GE

„ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი სექტემბრამდე დამტკიცდება“ – სოფო გორგოძე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად ამბობს, რომ ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი სექტემბრამდე დამტკიცება.

ამის შესახებ ჩვენ მას ქუთაისში, პირველ საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში სტუმრობისას ვკითხეთ.

„ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი სექტემბრამდე დამტკიცდება, ამას პარლამენტის დადგენილება არ სჭირდება. ახლა ამაზე საუბარს ვერიდებით, რადგან არ გვინდა, რომ აბიტურიენტები დავაბნიოთ“, – განმარტა გორგოძემ.

უნდა იყოს თუ არა სავალდებულო უნარების გამოცდა – აბიტურიენტების მშობელთა გამოკითხვის შედეგები

დღესვე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას წლევანდელი ეროვნული გამოცდები შეაფასა და აბიტურიენტებს მეტი მობილიზაციისკენ მოუწოდა:

“დღეს ქუთაისის სამივე საგამოცდო ცენტრი მოვინახულე. გამოცდები წესებისამებრ მიმდინარეობს, თუმცა დღეს საქართველოში ეროვნულ გამოცდებზე 2 დაგვიანება დაფიქსირდა და ორივე ქუთაისიდან. (EDU.ARIS.GE-მ კიდევ ერთი დაგვიანება თბილისის 175 საგამოცდო ცენტრში დააფიქსირა ავტ.), ამიტომაც აბიტურიენტებს ვთხოვ, გაფრთხილდნენ, არ მოდუნდნენ და არ დაიგვიანონ”, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

ის ჟურნალისტებთან საუბრისას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მათთვის უმაღლესი განათლების მიცემის გზებზე მუშაობს.

,,ოკუპირებული ტერიტორიებიდან აბიტურიენტების უმრავლესობამ შეძლო მოსულიყვნენ გამოცდებზე. რაც შეეხება დანარჩენებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამაზე მუშაობს და მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ისინი ამ ბავშვებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას უზრუნველყოფენ”, – დასძინა გორგოძემ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური