„ეს ჩვენი ბრალია – მშობლის, მასწავლებლის, განათლების სისტემის…“
თაია მახარაშვილი
დაახლოებით 15 წლიდან მიეპარნენ ჩემი კლასელი ბიჭები სიგარეტს. გემო გაუსინჯეს და იმდენად არ მოსწონებიათ, რამდენადაც მათი სოციალური სტატუსის და „ბიჭობის“ გასამყარებელ აუცილებელ ატრიბუტად თვლიდნენ. ეს ამბავი, ცხადია, ისე იყო მიჩუმათებული, არც მასწავლებლებმა იცოდნენ და არც მშობლებმა. ჩემი კლასელების მშობლებს, ასე თუ ისე, ვიცნობდი და შვილების აღზრდაში მათი პრიორიტეტებიც მეტ-ნაკლებად ცხადი იყო ჩემთვის. მაშინ ჯერ კიდევ ბნელი 90-იანები იყო. თინეიჯერების გართობა გადაწერილი კასეტების გაცვლით, ოჯახურ გარემოში, ლამპაზე გადახდილი დაბადების დღეებით, საღამოს მშობლების მოკითხვით, მერე ხვეწნით – „აუ, ცოტა ხნით კიდევ დავრჩებით“, ყველაზე თამამი ბიჭის – „მე მოვაცილებ, რეზო ძიათი“ და მეგობრობის დღიურების წერით შემოიფარგლებოდა.
მაშინდელი ათასი საშიშროების გათვალისწინებით, მშობლების კონტროლი არც ისე ურიგო აღმოჩნდა. როგორც ყველა თინეიჯერს, გასაპროტესტებელი ბევრი გვქონდა, მაგრამ ახლა, ამ ასაკში, ვფიქრობ, რომ იმ საშიშ გარემოში, რომელსაც ბოლომდე ვერც კი ვიაზრებდით, ჩვენმა მშობლებმა და მასწავლებლებმა საკმაოდ ბევრი გააკეთეს იმისათვის, რომ დღეს ნორმალური, საზოგადოებისთვის მისაღები, განათლებამიღებული, დასაქმებული და სწორი ადამიანები ვყოფილიყავით.
მე გამიმართლა, რომ ჩემს მშობლებს არ ვუცემივარ, უსაფუძვლოდ არ შეუზღუდავთ ჩემი თავისუფლება, ჩემი განათლების დამადასტურებელი მათთვის არასოდეს ყოფილა სასკოლო ჟურნალში ჩაწერილი ხუთიანები, არ ჩარეულან ჩემს პროფესიულ არჩევანში.
გამიმართლა, რომ ჩემი კლასელი ბიჭების 99 პროცენტი გზას არ ასცდენია და კრიმინალი არ გამხდარა, არც ნარკოტიკების მოხმარებით დაკავებულა. დღეს მათი უმრავლესობა პროფესიულად შემდგარია და პირადი ცხოვრებაც დალაგებული აქვს.
გამიმართლა, რომ ჩემი კლასელი გოგონების მეტი წილი ყოჩაღი და სწავლაზე ორიენტირებული იყო. არასოდეს დავუჩაგრივართ ჩვენს კლასელ ბიჭებს მათი ბიჭობის და ჩვენი გოგოობის გამო. გოგოებმა კარგი განათლება მიიღეს, დღეს უმრავლესობა საკმაოდ კარგ პოზიციებზე მუშაობს. ზოგს კარიერულ ზრდაზე არ უზრუნია, თუმცა ოჯახები შექმნეს და ზუსტად ვიცი, როგორი ყურადღებით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთი შვილების აღზრდა-განათლებას.
ჩემი გარემო და გარემოცვა რომ ასეთია, სულაც არ ნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებას ბავშვის აღზღდა-განათლებაში პრობლემები არ გვაქვს. პრობლემათა სათავე და საკვანძო საკითხი ალბათ ისაა, რომ პრობლემა უთვალავია და ხოლო დამნახავი და ამღიარებელი – კრიტიკულად ცოტა.
ის, რაც ზემოთ გიამბეთ, 90-იან წლებში ჩემი და ჩემი კლასელების რეალობა იყო, თუმცა ჩვენსავით როდი გაუმართლა ყველა ბავშვს. ახლა მითუმეტეს, როცა თითქმის 20 წელი გავიდა და პროგრესის ნაცვლად ერთ ადგილას ვართ გაყინულები. ვისი ბრალიაო, ხშირად ისმის კითხვა, მაგრამ მასზე გაცემულ პასუხს სამწუხაროდ ერთი ადრესატი არ ჰყავს. ჩვენი ბრალია – მშობლის, მასწავლებლის, განათლების სისტემის, ნებისმიერი უპასუხისმგებლო მოქალაქის, მთლიანად უმწიფარი საზოგადოების. საზოგადოების დიდი წილი სწორედ ოთხმოცდაათიანების პერიოდის თინეიჯერად დარჩა, როგორებიც ჩვენ ვიყავით მაშინ – დაუფიქრებლები, პასუხისმგებლობის ვერამღიარებლები, ცუღლუტები, ცნობისმოყვარეები, პატარა ეგოისტები, რომლებიც ცხოვრებით ტკბობას ვიწყებდით. მაშინდელი ზრდასრული საზოგადოება კი თავისუფლებით ტკბობას შეეცადა ასე, ჩვენსავით უპასუხისმგებლოდ, საკუთარი ქმედებების შედეგების გაუთვალისწინებლად და დაუფიქრებლად. ჰოდა ჩვენც, მაშინ თინეიჯერებმა თავისუფლებანაგემი და დამოუკიდებლობის თანმდევი პასუხისმგებლობების ამრიდებელი მამების შვილებმა მათი ნაკრეფი ტყემალი ვჭამეთ. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ უბრალოდ შემთხვევით გაგვიმართლა ზოგიერთ ჩვენგანს, რომ ჩვენი მშობლები, რომლებიც სხვებივით, დამოუკიდებელი საქართველოს გამოუცდელი მოქალაქეები იყვნენ, უბრალოდ შეშინდნენ. ისე შეშინდნენ, რომ ახალი ვერ გარისკეს და ძველი ყაიდით გაგვზარდეს. იმ წეს-ჩვეულებებით, რომლის მიხედვითაც ბავშვს და ქალს სიგარეტი ხუმრობითაც არ უნდა მოეწია, კაცებს იარაღი საგულდაგულოდ უნდა გადაემალათ, რადგან „ეშმაკი ცარიელ იარაღშიც კი ჩადებდა ერთ ტყვიას“, ბევრი რამ ამ წეს-ჩვეულებებში მახინჯიც იყო, თუმცა ამაზე მაშინ ვინ ფიქრობდა, როცა მთავარი გადარჩენა იყო. მაშინ ბავშვების უსაფრთოებაზე პასუხისმგებლობას არამარტო ოჯახი, არამედ კარის მეზობელი და მთელი სამეზობლოც იღებდა, რადგან იმ საზოგადოებაში, სადაც სადილი საერთო ქვაბში და საერთო ცეცხლით იხარშებოდა, ბავშვებიც და ზოგადად, ყველაფერი რაც ღირებული იყო, რაღაცნაირად საერთო გახდა. ეს უპასუხისმგებლო, დაბნეული და ჯერ კიდევ თავისუფლების ხიბლისგან აწყვეტილი საზოგადოება ისევ იმ საერთო კოცონმა და სადილებმა გამოქვაბულის ადამიანებივით ახლიდან გააერთიანა.
რა ხდება ახლა, რატომ ვხვდებით 21-ე საუკუნეში ისეთ გამოწვევებს, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დაძლეულიყო. რატომ უჩნდებათ მშობლებს სურვილი, რომ პატარას თუნდაც ხუმრობით ჩასჩარონ პირში სიგარეტი, დააჭერინონ ხელში ცეცხლსასროლი თუ ცივი იარაღი, გაასინჯონ ალკოჰოლური სასმელი და ამით გაერთონ, იცინონ, „სახალისო“ ვიდეოები ატვირთონ სოციალურ ქსელებში?
ან რატომ აღარ იქცევიან მეზობლები ისე, როგორც ადრე, როცა ოჯახურ კონფლიქტშიც ერეოდნენ, ძალადობის მსხვერპლ ქალამდე მოძალადე ქმარს არ მიუშვებდნენ, საკუთარ სახლში დააძინებდნენ, მერე გამოფხიზლებულ მუტრუკს კარის მეზობელი კაცი ცოტა გულისმოგებით, ცოტათი შემტევად, თამამად შეაპარებდა საკუთარ აზრს, შვილების წინა დღის განცდებს მოუყვებოდა, ცოტათი ააფორიაქებდა და შეარცხვენდა. ნუთუ იმ ეპოქიდან დღემდე არაფერი შეცვლილა და მართლა გამოქვაბულის ადამიანებივით მხოლოდ ცეცხლი და საერთო უბედურება გვაერთიანებს? ან თუ გვაერთიანებს, რატომ ვერ გახდა მომავალი თაობის, ჩვენი შვილების აღზრდა-განათლების საკითხი საერთო საფიქრალი და საზოგადოებრივი კონსენსუსის წყარო? რატომ თვლის საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომ საკუთარ შვილს ყველა ისე გაზრდის, როგორც მოეპრიანება. ხომ შეიძლება, რომ ბავშვი, რომელიც ოჯახური პრობლემების, ძალადობის, არასათანადო აღზრდისა და მიდგომების გამო, ხვალ მთლიანად საზოგადოების პრობლემა გახდეს – ჯერ დევიანტური ქცევის მოზარდად, ხოლო მოგვიანებით ავ და სასტიკ კრიმინალად იქცეს.
საზოგადოებას კიდევ ერთი შანსი აქვს იმისათვის, რომ თვითონ შექმნას საკუთარი შვილების მომავალი მათი მოფრთხილებით, მათთვის ჯანსაღი ოჯახური თუ სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებით, უმაღლესი პასუხისმგებლობის გამოვლენით და რაც მთავარია, აღიარებით, რომ ბავშვი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია, რომ მისი ინტერესები და უფლებები კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს დაცული, ვიდრე ნებისმიერი ზრდასრულის. ეს ინტერესები კი ზოგჯერ საკუთარი მშობლებისგან დაცვასაც ითვალისწინებს.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართული საზოგადოება საშოვარზე გადაგებული, დროისა და სხვა რესურსების დეფიციტის მქონე ადამიანების ერთობა უფროა, ვიდრე უზრუნველყოფილი მოქალაქეების, სწორედ ახლა, ყველას ერთად შეუძლია შეცვალოს ხვალინდელი დღე, რადგან სხვანაირად გაგრძელება კიდევ ერთი თაობის დაღუპვას და დაკარგვას ნიშნავს. ჩემი და ჩემი კლასელების, ჩემი მეგობრების, მაშინდელი თინეიჯერების, მამების ცოდვების მზიდავი თაობის არჩევანი ასეთია, რადგან სხვა თაობის სხვანაირი არჩევანი არასწორი აღმოჩნდა.