GE

უნდა იყოს თუ არა სავალდებულო უნარების გამოცდა – აბიტურიენტების მშობელთა გამოკითხვის შედეგები

„გარდა იმისა, რომ დღეს საგამოცდო ცენტრის წინ, ჩემს შვილს ველოდები, მე თვითონ პედაგოგი ვარ და ვთვლი, რომ ზოგადი უნარები საჭიროა არა მხოლოდ საგამოცდო დონეზე, არამედ სკოლაშიც უნდა ისწავლებოდეს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს 2019 წლის ზოგადი უნარების ეროვნულ გამოცდაზე შვილის საგულშემატკივროდ მისულმა სკოლის მასწავლებელმა.

მომავალი წლიდან უმაღლესში სწავლის გაგრძელებისთვის ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. ეროვნული გამოცდების ცვლილების შესახებ პროექტი, როგორც გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი და მინისტრის მოადგილე ამბობენ, განხილვის დასკვნით ეტაპზეა და მას საზოგადოებას 2019 წლის ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ წარუდგენენ. წლის დასაწყისში განათლების მინისტრმა ცვლილებების დანერგვის ეტაპი 2020 წლისთვის ამ თანმიმდევრობით წარმოგვიდგინა:

“მისაღები გამოცდები ჩატარდება 3 სავალდებულო საგანში: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველა აბიტურიენტისთვის, მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა – ტექნიკური მიმართულების შემთხვევაში ან ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში”.

ყველაზე დიდი კრიტიკა, მათ შორის საკანონმდებლო დონეზეც, ზოგადი უნარების გამოცდის სავალდებულო საგნების ჩამონათვალიდან ამოღების ინიციატივას და მის არჩევითი საგნების ნუსხაში გადატანას მოყვა. ზოგადი უნარების გამოცდის არჩევა თავად უნივერსიტეტს შეეძლება და არა აბიტურიენტს. თავიანთ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდას ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტები ისევ ჩააბარებენ და აქ არაფერი იცვლება. ჩარიცხვებიც, როგორც ითქვა, ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ.

ჩვენთვის უცნობია, არიან თუ არა ჩართული გამოცდების მოდელის ცვლილებების პროექტის განხილვაში ის ადამიანები, ვისაც უშუალოდ ეხება ეს ცვლილებები, თავად მშობლები და აბიტურიენტები ამას უარყოფენ. სწორედ ამიტომ, EDU.ARIS.GE-მ ის ადამიანები გამოკითხა, ვისი პოზიციის მოსმენაც სამინისტროს თუ მთავრობის ოფიციოზს მხოლოდ ცვლილებების დამტკიცების შემდეგ ახსენდება, ან არც დამტკიცების შემდეგ აინტერესებთ.

ჩვენ აბიტურიენტების მშობლებს მთელი საქართველოს მასშტაბით გავესაუბრეთ. უნარების გამოცდის მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეთაც თავიანთი არგუმენტების მოყვანა ვთხოვეთ, რომელთა წონის შეფასებაც თქვენთვის მოგვინდვია. არაერთი მშობელი ამბობს, რომ ეს გამოცდა აუცილებელია და იმასაც ამატებენ, რომ ასეთი ცვლილება არაფერს აძლევთ, ვინაიდან უმაღლესები შიდა გამოცდებს მაინც ჩაატარებენ. გამოკითხვის შედეგები კი ასეთია:

თბილისი

„გარდა იმისა, რომ დღეს საგამოცდო ცენტრის წინ, ჩემს შვილს ველოდები, მე თვითონ პედაგოგი ვარ და ვთვლი, რომ ზოგადი უნარები საჭიროა არა მხოლოდ საგამოცდო დონეზე, არამედ სკოლაშიც უნდა ისწავლებოდეს. განათლების მისაღებად, ინტელექტის ასამაღლებლად და აზროვნების გასაუმჯობესებლად. ამ ყველაფერში ეხმარებათ მათ უნარ-ჩვევების სწავლა. ბევრ რამეს ითვისებენ.

„ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, როგორც საგნებში გადანაწილება და უნარების კომპონენტების ჩართვა, ასევე მცირე საგნის გამოყოფა, რომელსაც თუნდაც კვირაში ერთი საათი ისწავლიან. ეს რომ განვითარებაში, სხვა საგნების უფრო ფართო რაკურსის აღქმასა და აზროვნებაში ეხმარებათ, ჩემი შვილის მაგალითზეც დავინახე და სკოლაშიც ნათლად ვხედავ, ჩემს მოსწავლეებზე”, – ხათუნა აქუბარდია.

გორი

„ვფიქრობ, რომ ზოგადი უნარების გამოცდა არ უნდა გაუქმდეს. ჩემი აზრით, ამ გამოცდით კარგად არის შესაძლებელი აბიტურიენტის ცოდნის დონის დადგენა, რადგან უნარების გამოცდა ამოწმებს თუ რა უნარ-ჩვევები აქვთ ბავშვებს განვითარებული და შეუძლიათ თუ არა ლოგიკური აზროვნება.  ჩემი შვილი, ორი წელია, რაც უნარების რეპეტიტორთან დადის და ძალიან კმაყოფილია. მან უკვე იცის, როგორ გაიაზროს წაკითხული უმოკლეს დროში. გარდა ამისა, განუვითარდა ლოგიკური აზროვნება და უმოკლეს დროში შეუძლია ელემენტარული მათემატიკური დავალებების ამოხსნა.  ვფიქრობ, რომ ზოგადი უნარების გამოცდის არასავალდებულო გამოცდების ნუსხაში გადატანას ბევრი ადამიანი უარყოფითად შეაფასებს. მართალია, ამ გამოცდაში ბევრი აბიტურიენტი იჭრებოდა, მაგრამ მაინც საჭირო და მნიშვნელოვანია სავალდებულო იყოს და არა არჩევითი მისი ჩაბარება. ტექსტის გააზრება ისედაც ძალიან ბევრ მოსწავლეს უჭირს და რომ აღარ მოემზადებიან ამ მიმართულებით, ბევრ მათგანს გაუჭირდება მარტივი ოპერაციების შესრულება სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში“, – ლია გამგებელი

„ჩემი აზრით, ზოგადი უნარების გამოცდის მომავალი წლიდან გაუქმება ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა.  ვფიქრობ, რომ  სხვადასხვა უნარ-ჩვევებს ბავშვები სკოლაშიც კარგად იძენენ და ამის რეპეტიტორთან სწავლება შეუძლებელია. ვფიქრობ, თუ სკოლებში სწავლის დონე კიდევ უფრო გაუმჯობესდება, ბავშვები ამ შემთხვევაშიც გაიუმჯობესებენ ლოგიკურ აზროვნებას და იმ უნარებს გამოიმუშავებენ, რომელიც სამომავლოდ, ელემენტარული მათემატიკური დავალებების ამოხსნაშიც გამოადგებათ.  კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საჭირო და მთავარი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა და არა უნარების გამოცდის არსებობა. არც ის მიმაჩნია სწორად, რომ ზოგად უნარებში მომზადებისთვის მშობლები კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ და შედეგს მაინც ვერ აღწევენ. თუ ბავშვი არაა მონდომებული, აზრი არ აქვს ფულის დახარჯვას“ – მამუკა სამხარაძე.

თბილისი

„თუ დარჩება ეს გამოცდა რთული ფორმით არ უნდა იყოს, ისე როგორც ბოლო პერიოდში გართულდა. ზედმეტი არაა, მაგრამ ასეთი ფორმით არ უნდა იყოს. ვეთანხმები იდეას, რომ სავალდებულო არ უნდა იყოს. რას აძლევს ბავშვს, არის ჭკვიანი? -არის. ვერაფერს ვერ სწავლობ ამ საგნით. პირველი პრობლემა ის არის, რომ ეს საგანი არ ისწავლება სკოლაში.  ბავშვს მისაღებ გამოცდაზე სთხოვენ მაქსიმალურს იმ საგანში, რომელსაც არ სწავლობს. კი, ვამბობთ, რომ ეს საგანი ისეთია, არ სჭირდება მომზადებაო, მაგრამ მაინც იძულებულები ვართ, რაღაც პერიოდი მივიდეთ და თანხა ვიხადოთ რეპეტიტორთან მომზადებაში“, – ნანი ნიკოლაიშვილი.

„წინააღმდეგი ვარ ამ გამოცდის გაუქმების! მართალია, რთულია და სკოლაშიც კონკრეტულად, როგორც ცალკე საგანს არ სწავლობენ, მაგრამ ლოგიკური ამოცანები და თავსატეხები ინტეგრირებულია სხვადასხვა საგნებში. დიახ, ვიხდით თანხას, რომელიც არ არის ცოტა, რომ ეს საგანი ეროვნულებზე ჩააბაროს აბიტურიენტმა, მაგრამ ღირს. ბავშვებს სწავლა აღარ აინტერესებთ და ამ გამოცდის გამო, იძულებით კიდებენ წიგნს ხელს და კარგ გამოცდილებასაც იღებენ. ტესტი შედგება ვერბალური და მათემატიკური ნაწილისგან, ხო ასეა? ეს თუ გააუქმეს, სულ აუშვებენ ბავშვები სწავლას ხელს, ამიტომ, კატეგორიულად არ ვეთანხმები“, – თამარ აბულაძე.

„მე ვფიქრობ, რომ ბავშვებს ეროვნულ გამოცდებზე უნდა სთხოვდნენ იმას, რასაც ასწავლიან სკოლაში. ზოგადი უნარები ცალკე საგნად არ ისწავლება და, ალბათ, ამ საკითხზე, რომ სავალდებულო აღარ უნდა იყოს კითხვის ნიშნები არ უნდა დაისვას. ვეთანხმები პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც უარი თქვა ინიციატივაზე, რომელიც უნარების სავალდებულოდ შემოღებას ეხებოდა. ვეთანხმები იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ საგანი არ ისწავლება სკოლაში და თითქმის ყველა მშობელს გვიხდება დამატებითი ფინანსების გაღება ამისთვის“, – ნინო თათარაშვილი.

სამეგრელო

ზუგდიდის მკვიდრი იამზე ჯიქია, რომლის შვილიც სამედიცინოზე აბარებს, ამბობს რომ ზოგადი უნარების გამოცდა გასაუქმებელია.

,,ჩემი შვილი აბარებს სამედიცინოზე. როცა ქართულის გამოცდა ჩააბარა, იგივე შინაარსის ტესტები გააკეთა. ახლა მეორედ უწევს იგივე გამოცდის ჩაბარება. მიმაჩნია, რომ ზედმეტია ეს გამოცდა და აუცილებლად უნდა გააუქმონ. ეს საგანი სკოლაში არ ისწავლება, ვინმემ აგვიხსნას მაინც რაში სჭირდება ეს გამოცდა და ამ გამოცდით რა ვლინდება ან განისაზღვრება?! 

,,ზოგადი უნარების გამოცდა ჩემმა შვილიშვილმა ჩააბარა მაშინ, როცა ქართულის გამოცდა იყო. იგი არ არის ლოგიკური ნაწილი?! თან ეს საგანი სკოლაში არ ისწავლება და სამმაგი ხარჯია. ზუგდიდის სოფლიდან ვართ, ამ საგნის სპეციალისტი სოფლის სკოლაში არ არის. ცალკე ტრანსპორტის საფასური და ცალკე კერძოდ მომზადება. რაში სჭირდება იქნებ ვინმემ აგვიხსნას?! აუცილებლად გასაუქმებელია. 12 წელი რომ ბავშვი სკოლაში ისწავლის და მერე რომ გამოცდას სტრესის ფონზე აბარებს ცოტა მიუღებელია. მიმაჩნია რომ კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები უნდა წყვეტდეს ბავშვის განათლების დონეს. სკოლაში უნდა  ყოფილიყო  გამოცდები, რომელიც განსაზღვრავდა ცოდნის დონეს და იმ გამოცდების შედეგით უნდა განსაზღვრულიყო  ვინ სად ჩააბარებდა“,  – მზია ფეტელავა.

კახეთი

„უნარების გამოცდას ისევ საგნის გამოცდა ჯობია რომ იყოს, რაც სჭირდება პროფესიიდან გამომდინარე. წლების განმავლობაში ტარდება ეს გამოცდა და გამოდის, რომ ის არც ერთ კომპონენტს არ ზომავს. ამით არ გაუმჯობესებულა არც სწავლის ხარისხი უმაღლეს სასწავლებელში, არც უკეთესი სტუდენტი მიუღიათ… საგანია, რომელიც შემოღებულია ჰაერიდან, რომელიც არ ისწავლება სკოლაში, შესაბამისად ბავშვებს გაუჩნდათ დამატებითი საფიქრალი და სადარდებელი. წლების წინ, უმაღლესი სასწავლებლები იღებდნენ სტუდენტებს ერთი გამოცდით, ნაწილობრივ ეს  გამართლებული იყო, ფინანსური ხარჯები მოეხსნათ მშობლებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უმაღლესში ისეთი ბავშვები მოხვდნენ, რომლებმაც  სწავლა ვერ შეძლეს და შემდეგ ეტაპობრივად დაემატა მათემატიკა, უცხო ენა და ყველა საგანი… შემდეგ ყველა საგანთან ერთად ვაბარებთ ,,რაღაც“ საგანს, რომელსაც სკოლაში არ სწავლობენ და არაფრისმომტანია. უნარების გამოცდა უნდა ბარდებოდეს იქ, სადაც სტრესული პროფესიებია, სადაც სისწრაფეს აქვს მნიშვნელობა. მაგალითად მფრინავებისთვის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მუშაკებისთვის, როცა გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად უნდა მიიღო… როცა აბარებ საინჟინროზე აბსოლუტურად საკმარისია ფიზიკა-ქიმიის ჩაბარება და არა ზოგადი უნარების, რომელიც საერთოდ შეიძლება არც დაგჭირდეს“, – აბიტურიენტის გულშემატკივარი თელავიდან.

„ზოგად უნარებს არ უნდა აბარებდნენ, ურჩევნიათ ერთი საგანი ჩააბარონ სრულყოფილად ვიდრე არც იქით და არც აქეთ. მე ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო უნარები. ეს მათემატიკა არ არის, არც სხვა მეცნიერებები… დაყოფილია სხვადასხვა მიმართულებად. კაცი ვერ გაიგებს რა საგანია და აბა რისთვის არის საჭირო? კარგად ვსწავლობდი სკოლაში, წითელ დიპლომზე დავამთავრე უნივერსიტეტი და ვიცი კარგი სწავლის ფასი რა არის და საგანი რა არის, არ მომწონს… რომ გითხრათ, საერთოდ სწავლის სისტემაა შესაცვლელი, არამარტო უნარები. ის ძველი სწავლა რაც იყო, რაზეც ქვეყანა იზრდებოდა, ჩვენ ვიზრდებოდით… შევაჯიბროთ ნებისმიერ მეცნიერებაში ძველი და ახალი თაობა, რომელი აჯობებს, კომპიუტერულ სისტემას თუ არ ჩავთვლით… ნეტა გვჯობდნენ, ისევ ძველ კადრებს დასდევენ დამსაქმებლები, მათ აქვთ მიღებული სიღრმისეული ცოდნა, ვიდრე ახლანდელებს. უნარების გამოცდა არაფრის მომტანია. ჩემმა შვილმა ისტორიულზე ჩააბარა, საგანი იცის უმაღლეს დონეზე, ძალიან ბევრი დამსახურებული სერტიფიკატი აქვს აღებული, მაგრამ უნარებზე დააკლდა რამდენიმე ქულა და დაფინანსება ვერ აიღო. არ უნდა ენიჭებოდეს ამხელა მნიშვნელობა ამ საგანს“.

,,მე ვფიქრობ, რომ ზოგადად წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ ბავშვებს ყველა საგანზე. ამ საგანში არის ისეთი საკითხები, რომ უნდა იცოდნენ მათ ეს. მაგრამ არ უნდა მიენიჭოს გადამწყვეტი მნიშვნელობა დაფინანსების დროს.“

,,ჩემი აზრით, უნარების გამოცდა საჭიროა. მეტად ეხსნებათ გონება ბავშვებს, გონების ვარჯიშია ფაქტიურად.“

„აუცილებლად უნდა იყოს უნარების გამოცდა, ძალიან სჭირდებათ, იმიტომ, რომ ლოგიკური, მათემატიკური გაკვეთილები აუცილებელია მათთვის. მაგრამ გამოცდებზე რადგანაც აბარებენ ბავშები ამ საგანს, მაშინ სკოლაშიც უნდა ბარდებოდეს და არ გვიწევდეს ამაზე ცალკე მომზადება.“

თბილისი

„ვფიქრობ, ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდა აუცილებლად უნდა იყოს ერთიან-ეროვნულ გამოცდებზე. ის ამოწმებს ბავშვის ზოგად შესაძლებლობებს, შეიძლება ისწავლო მათემატიკა, ქართული სხვა საგნები, დაიზეპირო ფორმულები და მონაკვეთები, მაგრამ ლოგიკური მსჯელობის უნარი ან გაქვს -ან არა. ამის სწავლა შეუძლებელია. მომავალი წლიდან, ვიცი, რომ არჩევითი იქნება, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ბევრი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი მაინც  ჩააბარებინებს სტუდენტებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდებზე. ვისურვებდი, რომ მაინც სავალდებულო გამოცდების სიაში დაეტოვებინათ, ყოფილიყო ცენტრალიზებული და სამართლიანობის შეგრძნება უფრო მეტად ექნებოდათ აბიტურიენტებს“, – ეკატერინე გუნცელაძე.

ბარიერს, უნივერსიტეტში აბიტურიენტის მოსახვედრად, თავად უმაღლესი სასწავლებელი დაადგენს

„ნეგატიური განწყობა დამიტოვა საერთოდ იმ ფაქტმა, რომ მომავალი წლიდან არჩევითი იქნება ზოგადი უნარების გამოცდა, ვფიქრობ, სავალდებულო უნდა ყოფილიყო. ეს ხომ არ არის რაიმე კონკრეტული საგანი, რომლის სწავლაც შეიძლება. ის ამოწმებს ბავშვის შესაძლებლობებს და შესაბამისად აფასებს. თანაბარ პირობებში აყენებს ყველას, ვინც აბარებს და ამით სამართლიან გარემოს ქმნის. ჩემი მესამე შვილი აბარებს წელს უმაღლესში და ზოგადი უნარების გამოცდა არც ერთ შემთხვევაში ჩვენთვის ხელისშემშლელი ან დისკომფორტის შემქმნელი არ ყოფილა. რაც უფრო მაღალი აზროვნების პოტენციალი აქვს ადამიანს, მით უფრო კარგი შედეგი ექნება, თანაც, არც მინიმალური ზღვარის გადალხვა წარმოადგენს ჩემი აზრით სირთულეს“, – მზია მაკარიძე.

იმერეთი

 „როგორც ვიცი, ზოგადი უნარები მომავალი წლიდან აღარ იქნება აუცილებლად ჩასაბარებელ საგნებში და ამას უნივერსიტეტი გადაწყვეტს, რასაც, მე პირადად მივესალმები. ჩემი აზრით, აბიტურიენტებისთვის ეს  ძალიან კომფორტული იქნება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მათემატიკური აზროვნება ნაკლებად აქვთ და უფრო ჰუმანიტარული მიმართულების არიან. ასეთები ძალიან არათანაბარ სიტუაციაში იყვნენ და ამიტომ ვფიქრობ, რომ იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც ჰუმანიტარული განხრით აბარებს, უნარები აუცილებელი არ უნდა იყოს და ამ ცვლილებას მივესალმები“, – ნინო ლეჟავა.

„უნარების გამოცდა ზოგადად ცუდი არაა, ბავშვებს სწრაფ აზროვნებაში ეხმარება, მაგრამ მისაღებ გამოცდებში მისი ჩაბარება აუცილებელი არ უნდა იყოს. სკოლაში ცალკე საგნად არ ისწავლება და გამორიცხულია დამოუკიდებლად იმეცადინო, ამიტომ, მშობელი ვალდებულია შვილი რეპეტიტორთან მიიყვანოს. თან უნარებში მომზადება უფრო ძვირია ვიდრე სხვა საგნებში“, – ინეზა ბარაბაძე.

ამავე თემაზე:

შეძლებენ თუ არა ისტორიისა და მათემატიკის ნაცვლად სხვა საგნების არჩევას 2020–წლიდან აბიტურიენტები

ერთი გამოცდა უმაღლესში ჩასარიცხად და უნივერსიტეტების უარი – გამოცდების სისტემის ცვლილების რა ვერსიები განიხილება დახურულ კარს მიღმა

„ასეთ ვითარებაში რომელი უნივერსიტეტი არ იბრძოლებს ადგილების შევსებაზე და უარს იტყვის თანხაზე? – ეს 90-იან წლებში დაბრუნებას ჰგავს“

მოამზადეს: ანუკი წიწილაშვილმა, თამთა ვირსალაძემ, ჟუკა ბანძელაძემ, ნიკა გაბლიშვილმა და ნინო ჩორგოლიანმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური