ეპიდემია, ბავშვები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და აბიტურიენტების პრობლემა
პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადადის, რის გამოც გარკვეული დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება.
„ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა, ამიტომ დარჩება მუნიციპალური ტრანსპორტი და მეტრო, მათ დაევალათ და ექნებათ ვალდებულება, რომ ყოველდღიურად მოახდინონ ამ ტრანსპორტის დეზინფექცია. ასევე შეიზღუდება სპორტდარბაზების და ასევე სხვადასხვა სპა ცენტრების ფუნქციონირება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავისრუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 2 მარტის შემდეგ სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სხვადასხვა საგანმანათლებლო ცენტრები და რეპეტიტორები მოსწავლეების მიღებას აგრძელებდნენ, შესაბამისად საზოგადოებრივი ტრანსპორტით უამრავი ბავშვი სარგებლობდა. ჩვენს მიერ გამოკითხული მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ მდგომარეობა დღეიდან შეიცვლება და ყველა ცენტრი და რეპეტიტორი დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავა.
მარტის არდადეგების გამოცხადების შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა კვირაში რამდენჯერმე უწევს 13 წლის ანას. ის გლდანიდან დიდუბეში ერთ-ერთ საბავშვო სტუდიაში დადის. მთავრობის მიერ გარკვეული შეზღუდვების დაწესების რეკომენდაციის მიუხედავად, ცენტრს დღემდე სასწავლო პროცესი არ შეუწყვეტია.
„ამ თვეში ერთი გაკვეთილი დარჩა, გავუშვებ და მერე თუ თავად არ შეწყვეტენ სასწავლო პროცესს და თუ დარეკავენ თანხა ჩარიცხეთო, უარს ვეტყვი. კიდეც რომ ჩამორჩეს მათ პროგრამას არ მანაღვლებს. გვეუბნებიან დეზინფექცია ტარდებაო და ბავშვს რეკომენდაცია მისცეს ნიღბით და ხელთათმანებით მივიდეს. ბავშვი სახლიდან მეტრომდე ჯდება ჯერ ერთ ტრანსპორტში, მერე მეტროთი მგზავრობს და ასე მიდის დანიშნულების ადგილამდე. რა თქმა უნდა რისკის ქვეშაა. მეც დასაქმებული ვარ ერთერთ მაღაზიაში, ყოველდღე ვმუშაობ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მიხდება, ვიცი დიდი რისკს ქვეშ ვართ, მაგრამ დაისვენეთო არავინ გვეუბნება თან მაღაზიებიც თუ დაიხურა არ ვიცი როგორ იქნება ქვეყანაში საქმე“ – ამბობს ანას დედა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
კიდევ ერთი მოსწავლე, 12 წლის ანრი 13 მარტამდე დადიოდა უცხო ენის მოსამზადებელ ერთ-ერთ საერთაშორისო ცენტრში. ონლაინ სწავლებაზე გადასვლის გადაწყვეტილება დაწესებულებამ მხოლოდ ორი დღის წინ მიიღო.
„როგორც კი ასეთი ეპიდ სიტუაცია დაიწყო და სკოლებშიც არდადეგები გამოცხადდა, მაშინვე დავრეკეთ ცენტრში და ვიკითხეთ გაგრძელდებოდა თუ არა სასწავლო პროცესი? გვითხრეს რომ ოფისში დეზინფექცია ჩატარდა და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდებოდა. ერთხელ თავად ბავშვი არ წავიდა, მეორედ გავყევი, მაინტერესებდა სიტუაცია, ოფისში განცხადება დაგვხვდა, რომ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, გაკვეთილზე 8 ბავშვის ნაცვლად 4 იჯდა და დისტანციაც დაცული იყო, მაგრამ მაინც მივიღე გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად მთელი თვის გადახდილი თანხისა, ბავშვს ლექციაზე აღარ გავუშვებდი. ორი დღის წინ დაგვირეკეს, რომ შეცვალეს გადაწყვეტილება და ონლაინ გაკვეთილებს ჩაუტარებენ მოსწავლეებს,“ – გვეუბნება კიდევ ერთი მშობელი თეა კაპანაძე.
აბიტურიენტების ნაწილი EDU.ARIS.GE-ს წერს და ინტერესდებიან, ასევე ითხოვენ ინფორმაციას გადაიწევს თუ არა ეროვნული გამოცდები იმ ფონზე, რომ რეპეტიტორთან სიარულის შიში აქვთ ან მასწავლებელმა თავად უთხრეს რომ ამ ეტაპზე არ იარონ.
“ეროვნულებს რამე შეეხებაა? არის იმის შესაძლებლობა რომ გადაწიონ? აბიტურიენტებს მაინც გვიწევს მასწავლებლებთან სიარული, არ გვითხოვენ გამოცდების გამო და იქნებ ინფორმაცია მოგვაწოდოთ”.
“რამე ქენით რა, ან გადაწიეთ ეს გამოცდები, ან რამე ქენით. მარშუტკები აღარ არის, ვერ მივდივარ მასწავლებლებთან. რამე თქვან მაინც და აღარ ვივლი ამ მასწავლებლებთან კაცო, დავიტანჯე, კარს მოგვადგა გამოცდები”, – გვწერენ აბიტურიენტი.
„აბიტურიენტი შვილი მყავს, სამ საგანში ემზადება ქართული, ისტორია და ინგლისური. ქართული ენის მასწავლებელი ონალინ რეჟიმზე გადავიდა და ვიდეო ჩართვებით სახლიდან მეცადინეობენ, სხვებთან კი ბავშვი ისევ ისე დადის და საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც იყენებს ტაქსით რომ ვატარო ტაქსშიც არ მაქვს დიდი გარანტიები. რისკებს ვხედავ ნამდვილად, ალბათ პრემიერის დღევანდელი განცხადების შემდეგ შეიცვლება სიტუაცია და სხვა მასწავლებლებიც ონლაინ რეჟიმზე გადავლენ – ამბობს ერთ-ერთი აბიტურიენტის დედა თეონა სულაძე ჩვენთან საუბარში.
მათი კითხვების პასუხად გამოცდების ეროვნულ ცენტრში ასეთი პასუხი აქვთ:
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ონლაინ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. ვინაიდან გამოცდები დაგეგმილია ივლისის თვეში, მათ გადადებაზე საუბარი ნააადრევია”.
ამ ეტაპზე საქართველოში 34 კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანი მკურნალობს. ერთი გამოჯანმრთელებული კლინიკიდან უკვე გაწერილია. როგორც პრემიერ მინისტრი აღნიშნავს, ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობას აქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გამოწვევას უპასუხოს.
„რაღაც მომენტი შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაც. ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს მკაფიოდ, დღევანდელი მონაცემებით იმ ობიექტური რეალობით და იმ შეფასებებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ამის აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამას მივიღებთ. ეს არის პროცესი, ეს არის მართვა, მართვის პროცესი, როგორ ვებძროლოთ ვირუსს. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც დღეს გვჭირდება ეფექტური ბრძოლისთვის, გვაქვს, როდესაც ეს ინსტრუმენტები დაგვიმთავრდება და აუცილებლობა იქნება საგანგებო მდგომარეობა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი