„ეს იმ სკოლაში ხდება, სადაც საერთო ჯამში 65 000 ლარზე მეტი გვაქვს გადახდილი“ – მოსწავლის მშობლის წერილი
EDU.ARIS.GE-ს რუბრიკის „თავისუფალი ტრიბუნა“ დღევანდელი წერილის ავტორი გახლავთ იანა ბიკოვა–ღუღუნიშვილი, მოსწავლის მშობელი, რომელიც საქართველოში არსებულ გერმანულ საერთაშორისო სკოლასთან საკუთარ მძიმე გამოცდილებაზე წერს.
ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ გამოვიყენო EDU.ARIS.GE-ს პლატფორმა და საზოგადოებას ღიად გავუზიარო ის სამწუხარო გამოცდილება, რაც ჩემი შვილის გერმანულ საერთაშორისო სკოლაში სწავლას უკავშირდება.
მოგახსენებთ რომ ამ სკოლაში მიკერძოების, ბულინგის, არაპროფესიონალიზმის, სიცრუისა და ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობის (რომ მეტი არ ვთქვათ) შედეგად ჩემი შვილის განათლების ფუნდამენტური უფლება დაირღვა და ამ უფლების აღდგენისთვის დიდი გზა გვაქვს გასავლელი.
ჩემი მიზანი არაა რაიმე სახის სპეკულაციები, რადგან უკვე მივმართეთ ყველა ლეგალურ გზას, მივმართეთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და იმედი გვაქვს, მათი დახმარებისა და თანადგომის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა მკითხველმა სწორად გაიგოს ამ წერილის დაწერის მიზეზი: მე იმედი მაქვს, რომ ამ წერილს ბევრი მშობელი წაიკითხავს და დაფიქრდება თავის გადაწყვეტილებაზე, სანამ თავისი შვილის ბედს თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლას დაუკავშირებს, სწორად მოიძიებს და გაერკვევა ამ კერძო სკოლის არსში, რომელშიც შვილი შეყავს და არ დაუშვებს ისეთივე შეცდომას, რომელიც ჩვენ დავუშვით აღნიშნული სკოლისადმი ნდობის გამოცხადებით.
ჩვენი თანამშრომლობა გერმანულ სკოლასთან 6 წლის წინ, ჩემი ოჯახის საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო. გადავწყვიტეთ, რომ გვეპოვა სკოლა, სადაც ჩვენი შვილისთვის საუკეთესო განათლება და უსაფრთხო გარემო იქნებოდა უზრუნველყოფილი.
ერთი შეხედვით, გერმანული სკოლა სწორედ, ასეთი ჩანდა: ორმაგი – გერმანიისა და საქართველოს აკრედიტაცია/ავტორიზაცია, ადმინისტრაციის დაპირებები – საუკეთესო გერმანელი და ქართველი პედაგოგები, კარგად გამართული ინფრასტრუქტურა… საბოლოოდ, ყველაფერი ფასადური აღმოჩნდა, რადგან სკოლამ უხეშად დაარღვია ჩემი შვილის განათლების მიღების, თავისუფლების და მშობლის კანონიერი ნდობის პრინციპები!
ქრონოლოგიურად, მოვლენები ასე განვითარდა:
2014 წელს ჩემმა შვილმა სწავლა თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლასთან არსებულ საბავშვო ბაღში დაიწყო. 1 წლის შემდეგ კი, ბაღის დასრულებისას მან წარმატებით ჩააბარა პირველ კლასში მისაღები ტესტები (გასაუბრება, გამოცდები), მაგრამ რადგან საქართველოს ზოგადი განათლების კანონში განსაზღვრულ ასაკობრივ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა (არ იყო 6 წლის), ვერ ჩაირიცხა სკოლაში და სკოლისავე რჩევით, კიდევ ერთი წელი ბაღში უნდა დაგვეყო და გაგვემეორებინა სკოლის მოსამზადებელი წელი.
ასაკობრივი ზღვარი ჩემი შვილის კიდევ ერთ ჯგუფელს შეეხო, ვისაც ბაღში დარჩენა უწევდა, თუმცა სასწავლო წლის დასაწყისში გავიგეთ რომ ის სკოლის პირველ კლასში გადავიდა. შესაბამისად, მივმართეთ სკოლის ადმინისტრაციას კითხვით. სკოლისგან პასუხად მივიღეთ რომ რადგან ბავშვმა წარმატებით გაიარა ყველა ტესტი და მზად იყო სკოლისთვის, და ასევე ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა (საქართველოსა და რუსეთის), სკოლამ შემოგვთავაზა მისი ჩარიცხვა ასაკის წინსწრებით, რუსეთის მოქალაქეობის საფუძველზე, რაზეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდით და სკოლას კანონიერი ნდობა გამოვუცხადეთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, 5 წლის განმავლობაში, ჩემი შვილი წარმატებით სწავლობდა თბილისის საერთაშორისო გერმანულ სკოლაში, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით, ავტორიზებული იყო საქართველოში და სკოლის დამთავრებისას როგორც გერმანული, ასევე საქართველოს ზოგადი განათლების ატესტატის მიღების საშუალებას გვთავაზობდა. აქვე მოგახსენებთ, რომ საქართველოს ზოგადი განათლების ატესტატი მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, არამედ კლასის მოსწავლეთა უმრავლესობისთვის, რადგან კლასში 70% მოსწავლეებისა საქართველოს მოქალაქეა.
სკოლას არაერთხელ დაუდასტურებია ორმაგი (გერმანიის და საქართველოს) აკრედიტაცია/ავტორიზაცია ჩვენთვის, რითაც ყოველთვის ამაყობდნენ – deutscheschule.ge .შესაბამისად, ჩვენი ამ სკოლაში სწავლის ერთ-ერთი მიზეზიც, სწორედ საქართველოში ავტორიზებული პროგრამა იყო.
სამწუხაროდ, სკოლამ ვერ გაამართლა ჩვენი იმედები, კერძოდ, მაგალითად: წლების მანძილზე ვერ მოწესრიგდა როგორც სასწავლო, ასევე ყოფითი ნაწილი, აშკარა იყო მოსწავლეებისადმი შეუსაბამო და დამამცირებელი დამოკიდებულება მასწავლებლების და ადმინისტრაციის მხრიდან, მიუღებელი ლექსიკა, რომელსაც მასწავლებლები იყენებენ სწავლების პროცესში, ბულინგი, მშობლის უფლებების შეზღუდვა, სანიტარიის რისკები (ვერ მოწესრიგდა მოსწავლეების კვება: საკვებთან მუდმივი რიგი, საზიარო ჭურჭელი, წვნიანში მოტივტივე მწერები და ა.შ.) ალბათ, გაჩნდება კითხვა: ვსაუბრობდით თუ არა ამ პრობლემებზე ამ დროის განმავლობაში? რა თქმა უნდა, მაგრამ საუბარი მხოლოდ საუბრად რჩებოდა. სკოლას არასდროს გაუზიარებია მშობლის აზრი და, ალბათ, ამის დასტურია ისიც, რომ მშობელთან ურთიერთობის და მშობლის ჩართულობის ხარისხი სკოლას თავად გერმანელმა მაკონტროლებელმაც უარყოფითად შეუფასა.
მაგალითად, საკითხები მასწავლებელთა კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რომელზედაც არაერთხელ დაუჩივლიათ მშობლებს, შემდეგნაირად პასუხობს სკოლა: – „საქართველოში არ უნდათ ჩამოსვლა გერმანელ მასწავლებლებს, ძალიან ჭირს კარგი კადრის მოძიებაო, ამიტომ წლის ბოლოს გამოვცვლითო“. ჩვენს შვილებს კი წლების მანძილზე უწევთ შეუსაბამო მასწავლებელთან შეგუება და დიდი იმედგაცრუება. არაერთ მშობელს, ვისაც არგუმენტირებულად დაუსაბუთებია პრობლემა, რომ ცდება გაკვეთილები, მასწავლებელი შეუსაბამოა, ბავშვებმა არ იციან გერმანული სათანადოდ, სკოლა პასუხობს: – „არ მოგწონს და წაიყვანე შენი შვილიო“.
2019-2020 სასწავლო წელს ჩემი შვილისადმი უცნაურად გაუარესდა ცალკეულ მასწავლებელთა დამოკიდებულება, რაც მის ნიშნებზე აისახა. შესაბამისად, სკოლის ადმინისტრაციამ და დირექტორმა შემოგვთავაზა აკადემიური წლის გამეორება, თუმცა კლასის დამრიგებელთან საუბარმა დაგვარწმუნა რომ ჩემს შვილს სხვა საგნების ათვისებაში პრობლემა არ აქვს. ამ სკოლის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაგრძელებას ვარჩიეთ ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა. და სწორედ აქ იჩინა თავი, ზემოთ აღნიშნულმა მთავარმა პრობლემამ: აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილი ჩარიცხულია არაავტორიზებულ პროგრამაზე, წლების მანძილზე მიღებული ნიშნები არ შეესაბამება ადგილობრივ კანონმდებლობით განსაზღვრულ სტანდარტს, ბავშვი ვერ ისარგებლებს სასკოლო მობილობით/ვერ გადავა სხვა სკოლაში. როგორც ახლა გაირკვა ადმინისტრაციასთან საუბარში, სკოლამ არ დაარეგისტრირა ჩემი შვილი (და შესაძლებელია ბევრი სხვა ბავშვიც) EMIS-ის რეესტრში, რაც ნიშნავს რომ ჩემი შვილი ოფიციალურად არ ირიცხება ავტორიზებულ პროგრამაზე და შესაბამისად მიღებული განათლება და შეფასებები არ არის აღიარებული. სკოლასთან საუბრისას გაირკვა, რომ ხუთი წელია ჩემი შვილის განათლების უფლებასა და თავისუფლებას თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა უხეშად არღვევს და განათლებას არაავტორიზებული პროგრამით აწვდის.
და ეს იმ სკოლაში ხდება, სადაც საერთო ჯამში 65.000 ლარზე მეტი გვაქვს გადახდილი. ხოლო როდესაც კითხვას ვუსვამთ სკოლას – „როგორ შეიძლება რომ გყავდეთ მოსწავლე, რომელიც არ არის ასახული საშემოსავლო დოკუმენტებში 5 წლის მანძილზე, ხოლო ჩვენ თანხას ყოველწლიურად ვრიცხავთ – პასუხად ვიღებთ, რომ ეს სკოლის მცირე შეცდომაა.
დღეს, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს ჰქონდეს “ნაქები’’ გერმანული სკოლის საუკეთესო განათლება, ფართო შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები, ისიც კი არ ვიცით, როგორ გაგრძელდება მისი სასწავლო პროცესი, მას ახლა კომპეტენციის დამადასტურებელი არაერთი დამატებითი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რაც ცხადია, სტრეს-ფაქტორებთანაა დაკავშირებული, აღარაფერს ვამბობთ თვითშეფასების დაქვეითების თუ სხვა პრობლემური თანხმლები ფაქტორების შესახებ.
ჩვენ მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სკოლის ადმინისტრაციას და იმედი გვაქვს, რომ სკოლის მიერ ჩადენილ ქმედებას შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გამოიძიებენ, რათა არა მხოლოდ ჩემი შვილის განათლების ფუნდამენტური უფლება, არამედ ამ სკოლის სხვა მრავალი მოსწავლის უფლებები იქნას დაცული.
იმის იმედიც მაქვს, რომ, ჩემგან განსხვავებით, სხვა მშობლები თავისი შვილებისთვის ისეთ სკოლას მოიძიებენ, რომელიც მშობელს არ დაზარდება ბავშვის სწავლის, ქცევითი და ემოციური განვითარების, ზოგადი პროგრესისა თუ უკუსვლის შესახებ დროულად გასცეს პასუხი, ჰქონდეს ღია და გამართული კომუნიკაცია მშობელთან. ჩემი გამოცდილებით და შეფასებით – გერმანული საერთაშორისო სკოლა ნამდვილად არ გახლავთ ასეთ სკოლათა რიგში.
- „ამ ბოლო გაბრძოლების შემდეგ დავტოვე სკოლა და ქვეყანა“ – კიდევ ერთი მასწავლებლის ისტორია by თავისუფალი ტრიბუნა
- „…სასწავლო პროცესი კარს მომდგარია და დამსაქმებელმა ფაქტობრივად უმუშევარი დამტოვა“ – რა დეტალებს იხსენებს სკოლიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა პედაგოგი by თავისუფალი ტრიბუნა
- „და ჩემი ჯერიც მოვიდა…“ – მასწავლებლი სკოლიდან გათავისუფლების საკუთარ ისტორიას ყვება by თავისუფალი ტრიბუნა