„ეს არის NAEC-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერი, დანაშაულებრივი “ხაფანგი”, რათა აბიტურიენტებს დაეწეროთ დაბალი ქულები“ – მოთხოვნა პარლამენტს

“ეს არის NAEC-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერი, დანაშაულებრივი “ხაფანგი”, რათა აბიტურიენტებს, რომლებიც მაღალ ქულებს იმსახურებენ, ხელოვნურად დაეწეროთ დაბალი ქულები, ვერ მოიპოვონ 100-პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი”, – წერს საკანონმდებლო ორგანოსადმი გაგზავნილ საკანონმდებლო წინადადებაში საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის და პარლამენტს სთხოვს, რომ მიიღოს კანონი “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესახებ”, რომლითაც ცენტრის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებულ სატესტო კითხვებზე დაწესდება სავალდებულო საექსპერტო შეფასება, რომელსაც გახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ან/და სერტიფიცირებული ექსპერტი.
ავტორი ქაოტურს უწოდებს ეროვნული გამოცდების ტესტების შედგენის მხრივ დღეს არსებულ ვითარებას და თვლის, რომ სწორედ ამ ვითარების გამოსწორება იქნება შესაძლებელი მის მიერ დაინიცირებული საკანონმდებლო წინადადებით.
რა მაგალითებზე საუბრობს წინადადების ავტორი ისტორიის საგნის შემთხვევაში:
წინადადება: როგორც მოგეხსენებათ, ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნები ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის საგამოცდო პროგრამა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და მოიცავს მსოფლიო და საქართველოს ისტორიის საკითხებს უძველესი დროიდან XX საუკუნის ჩათვლით. ისტორიის ტესტი ამოწმებს როგორც ფაქტობრივ ცოდნასა და მისი გამოყენების უნარს, ასევე ისეთ მაღალ სააზროვნო უნარებს, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა, ისტორიულ პროცესებს შორის მიმართების დადგენა, პრობლემის გააზრება, ანალიზი და შეფასება.
სსიპ ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის’’ მიერ ვებ-გვერდზე 2025 წელს განთავსებულ საგამოცდო კრებულში “ცენტრი”-ს ისტორიის ჯგუფის მიერ მომზადებულ კითხვებში, მოცემულია შემდეგი საგამოცდო ტესტი #38.4: “ლაშქარი გორსა და მის შემოგარენში დაბანაკდა, რათა იქ ციხესიმაგრე აეშენებინა და თეიმურაზისთვის დაბრუნების ყველა იმედი გადაეწურა. ჯერ შესაფერისი ადგილი შეარჩიეს – ერთი განცალკევებით მდგარი გორაკი, რომლის ერთი მხარე ქალაქს ემიჯნებოდა, მეორე კი მდინარეს. სპარსელთა ერთ-ერთმა სარდალმა როსტომმა შეიტყო, რომ მამა კასტელი ხელოვნების მცოდნე გახლდათ, რასაც სპარსეთში ძალზე აფასებდნენ, თავისთან უხმო მას და სთხოვა დაეხატა ციხე-სიმაგრე, რომელსაც იგი აშენებდა. სანამ სპარსთა ლაშქარი გორში იყო დაბანაკებული, არაერთხელ მოგვიწია მათი ფიზიკური და სულიერი განკურნება.” საგამოცდო ტესტის 38-ე კითხვას გააჩნია შემდეგი აღწერა: ინსტრუქცია დავალებისათვის №38. ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს. პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. დავალების მაქსიმალური ქულაა 14.” ასევე, გააჩნია შემდეგი შეფასების სქემა: “38.4. ლოგიკური პასუხი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას – 1 ქულა”. აღნიშნულ საგამოცდო ტესტს გააჩნია შემდეგი კითხვა: “თქვენი აზრით, რა იგულისხმება „სულიერ განკურნებაში“?
ამრიგად, განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს სთავაზობს ისტორიის საგანში შემდეგ კითხვას: “თქვენი აზრით, რა იგულისხმება „სულიერ განკურნებაში“? ამგვარი კითხვის დასმა არის სრულიად არარელევანტური და დაუშვებელი. ამგვარი კითხვის დასმა ემსახურება ერთადერთ მიზანს – აბიტურიენტებს ამ კითხვაზე გაცემისას დაეწეროთ 0 ქულა, ნაცვლად 1 ქულისა. ეს არის ცენტრის მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერი, დანაშაულებრივი “ხაფანგი”, რათა აბიტურიენტებს, რომლებიც მაღალ ქულებს იმსახურებენ, ხელოვნურად დაეწეროთ დაბალი ქულები, ვერ მოიპოვონ 100-პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი და ასე შემდეგ.
სსიპ ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის’’ ამგვარი თვითნებობის და უკანონობის პირობებში, ისმის კითხვა, თუ როგორ აილაგმოს ცენტრის ამგვარი თვითნებობა და აშკარა უკანონობა, როდესაც კითხვა “თქვენი აზრით, რა იგულისხმება „სულიერ განკურნებაში“? – ხდება ისტორიის საგანში ერთიანი ეროვნული გამოცდების სატესტო კითხვა.
აშკარაა, რომ “თქვენი აზრით, რა იგულისხმება „სულიერ განკურნებაში?” არ განეკუთვნება ისტორიის აკადემიურ დისციპლინას, იგი უფრო ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის ან მედიცინის დარგის კითხვას უფრო წარმოადგენს, ვიდრე ისტორიულს.
წინადადების ავტორის მოთხოვნა:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის საფუძველზე, გთხოვთ, მიიღოთ საქართველოს კანონი “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესახებ”, რომლითაც განისაზღვრება ცენტრის სამართლებრივი სტატუსი, საქმიანობის წესი, ხოლო ცენტრის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებულ სატესტო კითხვებზე დაწესდება სავალდებულო საექსპერტო შეფასება, რომელსაც განახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ან/და სერტიფიცირებული ექსპერტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების შემეცნების წყაროს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, რომ ხშირად, საგამოცდო ტესტების შედგენა ხდება ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით, რომლებიც ისტორიულ ფაქტებს არასწორად აღწერენ, ხოლო ისტორიის საგანში ტესტების შედგენა აღნიშნული ლიტერატურული ნაწარმოებების საშუალებებით ხდება, რაც წარმოშობს გაუგებრობებს.
მაგალითად, არკანჯელო ლამბერთი გორიდან გურიაში 2 კათოლიკე ბერის გამგზავრების ისტორიას შემდეგნაირად აღწერს: “ხსენებულმა მღვდელმთავარმა ქალი თბილისში ჩაიყვანა, რის შემდეგაც გორს ეწვია, სადაც კარგად გაეცნო ჩვენი ცხოვრების წესს და ისე დაგვიმეგობრდა, რომ მამა დონ პიეტროს სთხოვა, მისთვის ორი ჩვენგანი გაეყოლებინა. მთავარი საფიქრალი ხომ საქმიანობის ყოველი მხრით განვრცობა იყო. ამიტომაც დააკმაყოფილა თხოვნა.” წყარო: (არკანჯელო ლამბერტი, „წმინდა კოლხეთი“,თარგმნა გ. ცქიტიშვილმა. გამოსაცემად მოამზადა დ. მერკვილაძემ). მოყვანილი ციტატის თანახმად, დონ პიეტრომ შეასრულა გურიის შემოქმედელი ეპისკოპოსის თხოვნა. ამის საპირისპიროზე უთითებს თავად დონ პიეტროს მიერ 1635 წლის 24 ნოემბერს თეატინელი კლირიკოსების გენერალ, დონ მატეო სანტომანგოსთან მიწერილი წერილი: დონ პიეტრომ შეასრულა ნიკიფორე ქართველი ბერის თხოვნა ორი ბერის “გაყოლებაზე” მას შემდეგ, რაც ნიკიფორე ქართველმა ბერმა 10 პიასტრის მოწყალება გაიღო. ანუ, თავად დონ პიეტრო არ საუბრობს იმაზე, რომ გურიის შემოქმედელი ეპისკოპოსი დაუმეგობრდა მას – დონ პიეტროს. მათ “დამეგობრებაზე” საუბრობს ლამბერტი, 1657 წელს დაწერილ “წმინდა კოლხეთში”: “გორს ეწვია, სადაც კარგად გაეცნო ჩვენი ცხოვრების წესს და ისე დაგვიმეგობრდა, რომ მამა დონ პიეტროს სთხოვა, მისთვის ორი ჩვენგანი გაეყოლებინა. მთავარი საფიქრალი ხომ საქმიანობის ყოველი მხრით განვრცობა იყო. ამიტომაც დააკმაყოფილა თხოვნა.” აი, ასეთი და ამგვარი ქაოტური მდგომარეობის აღკვეთას ემსახურება შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადება.
ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესახებ“ პარლამენტის ბიურომ განსახილველად უკვე გადასცა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს.
-
განათლების სამინისტროს სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების გამოცხადება დაავიწყდა და ივლისში ატარებს – მიიღებენ თუ არა პედაგოგები ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას? by ARIS.GE-განათლება
-
სასკოლო სახელმძღვანელოების ნაკლოვანებები – რა სახის ცვლილებებს ითხოვს განათლების სამინისტროსგან სახელმწიფო აუდიტი by ARIS.GE-განათლება
-
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის დრო და ინსტრუქცია ყველა გამოსაცდელისთვის – გამოცდები 2025 by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე