GE

ერთი ტესტი სკოლის დასრულებისა და უმაღლესში მოსახვედრად – OECD-ის რეკომენდაცია საქართველოს

„შეფასებები საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში“, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) საქართველოში და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) მიერ მომზადდა ორასზე მეტ გვერდს მოიცავს და მასში მოცემულია რეკომენდაციების ნაწილიც.

ორგანიზაცია ამბობს, რომ მიმოხილვა ეყრდნობა OECD-ის შედარებით რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს საქართველოს ზოგადი განათლების, მათ შორის სასკოლო სისტემის საერთაშორისო პერსპექტივიდან შესაფასებლად და გვთავაზობთ ანალიზსა და ელემენტებს, რომლებიც რელევანტურია საქართველოს განათლების პოლიტიკისა და შედეგებისთვის.

OECD-ის მიმოხილვა ოთხ განზომილებას შეეხებოდა:

  • მოსწავლეთა შეფასება
  • პედაგოგთა შეფასება
  • სკოლის შეფასება
  • სისტემური შეფასება

რაც შეეხება რეკომენდაციებს, მათში საინტერესოა სკოლის დასრულებისა და უმაღლესში ჩარიცხვის შესახებ მოცემული რეკომენდაცია:

“ერთ-ერთი რეკომენდაცია ყურადღებას ამახვილებს ერთი გამოცდის მოდელისთვის მომზადების საჭიროებაზე, რომელშიც ერთი ტესტის საშუალებით მოხდება განათლების საშუალო საფეხურის დასრულების დადასტურება და ასევე მოსწავლეთა შერჩევა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასარიცხად.

“გამოცდაზე უნდა იყოს რამდენიმე განსხვავებული საგანი და ის საშუალებას უნდა იძლეოდეს, შეაფასოს მოსწავლის ძირითადი მინიმალური კომპეტენცია, სანამ უნივერსიტეტში ჩაირიცხება. ეს გამოცდა უნდა ჩაუტარდეთ მათაც, ვინც სწავლის გაგრძელებას პროფესიულ კოლეჯში აპირებს. UEE– ს შესაბამისობა სასწავლო გეგმასთან უნდა გაძლიერდეს. გამოცდაზე დასმულ შეკითხვებსა და სასწავლო კურიკულუმს შორის უნდა იყოს მეტი კავშირი”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

“განათლებაში შეფასების სისტემა უნდა განვითარდეს იმისთვის, რომ გამოავლინოს დაბალი და უთანასწორო მიღწევების სფეროები და გადაჭრას ეს გამოწვევები მანამ, ვიდრე ისინი ფესვებს გაიდგამს.

კერძოდ, მოსწავლეთა შეფასებამ უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს მოსწავლის მიღწევები, მასწავლებლებმა უნდა გაიარონ მომზადება მოსწავლეების უკეთ მხარდაჭერისთვის და სკოლებს უნდა მიექცეთ მეტი ყურადღება წარმატების მისაღწევად მოსწავლეების დასახმარებლად.

სწავლების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია პედაგოგთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერით მათი კარიერის მანძილზე, მათი ხელშეწყობით დააკმაყოფილონ მინიმალური სტანდარტები, პედაგოგის პროფესიაში შესვლის მაღალი სტანდარტების დაწესებით და ადრეულ წლებში მეტი სტრუქტურირებული მხარდაჭერის გაწევის გზით, ახალი მასწავლებლების მოსაზიდად და მათი მოტივირებისთვის წარმატებისკენ. მასწავლებლებმა უფრო რეგულარული მხარდაჭერა უნდა მიიღონ პროფესიული განვითარებისთვის”.

ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა შეიქმნას საქართველოში რეგულარული შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც მასწავლებლებს განმავითარებელ უკუკავშირს მიაწვდის, რაც დაკავშირებული იქნება მათი პროფესიული განვითარების შესაძლებლობებთან.

1.სასკოლო განათლება შეიძლება გაუმჯობესდეს ავტორიზაციის გეგმების განხორციელების გაგრძელებით, თუმცა პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ სკოლების მხარდაჭერას, რომლებიც გაუმჯობესებას ყველაზე მეტად საჭიროებენ.

2.უნდა შემუშავდეს და რეგულარულად განხორციელდეს სკოლის შეფასების ყოვლისმომცველი ჩარჩო იმისათვის, რომ სისტემას მიეცეს სკოლების მონიტორინგისა და მათი შედეგების განმავითარებელ შედეგებთან დაკავშირების შესაძლებლობა.

„საქართველოში მოსწავლეთა შეფასება ნიშნების დასაწერად გამოიყენება და არა სწავლის გაუმჯობესებაში დასახმარებლად“​ – კვლევა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური