„ეს კონფერენცია ჩვენი სიამაყეა“ – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია მეთორმეტედ გაიმართა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“ ჩატარდა, რომელიც უნივერსიტეტის ორგანიზებით უკვე 12 წელია იმართება და რომელმაც წელს უპრეცედენტო მასშტაბი და ხასიათი მიიღო.
უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ წლიდან წლამდე მისი ხარისხიცა და შედეგებიც იზრდება. წელს კი რეკორდული რაოდენობის – 400-მდე განაცხადი შევიდა და მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ საკმაოდ მკაცრი სტანდარტები დააწესა, 260 მათგანი შეირჩა.
მომხსენებლები როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 15 სექციასა და ქვესექციაში არიან გადანაწილებულნი. რაც შეეხება თემატიკას, ჩამონათვალი ასე გამოიყურება: საერთაშორისო ურთიერთობები; ჟურნალისტიკა; მედიცინა; ბიზნესი და ტექნოლოგიები; სამართალი და მევენახეობა-მეღვინეობა. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე დამკვიდრებული ტრადიციით სპეციალური სექცია ეთმობა მოსწავლეებს, რომლებიც მოხსენებებს მომავალ სტუდენტთა სექციაში წარადგენენ.
კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამა გახსნა. იგი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ სტუდენტს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სტუდენტებში სამეცნიერო აქტივობების ხელშეწყობა უნივერსიტეტის ნომერი პირველი ამოცანაა და აღნიშნული კონფერენციაც სწორედ ამის დასტურია.
როგორც რექტორმა EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, კონფერენცია არაა ერთადერთი, რითიც ისინი სტუდენტებში სამეცნიერო საქმიანობის წახალისებას ცდილობენ. უნივერსიტეტს გამოცხადებული აქვს შიდა გრანტები, რომლის მოპოვებაც პროფესორებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუკი თავიანთ სამეცნიერო და კვლევით სამუშაოებში სტუდენტებს ჩართავენ. ეს ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. უნივერსიტეტი აფინანსებს ისეთ სტუდენტებსაც, რომელთაც საზღვარგარეთ სურთ განაცხადის გაგზავნა და კვლევით აქტივობაში მონაწილეობის მიღება.
„ეს კონფერენცია ჩვენი სიამაყეა და ვერ წარმოიდგენთ როგორი პროგრესი განიცადა ამ 12 წლის განმავლობაში: ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ ადამიანს, უფრო მეტი ენთუზიაზმით სურს მასში ჩართვა და წარმოუდგენლად გაიზარდა ნამუშევრების ხარისხიც. საორგანიზაციო კომიტეტს სერიოზული სამუშაოს გაწევა მოუხდა მათში საუკეთესოების შესარჩევად. თავად ხედავთ რამდენი ხალხია მოსული, ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, რომ დარბაზი გადავსებულია და ხალხი გარეთაც კი დგას. ეს კონფერენცია უკვე უნივერსიტეტის ერთ – ერთი სამარკო ნიშანია და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა კახაბერ კორძაიამ.
აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით აგრეთვე მიმართეს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მარინა გედევანიშვილმა, კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე სესილი გოგიბერიძემ და კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ნინო მინდიაშვილმა, რომელმაც თავის გამოსვლაში მეცნიერების განვითარებაში მსგავსი ღონისძიებების როლს გაუსვა ხაზი.
მისი თქმით, კონფერენცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ახალგაზრდები ბაკალავრიატის საფეხურიდანვე სამეცნიერო საქმიანობაში ერთვებიან. სწავლობენ ხელმძღვანელთან ურთიერთობას, კომუნიკაციას, სტრატეგიასა და სამეცნიერო კვლევების ფორმატს.
უნივერსიტეტის პრიორიტეტია სამეცნიერო საქმიანობის განვითარება არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო მასშტაბით, ამიტომ, გაწეული ძალისხმევა ამ პროცესების სრულყოფისათვისაც შედეგიანია.
„თითქმის არ დარჩენილა ქართული უნივერსიტეტი, რომელიც კონფერენციაში არ მონაწილეობს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ა.შ. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ეს ტრადიციულად ასეა. მათ შორის არიან უცხოელი მონაწილეებიც, განსაკუთრებით სამედიცინო და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებებიდან.
„ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები ყოველთვის უსვამენ ხაზს კონფერენციის მაღალ დონეს. დიდი ცოდნა მიაქვთ აქედან. არიან ისეთებიც, რომლებიც მონაწილეობას უკვე მეორედ და მესამედ იღებენ“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ნინო მინდიაშვილმა.
სექციებში მუშაობა მთელ დღეს გაგრძელდა, რის შემდეგაც ახალგაზრდებს კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.
- CIU-ს წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმზე – „ინოვაციების სამიტი – ინოვაციების გაძლიერება გლობალური მასშტაბით“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- მოსწავლეების ვიზიტი CIU-ში პროექტის – „მედიაწიგნიერება და მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაში“ – ფარგლებში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „დაიცავი ჩემი უფლებები!” – CIU-ში შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი