ უკვე დავიწყეთ ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა, რაც რესურსების გაერთიანებასა და ერთობლივ გამოყენებას გულისხმობს. ჩვენ ამ პროცესში ჩართული გვაქვს ყველა გამართული ელექტრონული სისტემა და რესურსი (Moodle, Zoom, Webinar, LMS, Smartboard და სხვა.) ბოლო თვეებია ინტენსიურად მიდის მუშაობა „საქართველოს ბანკთან“ თსუ-ის მობილური აპლიკაციის შექმნაზე. ამ პროცესს, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, კიდევ უფრო დავაჩქარებთ.
თსუ-ის ფაკულტეტების, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა – ISET-ის, საბავშვო უნივერსიტეტის, პროფესიული განათლებისა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრების ადმინისტრაციები, ბოლო დღეებია ბევრს მუშაობენ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ელექტრონული სწავლების ელემენტების პილოტირება. საბავშვო უნივერსიტეტმა უკვე დაიწყო დისტანციურად ფუნქციონირება, დისტანციურ სწავლებაზე გადადის პროფესიული განათლებისა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრები, ელექტრონული სწავლების ელემენტების გამოყენებას იწყებენ ფაკულტეტები და ISET-იც. ამ პროცესში, იქნება გარკვეული ხარვეზები და სირთულეები, რასაც ერთობლივი მუშაობით და სტუდენტებისა და ფაკულტეტების აქტიური თანამშრომლობით დავძლევთ.
რაც შეეხება სირთულეებს და რისკებს, უპირველეს ყოვლისა, მთავარი რისკი არის მოცულობა საგნებისა, რომელიც უნდა აიტვირთოს სხვადასხვა მატარებლებზე და სხვადასხვა პლატფორმებზე. რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება საქართველოში, გამომდინარე კურსების და სტუდენტების რაოდენობებიდან, ძალიან დიდი ამოცანაა ჩვენ წინაშე. ამასთან, ჩვენ გვაქვს 2 770 სასწავლო კურსი, რომელიც უნდა განთავსდეს სხვადასხვა პლატფორმაზე. უკვე დავიწყეთ ზოგიერთი მოდელის ასინქრონულად პილოტირება, მათ შორის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) გადავიდა სინქრონული და ასინქრონული მოდელების პილოტირების რეჟიმზე. 16 მარტიდან Zoom, Webinar და Smartboard გამოყენებით განხორციელდება ლექციების და სემინარების მიწოდება სტუდენტებისთვის. რაც შეეხება სხვა ფაკულტეტებს, მათი ჩართვა სხვადასხვა რეჟიმში მოხდება 23 მარტიდან და მათ შორის იქნება გამოყენებული ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Moodle, მაგრამ ამასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში იქნება გამოყენებული სხვადასხვა პლატფორმაც, გამომდინარე დისციპლინიდან.
– სამართლებრივი კუთხით რა პრობლემები და შეზღუდვები არსებობს უნივერსიტეტის მიერ ონლაინ სწავლების განხორციელებაში?
– სამართლებრივი კუთხით არსებობს რამდენიმე მომენტი, რომელიც მოითხოვს სინქრონიზაციას კანონთან, შესაბამის ბრძანებასთან და დადგენილებასთან, მაგრამ ამ ყველაფერს მუშა რეჟიმში გავივლით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. არის სხვა საკითხები, რომელიც უკავშირდება არამხოლოდ სამართლებრივ პრობლემატიკას. სრულად სინქრონული ონლაინ სწავლებისთვის საქართველოში მზად არცერთი უნივერსიტეტი ვართ. ეს არის სულ სხვა დონის ამოცანა. რაც მთავარია, ელექტრონული სწავლების ახალი ელემენტები შემოდის. ეს არის ჩვენთვის მოდელი იმისა, როგორ შეიძლება ამ ელემენტების უფრო კარგად გამოყენება და სტუდენტებმა, პროფესორებმა და ადმინისტრაციამ, ყველამ შეძლოს არსებული რესურსების გამოყენება. კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ვმუშაობთ – რაც შეიძლება მეტი ონლაინ რესურსი გაჩნდეს ჩვენი სტუდენტებისთვის, და არამხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ პარტნიორებთან სხვა უმაღლეს სასწავლებლებში და ვვარაუდობთ, რომ ის რესურსები, რაც გაგვაჩნია მათთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი. ჩვენ ელექტრონულ ბიბლიოთეკაში, მაგალითად, 2000-ზე მეტი წიგნი არის, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია სხვებისთვისაც. ვამზადებთ კიდევ დაახლოებით 10 000-მდე წიგნს, რომ დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად გახდეს ხელმისაწვდომი. ვიხილავთ ტექნიკურ საკითხებს, ასევე ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. პარტნიორ უნივერსიტეტებს ასევე სიამოვნებით ვუზიარებთ ჩვენ გამოცდილებას, ბევრი მათგანი გვიზიარებს თავის რესურსებს. ეს არის კარგი თანამშრომლობის მოდელი ამ შექმნილ სიტუაციაში.
– გახანგრძლივებული არდადეგები გამოიწვევს თუ არა შუალედური გამოცდების თარიღების ცვლილებას?
– შუალედური გამოცდების თარიღები შეიცვლება. არა მგონია ეს იყოს 2-კვირიანი პერიოდი, რომელიც დაეთმობა შუალედურ გამოცდებს. ამაზე ვმუშაობთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ვაპირებთ, რომ ცვლილებები შევიტანოთ იმ დადგენილებებში, რომლებიც არსებობს საკუთრივ უნივერსიტეტშიც. ცვლილებები აუცილებლად შესატანი იქნება გამომდინარე ეპიდ-სიტუაციიდან. დღეისათვის ჩვენ ვვარაუდობთ რომ, სააუდიტორიო სწავლება შეიძლება აღდგეს 1-ლი აპრილიდან, თუმცაღა გვაქვს კიდევ „ბ“ გეგმა, „ც“ გეგმა. რამდენიმე ვერსიას განვიხილავთ პარალელურ რეჟიმში, თუ მდგომარეობა დამძიმდება მაშინ რას ვაკეთებთ და ა.შ. მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისთვის. ჩვენ ამ ეტაპზე 13-კვირიან რეჟიმზე გადავალთ მთლიანად, რაც იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურად ვეცდებით არ შევიდეთ ზაფხულის ცხელ სეზონში. ამ დროისთვის, ვფიქრობთ, რომ 27 ივნისს დასრულდება სწავლა, ისე როგორც იყო გათვალისწინებული აქამდე, თუ კიდევ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა.
– განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრაზე რა ძირითად პრობლემებზე ისაუბრეს უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა და რამდენად არის მზაობა, რომ ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლები გადავიდნენ სწავლების ონლაინ პლატფორმაზე და რა დახმარებას გაუწევს მათ ამ კუთხით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი?
– განათლების მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ პილოტირების რეჟიმი ჩვენთან იწყება 16 და 23 მარტიდან, სხვა უნივერსიტეტებშიც ელექტრონული სწავლების პროცესი პილოტირების რეჟიმში უნდა დაიწყოს. პირველ რიგში, საუბარია იმაზე, რომ პილოტირებისას გავლილი სასწავლო პროცესი უნდა ჩაეთვალოს სტუდენტს და უნივერსიტეტს, ამაში სრული მხარდაჭერა და მზაობა გამოთქვა სამინისტრომ. ეს ყველაფერი ჩაჯდება კანონიერ ჩარჩოში. ასევე იყო სამინისტროსგან მოწოდება, რომ რაც შეიძლება მეტად გამოვიყენოთ ერთმანეთის რესურსები, რათა მოხდეს ამ რესურსების კონსოლიდაცია. ბევრი უნივერსიტეტი, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკავშირდება თავის პარტნიორებს უცხოეთში, და ძალიან კარგად ვიცით ახლა წამყვანი უნივერსიტეტები, ჩვენი პარტნიორები რას აკეთებენ, რას გეგმავენ. შემიძლია ვთქვა, რომ დიდი განსხვავებული სურათი ჩვენთან არ არის, ბევრ რაღაცაში იქით ვაძლევთ რჩევას. საუბარი ბევრ უნივერსიტეტთან გვქონდა: ზაარბრიუკენის უნივერსიტეტთან, იენის უნივერსიტეტთან, ჩარლზის უნივერსიტეტთან, ბევრ პარტნიორთან სხვადასხვა ქვეყანაში და აქ ყოველ ჯერზე თემატიკა ერთი და იგივეა, თუ როგორ შეიძლება მაქსიმალურად შევძლოთ, რომ გავზარდოთ უკონტაქტო სწავლების ელემენტები და გასაგებია, რომ ეს არის პირველი რიგის ამოცანა ყველასთვის. გვაქვს უამრავი ონლაინ რესურსი, მაგრამ ამავდროულად უნდა ვიფიქროთ იმ სტუდენტებზეც, ვისაც შეიძლება არ ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან და არ ჰქონდეს სხვა საშუალებები. აქ უნდა გამოვიყენოთ სხვა პარალელური სისტემები. ესაა ის საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს სახელმწიფო დონეზე და უნივერსიტეტების დონეზეც შეიძლება ბევრი რაღაცის გაკეთება.
კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს ბანკთან, ეს არის სტუდენტური აპლიკაციის შექმნა, რომელიც იქნება სტუდენტსა და პროფესორზე მაქსიმალურად ორიენტირებული და მოგვცემს ასევე საშუალებას, რომ ბევრი ბიუროკრატიული პროცესი, რომელიც დღეს გვაქვს, ონლაინ სწავლების დროს მოგვარდეს აპლიკაციის მეშვეობით.
ესაუბრა თამთა ვირსალაძე
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი