GE

„არსებული დაფინანსების მოდელი ზოგიერთ უნივერსიტეტს მანკიერებისკენ უბიძგებს“ – განათლების მინისტრის მოადგილე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი აცხადებს, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია, რომელშიც მთავრობის ხედვით, დღეს არსებულ შვიდ მთავარ გამოწვევასა და მათი გადაჭრის გზებზეა საუბარი, მარტივ ლოგიკას ემყარება.

განათლების მინისტრის მოადგილეს მაგალითად მოჰყავს კონცეფციაში ხსენებული დაფინანსების მოდელი და ამბობს, რომ აღნიშნული მოდელი არ არის ეფექტური და ზოგიერთ უნივერსიტეტს მანკიერებისკენ უბიძგებს.

„კონცეფციის 7 პუნქტიდან ერთ-ერთი არის დაფინანსების მოდელი, ასევე ხარისხის თანასწორობა. ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთა. წარმოგიდგენიათ?! ჩვენთან დღეს სტუდენტების 85% დედაქალაქში სწავლობს, რადგან ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი არ არის. დაფინანსების მოდელზე ამდენი ხანია მიდის საუბარი, რომ პრობლემურია, არ არის ეფექტური, უბიძგებს მანკიერებისკენ ზოგიერთ უნივერსიტეტს, რადგან მათი ინტერესია, რაც უფრო მეტი სტუდენტი ეყოლებათ, მით უფრო „მომგებიანია“ ეს მათთვის. ერთი სიტყვით, კონცეფცია, ბევრი მანკიერების, რაც არის დამკვიდრებული, აღმოფხვრის გზებს გვთავაზობს“, – აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე.

უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია – დოკუმენტი

ბაია კვიციანის თქმით, რეალური პრობლემებიდან გამომდინარეობს უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაციაც და თუ საზოგადოებას გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების [რასაც კონცეფცია გვთავაზობს] მიმართ, მეტი მიმღებლობა ექნება, პროგრესი მით უფრო მალე იქნება.

„კონცეფციაში პირველად გამოწვევად დასახელებულია განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია. ეს ხომ ყველას ეხება და რამდენიმე წელია ვიცით, რომ ასეა, თუმცა გადაჭრის გზებზე არავინ საუბრობდა. ჭარბი კონცენტრაცია არა მხოლოდ განათლების სისტემის პრობლემას წარმოადგენს, არამედ შიდა მიგრაციასაც იწვევს. შემდეგ დგება სტუდენტებისთვის რიგი საკითხები – ბინის ქირა, ზოგი ნათესავებთან რჩება და ბევრი პრობლემაა. ამიტომ, რადგან ეს პრობლემა იდენტიფიცირდა, შემდგომ უკვე დაისახა ამოცანები, რომელთა საშუალებითაც, ეს პრობლემები უნდა აღმოიფხვრას. კონცეფცია ძალიან მარტივ ლოგიკას ემყარება – უტყუარია, არსებული პრობლემებიდან გამომდინარეა. ის ამოცანები, რაც დაისახა კონცეფციამ, სრულად შესაბამისობაშია იმ რეალობასთან, რაც დღეს გაგვაჩნია. თუ ჩვენ უფრო გახსნილები ვიქნებით, უფრო დავინახავთ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებს, უფრო მიმღებლობა გვექნება ამ გადაჭრის გზების მიმართ, მგონია, რომ პროგრესიც მალე იქნება“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას, 20 ოქტომბერს.

ასევე იხილეთ:

რატომ „არა“ უმაღლესი განათლების რეფორმას? – სიმონ ჯანაშიას მოსაზრება

„სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10 ათასი ლარი, რასაც უნდა დაემატოს ჰონორარები“

ცნობილია, ვის შეეხება 3+1 სისტემა უნივერსიტეტში და როდიდან იგეგმება მისი ამოქმედება – განათლების მინისტრის განმარტება

რას ნიშნავს პრინციპი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ და დარჩებიან თუ არა პროფესორ-მასწავლებლები უსამსახუროდ?

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური