ერთად დავწეროთ ტექსტის რედაქტირების დავალება – ნიმუში ქართულის სპეციალისტისგან 2023 წლის აბიტურიენტებს
ავტორი: სალომე უსტარაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რეპეტიტორი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.
ტექსტის რედაქტირება პირველია იმ სამი დავალებიდან, რომელთა შესრულებაც აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის ძირითად გამოცდაზე ევალებათ.
მიუხედავად იმისა, რომ აპლიკანტები გრამატიკის თეორიულ ნაწილს წერილობით არ აყალიბებენ, უმნიშვნელოვანესია, გააზრებულად დავიმახსოვროთ თითოეული შეცდომის არსი და მექანიკურად არ გავასწოროთ ესა თუ ის ცდომილება.
ხშირად მეკითხებიან მოსწავლეები, რა მოხდება, თუ სწორად წარმოდგენილ სიტყვასა თუ ფრაზას შეცვლიან და ტექსტის გადათეთრებისას სხვაგვარად ჩაწერენ. საბედნიეროდ, ასეთ დროს ქულა არ გვაკლდება, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი მთავარი დეტალი: არ უნდა ამოაკლოთ ან გადააკეთოთ უშუალოდ ის შეცდომა, რომლის გასწორებასაც ჩვენგან მოელიან.
მაგალითად, თუ წერია “მე-X ოთახი” – უნდა გავიხსენოთ, რომ რომაულ რიცხვით სახელს თავსართ-ბოლოსართი არ სჭირდება და შესაბამისად გავასწოროთ. ამგვარი შეცდომების ტექსტიდან ამოღება ან რიცხვითი სახელის უბრალოდ სიტყვიერად ჩაწერა (მეათე) შესაძლოა, არ აისახოს ჩვენს ქულაზე დადებითად.
„ამაში ქულა არ დაგაკლდებათ!“ – რომელი ფორმა უნდა გამოიყენოს აბიტურიენტმა -1-ელი თუ 1-ლი
სანამ გასწორებულ ვარიანტს საგამოცდო ფურცელში გადაათეთრებთ, რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გაგიზიარებთ:
- პირველ რიგში, ტექსტი წაიკითხეთ მინიმუმ ორჯერ;
- დავალების შესრულება პირდაპირ საგამოცდო ფურცელზე Არ დაიწყოთ;
- მოინიშნეთ ის შეცდომები, რომლებიც პირველივე ჯერზე მოგხვდათ თვალში;
- აუცილებლად გამოიყენეთ შავი ფურცელი – თუმცა დრო არ დაკარგოთ მთლიანი ტექსტის შავად გადაწერაში;
- შავ ფურცელზე თანმიმდევრულად ჩამოწერეთ რა და რა შეცდომა გხვდებათ პირველ აბზაცში, მეორე აბზაცში, მესამე აბზაცში…
- შეცდომებს გვერდით სწორი ვერსიები შავ ფურცელშივე მიუწერეთ;
დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ ნაპოვნი შეცდომების რაოდენობა არ არის 14-ზე ნაკლები და არც 16-ზე მეტი; - დაიწყეთ ტექსტის საგამოცდო ფურცელზე მშვიდად გადატანა და იხელმძღვანელეთ შავად შესრულებული მონახაზით;
- დავალების დასრულების შემდეგ და გამოცდის საბოლოოდ დასრულებამდე თითოჯერ კიდევ გადაავლეთ თვალი გასწორებულ ნამუშევარს.
ვინაიდან ამ დავალებით დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლია აბიტურიენტს 16 ქულის მოპოვება, დასანანი იქნება უყურადღებობით დაკარგული შეფასებები. თუ აღნიშნულ რჩევებს გაითვალისწინებთ, მაქსიმალურად გამოავლენთ თავს, დაზოგავთ დროს და თავიდან აიცილებთ მექანიკურ ცდომილებებს.
გთავაზობთ ტექსტის რედაქტირების დავალების ნიმუშს:
ძველად სისხლი სასწაულ მოქმედ სითხედ იყო აღიარებული. მიაჩნდათ რომ მისი მიღება სიცოცხლეს ახანგრძლივებდა. ცნობილია, რომ ჰიპოკრატე ფსიქიური დარღვევების მქონე პაციენტებს ჯანმთელი ადამიანის სისხლის დალევას ურჩევდა. მკურნალობის ანალოგიური მეთოდის შესახებ ინფორმაცია ცელსიუსის ნაშრომებშიც მოიპოვება. ეპილეფსიით დავადებულებს და მოხუცებულებს მომაკვდავი გლადიატორების სისხლს ასმევდენ. მაგალითად ცნობილია, რომ მოხუცი რომის პაპი ინოკენტი VIII-ე სამი 10 წლის ბიჭუნას სისხლით მკურნალობდა, თუმცა ამან ვერ უშველა მალე გარდაიცვალა. სამკურნალო მიზნით ცხოველთა სისხლს ბრძოლის დროსაც სვავდნენ, ამიტომ ეგვიპტელი მეომართა რაზმებს უკან ყოველთვის ცხვრის ფარა მისდევდნენ. ცხვარის სისხლით ეგვიპტელები დაჭრილებს მკურნალობდნენ. 1628 წელს სწავლულმა ჰარვიმ ორგანიზმში სისხლის მოძრაობის პრინციპი აღმოაჩინა, რითაც სისხლის გადასხმის მეთოდის შემუშავებას დაუდო საფუძველი.
1667 წელს ფრანგმა ექიმმა დენიმ პირველად ცადა ცხოველისგან ადამიანისთვის სისხლის გადასხმა. მან ცხელებით მომაკვდავს ბატკნის ერთი ჭიქა სისხლი გადაუსხა. ავადმყოფი სიკვდილს გადაურჩა. მიუხედავად ამისა სხვა პაციენტები სისხლის გადასხმაზე არ თანხმდებოდნენ. მაშინ სწავლულმა განაცხადა, რომ ის, რომელიც სისხლს გადაისხამდა, დიდ გასამრჯელოს მიიღებდა. უმალვე გამოჩნდა ერთი ხელ მოკლე მუშა. სისხლის გადასხმის შემდეგ მან თავი კარგად იგრძნო და მისი სისხლი ახლა სხვებს შეთავაზა გადასასხმელად. ასე იქცა იგი პირველ დონორად კაცობრიობის ისტორიაში.
სწორი ვერსია:
ძველად სისხლი სასწაულმოქმედ სითხედ იყო აღიარებული. მიაჩნდათ, რომ მისი მიღება სიცოცხლეს ახანგრძლივებდა. ცნობილია, რომ ჰიპოკრატე ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებს ჯანმრთელი ადამიანის სისხლის დალევას ურჩევდა. მკურნალობის ანალოგიური მეთოდის შესახებ ინფორმაცია ცელსიუსის ნაშრომებშიც მოიპოვება. ეპილეფსიით დაავადებულებსა და მოხუცებულებს მომაკვდავი გლადიატორების სისხლს ასმევდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ მოხუცი რომის პაპი, ინოკენტი VIII, 10 წლის სამი ბიჭუნას სისხლით მკურნალობდა, თუმცა ამან ვერ უშველა, მალე გარდაიცვალა. სამკურნალო მიზნით ცხოველთა სისხლს ბრძოლის დროსაც სვამდნენ, ამიტომ ეგვიპტელ მეომართა რაზმებს უკან ყოველთვის ცხვრის ფარა მისდევდა. ცხვრის სისხლით ეგვიპტელები დაჭრილებს მკურნალობდნენ. 1628 წელს სწავლულმა ჰარვიმ ორგანიზმში სისხლის მოძრაობის პრინციპი აღმოაჩინა, რითაც სისხლის გადასხმის მეთოდის შემუშავებას ჩაუყარა საფუძველი.
1667 წელს ფრანგმა ექიმმა დენიმ პირველად სცადა, ცხოველის სისხლი ადამიანისთვის გადაესხა. მან ცხელებით მომაკვდავს ბატკნის ერთი ჭიქა სისხლი გადაუსხა. ავადმყოფი სიკვდილს გადაურჩა. მიუხედავად ამისა, სხვა პაციენტები სისხლის გადასხმაზე არ თანხმდებოდნენ. მაშინ სწავლულმა განაცხადა, რომ ის, ვინც სისხლს გადაისხამდა, დიდ გასამრჯელოს მიიღებდა. უმალვე გამოჩნდა ერთი ხელმოკლე მუშა. სისხლის გადასხმის შემდეგ მან თავი კარგად იგრძნო და თავისი სისხლი ახლა სხვებს შესთავაზა გადასასხმელად. ასე იქცა იგი პირველ დონორად კაცობრიობის ისტორიაში.
აღნიშნულ ტექსტში ის ძირითადი შეცდომები წარმოგიდგინეთ, რომელებიც ხშირად გვხვდება საგამოცდო დავალებებში. ვეცდები, მარტივი ენით მიგანიშნოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება რედაქტირებისას:
- ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ კომპოზიტის (რთული შედგენილობის სიტყვის) მართლწერა: სასწაულმოქმედი, ხელმოკლე – ერთად იწერება, ერთ ცნებას გამოხატავს (ერთი კითხვა დაესმის);
- აუცილებლად დაგჭირდებათ, იცოდეთ, სად დასვათ სასვენი ნიშანი მძიმე. ჩემი 10-წლიანი მუშაობის პერიოდში, ჯერ არ შემხვედრია ტექსტის რედაქტირების დავალება, რომელშიც „მძიმე“ აბიტურიენტს საქმეს შეუმსუბუქებდა. მიაქციეთ ყურადღება, რომ ყველა „რომ“ კავშირს წინ მძიმე არ სჭირდება. შერწყმულ წინადადებებში ერთგვაროვანი წევრები აუცილებლად გამოიყოფა ამ პუნქტუაციური ნიშნით, ჩართულისა და განკერძოებული წევრების გამოსაყოფადაც დაგვჭირდება მძიმე. (მიაჩნდათ, რომ… მიუხედავად ამისა, … მაგალითად, …);
- ყურადღება გაამახვილეთ, რომელი ფორმა გამოგადგებათ – თავისი თუ მისი – მირველი მათგანი იდენტურია სიტყვისა „საკუთარი“, ხოლო „მისი“, „სხვისის“ ანალოგიაა;
- ტექსტში აუცილებლად წააწყდებით მინიმუმ ერთ სტილურ ხარვეზსაც. ჩვენი სამაგალითო ტექსტის შემთხვევაში უნდა გვცოდნოდა სწორი ფორმები – „საფუძვლის ჩაყრა/სათავის დადება“;
- ხშირად ვხვდებით შეცდომას სავრცობთან მიმართებით: ერთნაირდაბოლოებიანი სიტყვების „და“ კავშირით შეერთებისას, პირველ სიტყვას აუცილებლად უნდა დავურთოთ „ა“ სავრცობი (დას-ა და ძმას შორის, კოვზით-ა და თეფშით, დაავადებულებს-ა და მოხუცებულებს…);
- საგულისხმოა რიცხვითი სახელის მართლწერა: რომაულ რიცხვით სახელებს პრეფიქს-სუფიქსი არ უნდა ვუწარმოოთ (არასწორია მე-V ან V-ე), და კავშირით შეერთებული რიცხვითი სახელები სიტყვიერად ერთად ჩაიწერება (ოცდასამი, სამოცდაშვიდი), რაოდენობითი რიცხვითი სახელის რიგობითში ჩასმისას გონებაში წარმოთქვით სიტყვიერად, ამგვარად მარტივად მიხვდებით, პრეფიქსი გჭირდებათ თუ სუფიქსი (მე-სამე – მე-3; მე-თვრამეტე – მე-18; სამოცდამეერთე – 61-ე; ოთხმოცდამეორე – 82-ე).
ტექსტის რედაქტირების დავალების არცერთი სიტყვა წაიკითხოთ თვალის გადავლებით. სწრაფი კითხვის დროს მხედველობა გონებას ეხმარება, რომ მხოლოდ დასაწყისით მთლიანი სიტყვა აღიდგინოს. ამ დროს კი გამოეპარება ისეთი შეცდომები, რომლებიც სიტყვის ბოლოს შეიძლება შეგვხვდეს: მოვიდენ, ლამაზათ… და ა.შ.
გისურვებთ წარმატებას!
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება