„ეროვნული გამოცდები ივლისში ჩატარდება, საგამოცდო სივრცეში იქნება ბარიერები, რაც მონაწილეებს ერთმანეთისგან გამიჯნავს“
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, თითოეული მონაწილე ერთმანეთისგან სპეციალური ბარიერით იქნება გამიჯნული.
„ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უკვე შემუშავებული გვაქვს უსაფრთხოების გეგმა, მოწოდებულია რეკომენდაციები და ის ვალდებულებები, რომელიც უნდა შესრულდეს საგამოცდო სივრცეში. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა იყოს უსაფრთხო გარემოს შექმნა, განსაზღვრული სივრცე უნდა იყოს თითოეული პირისთვის. ბარიერი უნდა იქნას დამონტაჟებული, რაც გამიჯნავს ერთ პირს მეორე პირისგან და, რა თქმა უნდა, ჰიგიენის და დეზინფიცირების ყველა წესი იქნება დაცული. განათლების სისტემა მზადაა გამოცდების ჩასატარებლად, ყველა საორგანიზაციო საკითხი არის მოგვარებული. პროცესი მიმდინარეობს რათა შეიქმნას უსაფრთხო გარემო. გამოცდები ჩატარდება ივლისში, მაგრამ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დაგვიზუსტებს ამ პერიოდს, არსებული გამოცდილება მოგვცემს საშუალებას, რომ ივნისის თვეში გამოვაცხადოთ, ივლისში თუ როდის ჩატარდება გამოცდები”, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
მისივე თქმით, ეროვნული გამოცდების თემატიკა ძირითადად აგებულია აბიტურიენტების აზრობრივი და ანალიტიკური უნარების წარმოჩენაზე, იძულებითი არდადეგების დროს კი, მათ მომზადებაში ტელესკოლა და სხვადასხვა აქტივობები ეხმარებათ. „ეს გამოცდა არ იქნება მხოლოდ გარკვეული ინფორმაციის ფლობაზე, ეს იქნება აზროვნების ტესტი. მათი ანალიტიკური უნარების და აზროვნების შემოწმება”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. იგივე პერიოდში გასამართ პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე კი – 19 600 აპლიკანტი. მათ გარდა საგამოცდო სივრცეები მაგისტრობის მსურველებს და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს უნდა დაეთმოს. განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყება ზედმიწევნით დაიცავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ პროტოკოლებს, რომელზე დაყრდნობითაც უკვე შეიძლება ითქვას, რომ ერთ სივრცეში 10 აბიტურიენტზე მეტი არ განთავსდება.
39 ათასი მონაწილისთვის ინდივიდუალური ბარიერი და ერთ სივრცეში მხოლოდ 10 ადამიანი, როგორ შეძლებს ამ გამოწვევის დაძლევას განათლების სისტემა, გაიზრდება თუ არა საგამოცდო ცენტრების რაოდენობა და თითოეული საგნისთვის გამოყოფილი დღეები, ივნისში დაგეგმილ პრეზენტაციაზე უნდა გახდეს ცნობილი.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება