რატომ „არა“ უმაღლესი განათლების რეფორმას? – სიმონ ჯანაშიას მოსაზრება
ირაკლი კობახიძე, 16 ოქტომბერი: „სრულად უნდა გადაისინჯოს უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემა. უნდა გაუქმდეს დაფინანსების არსებული, საგრანტო წესი და ის სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებულმა მოდელმა უნდა ჩაანაცვლოს. აღნიშნული მოდელის ფარგლებში, განისაზღვრება სახელმწიფო დაკვეთა თითოეული უნივერსიტეტისთვის სახელმწიფო ამოცანებიდან გამომდინარე. ამასთან, სახსრების განაწილებისას, სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული თითოეულ სპეციალობაზე სტუდენტისთვის განათლების მიწოდების საშუალო ხარჯი“.
„ეს რეფორმა უნივერსიტეტებს ფინანსურ ავტონომიას ართმევს“, – ასე აფასებს განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას 16 ოქტომბერს წარუდგინა.
EDU.ARIS.GE-სთან სიმონ ჯანაშიამ 20 ოქტომბერს, განათლების სამინისტროსთან გამართული აქციის პარალელურად ისაუბრა, რომელსაც ის შეუერთდა დევიზით „არა უმაღლესი განათლების რეფორმას!“.
დარგის სპეციალისტს ვკითხეთ: რატომ „არა“ უმაღლესი განათლების რეფორმას?
სიმონ ჯანაშიამ, კითხვის პასუხად, ყურადღება იმ საფრთხეებზე გაამახვილა, რომლებიც მისი აზრით, აღნიშნული კონცეფციის დანერგვის შემთხვევაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სტუდენტებს დაემუქრებათ.
სიმონ ჯანაშიას განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი საფრთხეა – პრინციპი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“:
„განათლება გულისხმობს იმას, რომ პროფესორებს, სტუდენტებს და მათ ერთობლიობას – უნივერსიტეტებს, საკუთარი ბედის გადაწყვეტის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ეს რეფორმა ართმევს მათ ავტონომიურობას არა მხოლოდ იმის გადაწყვეტაში, რას, როგორ ასწავლიან და ა.შ. არამედ ფინანსურ ავტონომიასაც ართმევს. ამიტომ, ისინი კონკრეტული პარტიის წყალობაზე სულ უფრო მეტად დამოკიდებული იქნებიან. ეს იქნება სერიოზული საფრთხე, რომ სწავლა, სწავლება, კვლევა კვლავ პარტიის ინტერესებს დაუქვემდებარონ. ამის გარდა, პრობლემაა, რომ რასაც გვთავაზობენ ამ რეფორმით, ეს უნივერსიტეტების ნაკლებ განვითარებას გულისხმობს და აი, როგორ: თუ ქალაქში იქნება მხოლოდ ერთი ფაკულტეტი, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებებს ასწავლის, მაშინ სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის აღარ მოხდება გაცვლა სწავლების ინოვაციური მეთოდების; იგივე მიმართულებაზე სხვა უნივერსიტეტებში აღარ იქნებიან პროფესორები, რომლებიც საკუთარი პროგრამის დახვეწაში დაგვეხმარებოდნენ. პრობლემაა ასევე, რომ სტუდენტს ერთმევა შესაძლებლობა, გადავიდეს ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფო დაფინანსება აღარ იქნება და მათ საკუთარი ჯიბიდან გადახდა მოუწევთ“.
განათლების სპეციალისტი მიიჩნევს, რომ პრობლემაა 3+1 სისტემაც, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც, განათლების ნორმალური ხარისხის მიღწევა კიდევ უფრო გართულდება.
„თუ ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, უნივერსიტეტებს დაფინანსებას ¼ უცებ მოაკლდებათ. რეალურად, ახლა შემოსავალი სტუდენტების დაფინანსებიდან მოდის. მაშინ, სახელმწიფომ უნდა დაიწყოს კერძო შემოსავლების დაკომპენსირება ბიუჯეტიდან და ეს ფული არ აქვს, რაც არ უნდა შენობები გაყიდოს. მეორე პრობლემაა ის, რომ 11-წლიანი სწავლების საფუძველზე და 1 წლით ნაკლები ბაკალავრიატის პირობებში, ნორმალური ხარისხის მიღწევა კიდევ უფრო რთული იქნება. ბაკალავრიატის შედეგები იქნება ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე უბრალოდ ერთი წელი რომ მოეკლოთ. სკოლასაც დააკლდება ერთი წელი და უფრო მოუმზადებელი ხალხი მოვა. 3-წლიანი პროგრამა გულისხმობს იმას, რომ უნივერსიტეტები – რადგან სპეციალობის საგნების შესასწავლად ცოტა დრო ექნებათ – დიდი ალბათობით, უარს იტყვიან პირველი წლის ზოგად პროგრამებზე, რომლებიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდას, კარგად დაფიქრდეს, თუ რა სპეციალობით სურს განვითარება. გამოდის, რომ ადამიანს 17 წლის ასაკში მოუწევს საკუთარი მომავალი პროფესიის შერჩევა და რაც უფრო ადრე ხდება ეს, მით უფრო დიდია შანსი, სტუდენტი სწავლის შუა გზაზე მიხვდეს, რომ ეს ის მიმართულება არ იყო, რის არჩევაც უნდოდა“, – გვიხსნის სიმონ ჯანაშია.
