GE

რატომ ვერ (ვ)აქებთ უმაღლესი განათლების რეფორმას?

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კონცეფციის გასაჯაროებისა და უმაღლესი განათლების რეფორმის დაწყების დღიდან, EDU.ARIS.GE მკითხველისთვის საინტერესო რესპონდენტებს, ექსპერტებსა და ყველა იმ ადამიანს უსმენს, ვისაც მიმდინარე განათლების რეფორმის შესახებ საკუთარი შეხედულების თუ პროფესიული ანალიზის გაზიარება და კითხვებზე პასუხი არ ურთულდება. დარგის სპეციალისტებისგან, ვინც დღეს რომელიმე უნივერსიტეტის მმართველს, პოლიტიკურ ფიგურას, ან განათლების სამინისტროს არ წარმოადგენს, კრიტიკა უხვად გვესმის, ქება კი პროფესიულ წრეებში ნამდვილად უჭირთ.

ჩვენი ინტერესი კი სწორედ რეფორმის შესახებ სასარგებლო არგუმენტების მოსმენაა, როგორც უახლოესი, ისე შორსმიმავალი სიკეთეების თაობაზე. მით უფრო, რომ დღეს ქვეყანაში ყველა მხარე თანხმდება ერთ ჭეშმარიტებაზე – საქართველოში განათლების სისტემის რეფორმირება აუცილებელია.

მაშ, რატომ უჭირთ გამოცდილ პროფესიონალებს რეფორმის ქება?

ეს კითხვა, რომელსაც გნებავთ რიტორიკული უწოდეთ, გნებავთ პირდაპირი, მას შემდეგ გაგვიჩნდა, რაც არაერთ რესპონდენტთან გასაუბრების შედეგად, ვერ მივიღეთ პასუხები განათლების რეფორმის სახარბიელო მხარეებზე და მის სასიკეთო შედეგებზე წლების შემდეგ.
აი, ჩვენი კითხვები:

1.რა იმსახურებს უმაღლესი განათლების რეფორმაში/კონცეფციაში თქვენს მოწონებას? იმ გადაწყვეტებზე გვსურს მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები და ანალიზი, რაც თქვენი ხედვით მოსაწონი და აუცილებელია.

2.რა არის რეფორმის/კონცეფციის ის ნაწილი ან ნაწილები, რომლებიც ნაკლებად მოგწონთ და თქვენ რას გააკეთებდით სხვანაირად ამ კონტექსტში?

3.და ბოლოს, რა კონკრეტულ დადებით შედეგს მივიღებთ რეფორმის ამ კონცეფციის შესაბამისად განხორციელებით და რა დროში შეიძლება დადგეს შედეგები განათლების ხარისხის ზრდის თვალსაზრისით?.

ამ სამ საკითხს გაეცნენ და რატომღაც, საუბარს დუმილი ამჯობინეს განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ უმაღლესი განათლების მიმართულებით, ნუნუ მიცკევიჩმა, რომელიც დღეს როგორც დედა უნივერსიტეტს, ისე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა და დღეს განათლების სამინისტროს ერთ-ერთი სსიპ-ის მმართველმა, მაია მიმინოშვილმა.

განათლების ყოფილმა მინისტრმა და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ასევე ყოფილმა ხელმძღვანელმა, თამარ სანიკიძემ კი რეფორმაზე საუბარი იმ მიზეზით არ ისურვა, რომ ამას მსოფლიო ბანკთან ასოცირებული ის პროგრამა უზღუდავს, რომლის ხელმძღვანელიც ამჟამად არის და რომლის ფარგლებში მომზადებული უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელის გასაჯაროებას მრავალი წელია, ველით. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ თამარ სანიკიძის განათლების მინისტრობას უკავშირდება ყველაზე სქელტანიანი, საქართველოს განათლების სისტემის ათწლიანი სტრატეგიის შექმნა, მალევე არაერთი სხვა რეფორმის მსგავსად დავიწყებული, თუმცა ნამდვილად ნაფიქრი დოკუმენტის.

არადა, სწორედ ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანებისგან არის არსებითი დღეს მიმდინარე რეფორმის ანალიზი და შეფასება არა რეფორმის ავტორთა, არა პოლიტიკური ელიტის ან პრემიერ-მინისტრისეული ხედვით, არამედ განათლების სპეციალისტის პრიზმაში. EDU.ARIS.GE-ს ერთადერთი პირობაც სწორედ ეს იყო ზემოხსენებულ რესპონდენტებთან. ჩვენი სია კი მინიმუმ 15 პოტენციურ რესპონდენტს იტევდა.

არც განათლების სამინისტროსთან დაგვიშურებია მცდელობა, დარგის სპეციალისტი რესპონდენტით დაგვხმარებოდნენ, თუმცა ამ დრომდე ესეც უშედეგოა. მათაც უჭირთ და გვესმის მათი მდგომარეობაც. ობიექტურობისთვის კი აუცილებლად უნდა ითქვას, რომ განათლების მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე უმაღლესი განათლების მიმართულებით, ზვიად გაბისონია ყოველთვის ღიაა edu.aris.ge-ს კითხვებზე პასუხისთვის, თუმცა როგორც უკვე ვთქვით, უმაღლესი განათლების ახალი რეფორმის სიკეთეებზე ახლა და შორეულ პერსპექტივაშიც, ჩვენ სახელმწიფო თანამდებობის არ მქონე დარგის სპეციალისტების მოსმენა გვსურს.

და მაინც, რატომ ვერ ვაქებთ მიმდინარე განათლების რეფორმას და რა ვარაუდებს გვიჩენს განათლების ექსპერტების თავშეკავება?

მათაც არ ესმით ბევრი რამ რეფორმაში? ისინიც კრიტიკოსის პოზიციაში არიან და ამაზე ღიად საუბარი არცთუ სასარგებლოდ ეჩვენებათ? იქნებ მომავალზე ფიქრობენ და საკუთარ შანსს ელიან, უკეთესი ნაბიჯების გადასადგმელად?! ვინ იცის…

EDU.ARIS.GE ნებისმიერ დროს უპირობოდ მზად არის მიიღოს და მოისმინოს უმაღლესი განათლების სპეციალისტების მიერ დანახული სასიკეთო პერსპექტივების შესახებ ანალიზი უმაღლესი განათლების რეფორმაზე და გპირდებით, არც ერთი პოზიტიური პოზიცია არ დარჩება გამოუქვეყნებელი. საზოგადოება მეტი ხედვის გაზიარებას, მეტ ინფორმირებულობას იმსახურებს.

ასევე იხილეთ:

„სახელმწიფო არღვევს საკუთარ კანონმდებლობას და აცხადებს, რომ ამას განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აკეთებს!“ – ქეთევან ჭკუასელის ანალიზი

„დისკუსია“, „დებატები“ და არარსებული განათლების რეფორმის კონცეფცია!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური