„ეს კონკურსი იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც სკოლებს დაეხმარება შეადგინონ სწორი სტრატეგია“
2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს სკოლის საუკეთესო დირექტორი უნდა გამოვლინდეს, კონკურსი უკვე დაწყებულია და აპლიკანტებს განაცხადის შევსების ვადა 16 იანვრის ჩათვლით აქვთ.
სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს განათლების კოალიცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის გენერალური სპონსორი „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია”. მხარდამჭერები კი – „თიბისი“, ტელეკომპანია „იმედი“, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media” არიან. კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის.
კონკურსანტთა შერჩევის სამ ეტაპიან პროცესს 17 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო წარმართავს. საბჭოში შედიან განათლებისა და მართვის სპეციალისტები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები. კონკურსის მიმდინარეობის შესახებ EDU.ARIS.GE საბჭოს ერთ-ერთ წევრ ქოუჩინგის ლაბორატორიის დამფუძნებელ ირინე ჭოჭუას ესაუბრა.
-სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, არის თუ არა აქტიურობა და დაინტერესება სკოლების მხრიდან?
-დაინტერესება ბუნებრივია არის, რადგან ასეთი ტიპის კონკურსი საქართველოში პირველად ტარდება და ეს არის შესაძლებლობა, რომ სკოლებმა თავიანთი თავი და თავიანთი საგანმანათლებლო მიმართულება წარმოაჩინონ. თავად კონკურსი რასაც ემსახურება, ეს არის ლიდერობის დანერგვა და განვითარება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი რასაც ჩვენ განვიხილავთ , სკოლა მიმართულებას ნერგავს იმისთვის, რომ ლიდერობა განავითაროს, აქედან გამომდინარე, დაინტერესება არის.
-კონკურსის ფარგლებში რა ეტაპებს გადიან კონკურსანტები და შერჩევის საბჭო როგორაა ამ ყველაფერში ჩართული?
-ჩვენთან შემოდის განაცხადები და ჟიურის წევრები ვარჩევთ სხვადასხვა კომპონენტების მიხედვით, არის გარკვეული კრიტერიუმები რის მიხედვითაც ვარჩევთ კანდიდატებს, რომლებიც მას ყველაზე მეტად აკმაყოფილებენ. აქ მოიაზრება უშუალოდ ადგილზე ჩასვლა, გაცნობა, თვითონ პროგრამაში უფრო მეტი ჩართვა და ა.შ. ამჟამად განცხადებების მიღების ეტაპზე ვართ.
-განაცხადების ტექნიკური გადარჩევის შემდეგ, როგორი იქნება სხვა ეტაპები?
-შემდეგი ეტაპი იქნება საბჭოს მიერ აპლიკაციების შეფასება. მეორე ეტაპზე გადასული განაცხადები გაივლიან შინაარსობრივ შეფასებას საბჭოს წევრების მიერ. აპლიკაციები ფასდება ხუთქულიანი სისტემით თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებით. შემდეგ ეტაპზე წარიმართება სამუშაო სემინარი და გასაუბრება. უმაღლესი ქულების მქონე ფინალისტები დაესწრებიან 2 დღიან სამუშაო სემინარს, სადაც საერთაშორისო ექსპერტის დახმარებით მოამზადებენ სკოლის განვითარების მოკლევადიან გეგმას. სემინარის მსვლელობისას საერთაშორისო ექსპერტი დააკვირდება აპლიკანტებს და საბჭოს თითოეულ აპლიკანტზე მოკლე შეფასებას წარუდგენს. ასევე გაიმართება ყველა ფინალისტი აპლიკანტის ინდივიდუალური გასაუბრება საბჭოს წევრებთან. შემდეგი ეტაპი გახლავთ ადგილზე ვიზიტები. საბჭოს წევრებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი განახორციელებს ვიზიტს ფინალისტ სკოლებში, რომ ადგილზე გავეცნოთ დირექტორის საქმიანობის შედეგებს და მივიღოთ უკუკავშირი სასკოლო საზოგადოების მხრიდან. საბოლოოდ კი გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ჩვენ კონსენსუსის წესით გამოვავლენთ 3 ფინალისტ სკოლას და მათ შორის გამარჯვებულს. ასევე ვიმსჯელებთ ფინალისტებისთვის გამოყოფილი ერთიანი ფონდის განაწილების საკითხზე. გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება სპეციალურ ღონისძიებაზე, სადაც განათლების სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლები იქნებიან მოწვეულები.
-კარგი სკოლის სახელი ხშირად დაკავშირებულია სკოლის კარგ ლიდერთან, რამდენად ეთანხმებით ამ გამოთქმას?
-კარგი სკოლის მნიშვნელოვანი დანიშნულებაა, გარდა სწავლებისა ხელი შეუწყოს მოსწავლეს და განუვითაროს პიროვნული და ლიდერული უნარები. 21-ე საუკუნეში უკვე გარემოება მოითხოვს იმას, რომ ადამიანს უფრო.მეტად ჰქონდეს განვითარებული ეს ლიდერული უნარები: კომუნიკაცია, მართვა თვითშემეცნება, დროის მართვა, დაგეგმვა, უფრო მეტად ისეთი პიროვნული თვისებები, რომლებიც ადამიანს ეხმარება წარმატების მიღწევაში. ამ შემთხვევაში სკოლები, რომლებიც ორიენტირებულია ამ მიმართულებით მოსწავლის განვითარებაზე, გეგმავს და ახორციელებს იმ პროექტებს, რომლებიც მოსწავლეს ეხმარება არამარტო საგნის ათვისებაში, არამედ მოტივაციის ამაღლებაში და პიროვნული უნარების განვითარებაში, ამ შემთხვევაში ეს არის მნიშვნელოვანი. კონკურსის მიზანიც ის არის, რომ სწორედ ასეთი სკოლები და ასეთი ლიდერები გამოვავლინოთ.
-მთავარი მოტივი რა იყო, რის გამოც სკოლის ლიდერის შესარჩევი საბჭოს წევრობას დათანხმდით?
-ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მე ვმუშაობ ისეთ თემაზე, როგორიცაა ქოუჩინგი განათლებაში. ქოუჩინგი განათლებაში მოსწავლეს ეხმარება სწორედ ამ საკუთარ რესურსებთან მუშაობაში, საკუთარ მოტივაციებთან მუშაობაში. იმაში რომ სკოლის მოსწავლე სკოლაშივე ჩამოყალიბდეს თავის ღირებულებებში თვითგამორკვევა ჰქონდეს, გააცნობიეროს ის პროცესები რაშიც იღებს მონაწილეობას და უფრო მეტად მომზადებულმა და განვითარებულმა განაგრძოს სწავლა-საქმიანობა. სწორედ ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კომპონენტი, რას აკეთებენ სკოლები იმისათვის, რომ მოსწავლეს ხელი შეუწყონ პიროვნული და პროფესიული უნარების ჩამოყალიბებაში. დღეს უკვე გაცილებით მნიშვნელოვანია მაგალითად ემოციური ინტელექტი, ვიდრე IQ იმიტომ, რომ ემოციური ინტელექტი არის ერთ ერთი ის ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ადამიანის წარმატებას, თუ როგორ მართავს საკუთარ თავს და როგორი არის სოციალიზაციაში. შესაბამისად, პირადად სკოლებს ვუყურებ უფრო ამ კომპონენტიდან გამომდინარე, რადგან ლიდერობა ფართო ცნებაა ზოგადად ძალიან ბევრი თვისება, ძალიან ბევრი კრიტერიუმი და უნარი შეგვიძლია შევიყვანოთ ამ ლიდერობაში. სწორედ ამ მიმართულებით ვეცდები წავიდე, როგორც ჟიურის წევრი ამ ეტაპზე.
-ამ ეტაპზე შემოსული განცხადებებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკურსანტები კრიტერიუმების დიდ ნაწილს აკმაყოფილებენ?
-გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპზე ჩვენი მუშაობა კონფიდენციალურია, ამ ნაწილს ვერ ვუპასუხებ, თუმცა საბჭოს მუშაობის შემდეგ უფრო ნათელი გახდება სურათი. ჯამში 17 ადამიანი ვმუშაობთ. პირადად აქცენტს გავაკეთებდი უფრო იმაზე, რომ განათლების ფორმები საჭიროებს გარკვეულწილად ცვლილებას, გადახედვას და უფრო მეტად მორგებას საჭიროებებზე, რომელსაც უკვე ადგენს 21-ე საუკუნე. თუნდაც ის, რომ ჩნდება ახალი პროფესიები, ჩნდება ახალი მიმართულებები და საინტერესოა რამდენად უწყობს ფეხს ჩვენი განათლების სისტემა ამ თანამედროვე მოთხოვნებს. უფრო ალბათ ამაზე გავაკეთებ აქცენტს და აქედან გამომდინარე, ეს კონკურსი იქნება ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც სკოლებს დაეხმარება შეადგინონ სწორი სტრატეგია ან დაფიქრდნენ სხვადასხვა მიმართულებებზე და სხვადასხვა სტრატეგიებზე და ეს იქნება ერთ ერთი კარგი მაგალითი სხვა სკოლებისთვის.
- „ბევრ ფიქრს, ბედნიერებას, სიხარულსა და სიამაყეს იტევს ეს ემოცია” – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი 4 ოქტომბრის მოლოდინში by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- ირინა ხანთაძე: „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტების პრეზენტაციებმა დაგვარწმუნა, რომ ამ პრემიის დაწესება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“ by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”