ჩვენი რესპონდენტი მოელის, რომ 3+1 სისტემა გაცვლითი პროგრამებისთვისაც პრობლემური იქნება და აი, რატომ:
„ევროპულ სახელმწიფოებში მოთხოვნა არის 12 წელი და ზოგან 13 წელიც სასწავლებლად. მე რომ წავსულიყავი თავის დროზე გერმანიაში, მომიწია ორი წელი სწავლა ჯერ უნივერსიტეტში და მერე მქონდა უფლება, რომ გერმანიაში პირველ კურსზე დავმჯდარიყავი. ახალი კონცეფციით, 11-წლიანი სასკოლო განათლებით, ახალგაზრდა უცხოეთში სასწავლებლად პირველივე კურსიდან ვერ წავა. მას ან ერთი ან ორი წლის დამატება მოუწევს. გერმანიაში დღესაც რომ არიან ქართველი ახალგაზრდები – თუ მათ საერთაშორისო დიპლომი არ აქვთ, უწევთ ერთი წლის დამატება მოსამზადებელ კოლეჯში. რეფორმის შემთხვევაში, ორი წლის დამატება მოუწევთ. ან ახალგაზრდამ ჯერ აქ უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტში, მეორე კურსი დახუროს და მესამე კურსიდან გადავიდეს სხვა ქვეყნის უნივერსიტეტის პირველ კურსზე – ანუ რეალურად, სწავლა თავიდან უნდა დაიწყოს. ასეთი ბარიერის შემოსაღებად უბრალოდ არგუმენტიც ვერ თქვეს – რატომ უნდა შემოიღონ. ერთადერთი რაც მოვისმინეთ, იყო თავის მართლება – რა მოხდა, ვისაც უნდა, გადაიხადოს მეტი ფული“.
სიმონ ჯანაშიას თქმით, კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, მთავრობა, ბაზრის კვლევის საფუძველზე გადაწყვეტს, რომელი მიმართულებები უნდა იყოს უნივერსიტეტებში, გულისხმობს ისეთი მიმართულებების უგულებელყოფას, რომლებსაც პირდაპირი დასაქმების ბაზარი არ აქვს:
„ძველი აღმოსავლეთის ისტორიის უზარმაზარი სკოლა გვაქვს. გვაქვს შესაძლებლობები, რომ მკვდარი ენები შევისწავლოთ. ამის შემსწავლელი ადამიანები დასაქმების ბაზარზე მორგებულები არ არიან. ისინი ავითარებენ ფუნდამენტურ ცოდნას, რაც მნიშვნელოვანია, რომ ერი კულტურული ცხოვრებით ცხოვრობდეს. დასაქმების ბაზარი უნდა შექმნას სახელმწიფომ სპეციალურად იმისთვის, რომ მაგალითად, საქართველოს ისტორია, კულტურა, კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებები, არა მხოლოდ დღევანდელობის პრაგმატული პერსპექტივიდან, არამედ ისტორიული პერსპექტივიდანაც, განვითარდეს“.
სპეციალისტის მოსაზრებით, ის ტექნიკური გადაწყვეტები, რომლებსაც მთავრობა რეფორმირებისთვის აუცილებლად მიიჩნევს, კორუფციულია და ამასთან ერთად, თბილისში კულტურული და საგანმანათლებლო ცხოვრების გაქრობას გამოიწვევს.
„მაგალითად, თუ თბილისში გაყიდიან შენობებს და ამ შენობებისგან მიღებული შემოსავლებით რუსთავსა და ქუთაისში ახალ საუნივერსიტეტო კამპუსებს ააშენებენ, თავისთავად ძალიან პრობლემურია. ეს, გარდა იმისა, რომ კორუფციულია, რადგან საბოლოო ჯამში, დეველოპერები პარტიის შემომწირველები იქნებიან და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის გაყიდვა პარტიის ფინანსებს მოხმარდება, პრობლემურია იმიტომაც, რომ თუ დედაქალაქის ცენტრში ახლა ცხოვრება ორგანიზებულია კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებების ირგვლივ, ეს ცხოვრება უნდა გაქრეს. უნდა დავსვათ კითხვა – რა სარგებელს მოუტანს ეს საზოგადოებას, დედაქალაქს, საქართველოს?
ეს მცდელობები „ქართული ოცნების“ გამოგონება არ არის. თავის დროზე იგივე გააკეთეს საბჭოთა კავშირმა და კომუნისტურმა ჩინეთმა. კომუნისტური ჩინეთი 50-იან წლებში აკეთებდა იმას, რასაც ესენი გვთავაზობენ. თუ დავაკვირდებით, რა დაემართა ჩინეთს, პასუხი მარტივია – ჩინეთში ამის შემდეგ ხელისუფლებაში ერთი და იგივე პარტიაა“, – უთხრა სიმონ ჯანაშიამ EDU.ARIS.GE-ს.
ასევე იხილეთ:
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება