„ერთი ქალაქი – ერთი სპეციალობა სავსებით გამართლებულია“ – გიორგი ალიბეგაშვილის მოსაზრებები განათლების რეფორმაზე
EDU.ARIS.GE-ს სამ კითხვას უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ, წერილობით პასუხობს გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი; სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე:
– რა იმსახურებს უმაღლესი განათლების რეფორმაში/კონცეფციაში თქვენს მოწონებას? იმ გადაწყვეტებზე გვინდა მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები და ანალიზი, რაც თქვენი ხედვით მოსაწონია.
– თავდაპირველად შევნიშნავთ, რომ ქართული საზოგადოება რამდენიმე ათეული წელია ელოდება უმაღლესი განათლების რეალურ რეფორმას, რომელიც არ დაეფუძნება არც იდეოლოგიურ და არც კონიუნქტურულ მოსაზრებებს.
90-იან წლებში შეიქმნა არაერთი უმაღლესი სასწავლებელი, რასაც მოჰყვა წინა ხელისუფლების ე.წ. ,,რეფორმა“, რამაც გამოიწვია სწავლა-განათლებისა და ცოდნის გაუფასურება. კლასიკურმა სწავლებამ უკანა პლანზე გადაიწია, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა კონცენტრაცია გაიფანტა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ:
„ერთი ქალაქი – ერთი სპეციალობა“ (ფაკულტეტი, ინსტიტუტი თუ კათედრა) სავსებით გამართლებულია, მით უმეტეს, რომ სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვროს, თუ რომელი პროფესიის კადრები სჭირდება კონკრეტულ რეგიონს (მაგალითად, პედაგოგიკის მიმართულებით) ან მთლიანობაში ქვეყანას (ვთქვათ, სამართალმცოდნეობაში, ინჟინრის სპეციალობით, ეკონომიკის დარგში და სხვ.), და რომელი მათგანი უნდა დაფინანსდეს. უდავოდ მისასალმებელია სახელმწიფოს მხრიდან სტუდენტთა სწავლების სრული მხარდაჭერა.
– რა არის რეფორმის/კონცეფციის ის ნაწილი ან ნაწილები, რომლებიც ნაკლებად მოგწონთ და თქვენ რას გააკეთებდით სხვანაირად ამ კონტექსტში?
– ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, ვიტყვი: ეკონომიკის განვითარებამ განაპირობა სხვადასხვა დარგში უამრავი შემოსული ტერმინის გადმოთარგმნა (სამართლის, საბანკო და სამხედრო საქმეების, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და სხვ.), რისთვისაც ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე უნდა შეიქმნას სტუდენტთა ჯგუფები, რათა ამ მიმართულებით აღიზარდონ კადრები; ამას დავუმატებდი ონომასტიკისა და ეტიმოლოგიის სპეციალობებსაც, რადგან ორივე მათგანი სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი.
ვფიქრობ, გარკვეული ხარვეზები გზადაგზა გამოვლინდება, რასაც ეტაპობრივად მოევლება.
– და ბოლოს, რა კონკრეტულ დადებით შედეგს მივიღებთ რეფორმის ამ კონცეფციის შესაბამისად განხორციელებით და რა დროში შეიძლება დადგეს შედეგები განათლების ხარისხის ზრდის თვალსაზრისით?
– რა თქმა უნდა, რეფორმის მიზანია ცოდნის დონის ამაღლება, არაერთი პროფესიის ძველ სიმაღლეზე აყვანა (მაგალითად, გვირაბმშენებლობის, გეოლოგიის, ფიზიკა-მათემატიკის სპეციალობების) და, საბოლოო ჯამში, საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემის სტანდარტებთან გათანაბრება, რათა ჩვენი ახალგაზრდობის ცოდნის დონე შეესაბამებოდეს უცხოეთის უმაღლესი სასაწავლებლების მოთხოვნებს. ამით შემცირდება საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში მათი მასობრივი გადინება – განათლების ხარისხის ზრდით მომავალი თაობა ადგილზე მიიღებს საჭირო ცოდნას და ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო განვითარდება. შესაბამისი ინტელექტუალური პოტენცია ჩვენს მოსახლეობას აქვს.
ასევე იხილეთ:
-
რატომ ვერ (ვ)აქებთ უმაღლესი განათლების რეფორმას?
by ARIS.GE-განათლება
-
„ვიტყვი, რას უნდა მიაქციონ აბიტურიენტებმა ყურადღება არჩევანის გაკეთებისას“ – NAEC-ის დირექტორის მითითებები
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
როდის შეუწყდებათ სტუდენტის სტატუსი და რა პირობებით ისწავლიან პროფესიულ პროგრამებზე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები – ბრძანება
by ARIS.GE-განათლება